''როდესაც 40 წლის ქალბატონი ისევ პრინცს ელოდება, ცოდოა...''

''როდესაც 40 წლის ქალბატონი ისევ პრინცს ელოდება, ცოდოა...''

მსახიობ მარინა კახიანს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე სასაუბროდ რუსთაველის თეატრში ვეწვიეთ, თუმცა რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრემიერაზეც ვკითხეთ, რომლითაც ამავე თეატრმა სეზონი გახსნა. ''უკვე ძალიან მიყვარს სპექტაკლი ''ასულნი'', ჩემი როლი. რეპეტიციების პერიოდი ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება, ბატონი რობიკოსი, ყველა მსახიობისა და სპექტაკლზე მომუშავე ადამიანის მადლობელი ვარ, დანარჩენი კი მაყურებლის გადასაწყვეტია'', - აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა.

- არა მხოლოდ ქართველებს, ზოგადად, ძველ ერებს აქვთ გარკვეული ტრადიციები, რომლებიც დღესაც მოსაწონი და მნიშვნელოვანია ადამიანისა და ერის არსის წარმოსაჩენად. ისევე როგორც სხვაგან, ჩვენთანაც არსებობს ტრადიციები, რომლებსაც მოძველებულად მივიჩნევ. ადამიანი საუკუნეების განმავლობაში ევოლუციას განიცდის, იცვლება ყველაფერი და ზოგიერთი ტრადიციაც დავიწყებას უნდა მიეცეს, მაგრამ ის, რაც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ძვირფასია, გახლავთ გარკვეული პატივისცემა უფროსისადმი, გარკვეული – ამას იმიტომ ვამბობ, რომ თვალდახუჭულად გვჯეროდეს უფროსის და ჩვენი აზრი არ გაგვაჩნდეს, ამის მომხრე არ ვარ, მაგრამ პატივისცემა და ხანდახან უფროსის აზრისთვის ანგარიშის გაწევა საჭიროა. მომწონს და მისაღებია ის ნათესაური კავშირები, რაც მყარადაა დამკვიდრებული საქართველოში. ეს ევროპელებს აღაფრთოვანებთ, ამერიკაში დღესაც ცდილობენ, დაიბრუნონ ის ნათესაური კავშირები, რაც გაწყვეტილი აქვთ, ჩვენთან კი არსებობს. ჯერჯერობით ეს ჯაჭვები არ არის გაწყვეტილი და არც მინდა, რომ გაწყდეს, რადგან ეს ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გვაქვს ქართული სუფრის ტრადიცია, რომელსაც თავისი სილამაზე ახლავს, ოღონდ ეს არ უნდა გადავი-დეს ღრეობაში, თამადის არსებობაშიც არის თავისი სილამაზე. სხვათა შორის, ჩემი თაობა ცდილობდა, დაენერგა ეს ინსტიტუტი, სულ ახლახან კი ვიყავი ქორწილში, სადაც ეცადნენ, უარი ეთქვათ თამადაზე, არ აერჩიათ და ისე წარმართულიყო სუფრა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თამადა უნდა შეირჩეს მისი ღირსებების, განათლების, ცოდნის მიხედვით. მე ვეთანხმები ამ ტრადიციას, ოღონდ ჩარჩოებში.

- რომელ ტრადიციას მიიჩნევთ დრომოჭმულად?

- არ ვიცი, კონკრეტულად არ მახსენდება, მაგრამ იქნება ასეთი...

- თუნდაც, გარიგება?..

- კი, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ბევრი ქალბატონი გარიგებით თხოვდება, ალბათ, აქაც ურევია განგების ხელი. ქალი და მამაკაცი ერთიმეორეს თუ არ გააცნეს, ქუჩაში ხომ ვერ გაიცნობენ? ეს ქართული რეალობისთვის ცოტა უცხოა, ამიტომ გარიგება ხანდახან ამართლებს კიდეც.

- ხშირად ვართ პომპეზური ქორწილის მომსწრენი, ეს მისაღებია?

- ეს მხოლოდ ქართველებს არ ახასიათებს, ადამიანებს მეტ-ნაკლებად უყვართ დღესასწაულების თეატრალიზება. პირადად მე ქორწილი არ გადამიხდია, იმ პერიოდში ქორწილები მოდაში არ იყო და თეთრი კაბაც არ მცმია, უხეშად რომ ვთქვა, იმ დროს ''გოიმობად'' მიიჩნეოდა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, ალბათ, ეს არ იყო სწორი, გული მწყდება, რომ 30 წლის წინ ქორწილი არ გადავიხადე.

- ქორწილის დანაკლისი შვილის შემთხვევაში მაინც აინაზღაურეთ?

- გარკვეულწილად. ძალიან კარგად მახსენდება ის დღე, კარგი დრო გაატარეს ვათამ და მისი მეუღლის მეგობრებმა, ასევე ჩემმა მეგობრებმაც.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება