ცნობილი ამერიკელი მხატვარი დევიდ დათუნა საქართველოს დროშის პროექტზე "საქართველო - მილიონთა იმედი" მუშაობას ასრულებს და მის წარმოდგენას თბილისში, მიმდინარე წლის ნოემბერში გეგმავს. დათუნა ცნობილია თავისი სკანდალური გამოფენებითა და განცხადებებით. მან ფაშისტური უწოდა პუტინის რეჟიმს, ხოლო მოსკოვში, წითელ მოედანზე წარმოადგინა პუტინისა და ნიკოლოზ მეორის პორტრეტების ინსტალაცია სახელწოდებით - "ცივილიზაციის კრახი".
ცოტა ხნის წინ ამერიკაში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი მხატვრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომელიც მალე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს კინოფესტივალებზე, აგრეთვე გადაიცემა ტელევიზიებით, მათ შორის, საქართველოშიც.
2013 წელს მხატვარს ფილტვის კიბო დაუდგინეს. მკურნალობის პროცესში მან შექმნა ყველაზე ცნობილი და სკანდალური ხელოვნების ნაწარმოებები, როგორებიცაა "პუტინი ნიკოლოზ მეორე - ცივილიზაციის კრახი", "ელემენტი", "აინშტაინი და ჩიტები", "პიკასო - Jay Z“,, "ამერიკის პორტრეტი". "ამერიკის პორტრეტი" - ეს ხელოვნების პირველი ნაწარმოებია, რომელსაც საკუთარი ინტელექტი გააჩნია. 2014 წელს პორტრეტი ვაშინგტონის ეროვნულ საპორტრეტო გალერეაში წარმოადგინეს, სადაც ნამუშევრის სანახავად ხალხი რიგში 5 საათს იდგა. დასავლეთის პრესის განცხადებით, დ.დათუნა ახალი ათასწლეულის მოაზროვნეა.
"ხალხის ასეთი რაოდენობა და ინტერესი, როგორიც დ.დათუნას გამოფენების დროსაა, მუზეუმში 30 წელზე მეტია, არ ყოფილა", - განაცხადა ვაშინგტონის ეროვნული საპორტრეტო გალერეის დირექტორმა ნიკ აპოსტოლიდესმა.
დღეს, მსოფლიოს დაპყრობისა და სიკვდილის დამარცხების შემდეგ, დ. დათუნა თანამედროვე არტ-სცენის ყველაზე პოპულარულ და ძვირადღირებულ ავტორთა შორისაა, ხოლო მის გამოფენებს მთელ მსოფლიოში აწყობენ.