გოგი ხოშტარია - მხატვრობაზე მანანა ბერიკაშვილს რა უნდა ველაპარაკო

გოგი ხოშტარია - მხატვრობაზე მანანა ბერიკაშვილს რა უნდა ველაპარაკო

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია სამხატვრო აკადემიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. როგორც გოგი ხოშტარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აკადემიაში პროგრამული პრობლემებია. მისივე თქმით, სწავლების მეთოდოლოგია საბჭოთა პერიოდისაა, დასავლეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება და პროგრამას მსოფლიოში წამყვან აკადემიებთან არაფერი საერთო არ აქვს.

ხოშტარიას განცხადებით, სამხატვრო აკადემია ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა უნდა იყოს. ხელოვნებათმცოდნის შეფასებით, აკადემიას კარგა ხანია სტაგნაციის ნიშნები დაეტყო. გოგი ხოშტარია 14 ოქტომბერს დაგეგმილ რექტორის არჩევნებს ეხმაურება, სადაც ორი კანდიდატი - გია გუგუშვილი და ნანა იაშვილი მონაწილეობს.

"არ ვიღებდი ხმას, მაგრამ ჩემი მოთმინების ფიალა აივსო, როცა გავიგე ჩატარებული კონკურსის შესახებ, რომელიც წინ უსწრებდა რექტორების შერჩევის საკითხს. დაიწუნეს თუკი ვინმე ოდნავ მოწინავედ მოაზროვნე არის მხატვრობაში. იქნება ეს ქალბატონი პოპიაშვილი, რომელიც რექტორი იყო და სასწრაფოდ მოაძრეს, რაღაც ფორმალურად მოუნახეს, სწორედ არ არის დანიშნულიო, იქნება ეს ვატო წერეთელი. შიშველ ნატურას რომ არ დაუშვებ? ქალბატონი ლუიზა ლაფერაძე გააგდეს და უთხრეს შიშველ ფიგურას რატომ აყენებო? აღმაშფოთა გია ეძგვერაძის ამბავმა. პიროვნულად კანდიდატების მიმართ არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, თუმცა მათ გია ეძგვერაძის გვერდით ვერ დავაყენებ. თუ მათ ნოვაცია და სიახლე უნდათ, როგორ შეიძლება არ გინდოდეს გია ეძგვერაძე, როგორ შეიძლება არ გინდოდეს ვატო წერეთელი, ლუიზა ლაფერაძე", - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.

მისივე თქმით, გამომძიებელი არ არის და ვერ იტყვის ვინ დგას პროცესების უკან, თუმცა ხოშტარიას განცხადებით, შექმნილია სწავლების რეტროგრადული სისტემა, რომელშიც ისინი თავს კარგად გრძნობენ. ამასთან, გოგი ხოშტარიას განცხადებით, მას აკადემიასთან და მხატვრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან შეხვედრა სურდა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ სამინისტროდან ამცნეს, რომ არა მინისტრს, არამედ მის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს შეხვდებოდა.

"რა უნდა ველაპარაკო ბერიკაშვილს? რამდენადაც მე ვიცი, ის თეატალურში ასწავლის ლაპარაკს, თუ დიქციას, თუ მეტყველებას. მხატვრობაზე ბერიკაშვილს რა უნდა ველაპარაკო?", - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.

ხელოვნებათმცოდნე რექტორის არჩევნებით ცვლილებას არ ელოდება. მისივე თქმით, ცვლილება შესაძლოა იყოს კოსმეტიკური ხასიათის და იქნება ანგარიშწორებები. სამხატვრო აკადემიაში არსებულ პრობლემებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა აკადემიის კურსდამთავრებულმა ნატა ნებიერიძემ. მისი თქმით, სისტემა აბსოლუტურად მორგებულია პირველ რიგში ადმინისტრაციისა და რექორატის ინტერესებზე, შემდეგ პროფესორებზე და შემდეგ სტუდენტზე. ნებიერიძის ინფორმაციით, სამხატვრო აკადემიაში არ არსებობს ბუფეტი, სუფთა ტუალეტები, საპონი და ტუალეტის ქაღალდი. აკადემიაში ხელოვნების სწავლება, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება არ ხდება.

მისივე ინფორმაციით, ფუნდამენტური ცვლილებების მოტანა მხატვარ გია ეძგვერაძეს შეუძლია, რომლის კანდიდატურაც გაზაფხულზე 433-მა სტუდენტმა რექტორის პოსტზე დაასახელა, თუმცა ნებიერიძის თქმით, აკადემიამ მაისში დებულება მიზანმიმართულად შეცვალა და მე-9 მუხლის მეოთხე პუნქტში ჩაიწერა, რომ რექტორი აკრედიტებულ სასწავლებელში აქტიური პროფესორი უნდა იყოს.

"ამის გამო, ეძგვერაძეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო. არც ერთი სხვა ქართულ უნივერსიტეტის დებულებაში მსგავსი დებულება არ არის. ეს მუხლი შემუშავდა სწორედ იმიტომ, რომ გია ეძგვერაძეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონოდა", - აღნიშნა ნატა ნებიერიძემ. მისივე თქმით, ადმინისტრაცია რექტორობის ორივე კანდიდატს, მით უფრო გია გუგუშვილს მხარს უჭერს. აკადემიის კურსდამთავრებულის ცნობით, სტუდენტები არჩევნების შედეგად სისტემურ ცვლილებებს არ ელოდებიან.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება