რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა საქართველოშია. მომღერალი სამშობლოში ახალი კლიპების გადასაღებად და საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ჩამოვიდა. კლიპს "KPRODUCTION" გადაუღებს, რომლის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი გახლავთ. Ambebi.ge გიორგი კიკალიშვილს ესაუბრა, რომელიც კლიპის რეჟისორი იქნება.
- დიდი ხანია ირაკლი ფირცხალავასთან თანამშრომლობთ?
- ირაკლი ფირცხალავა 5 წლის წინ გამაცნო ნატო დუმბაძემ და აქამდე შორიდან ვუყურებდით ერთმანეთის შემოქმედებას. ამჯერად კი თანამშრომლობა მოგვიხდა. "KPRODUCTION" მას ორ კლიპს გადაუღებს. ერთი კლიპი "რუსთავი 2"-ის პროექტის, "გაიზიარე ჩვენი მუსიკის" ფარგლებში შეიქმნა, ტაში-ტუში ბენდთან ერთად, გროტესკულად შესრულდება "დაფთ პანკის" სიმღერა, სადაც კორკოტაც ითამაშებს. მეორე კლიპს რაც შეეხება, მას გადავიღებთ გუდაურში და ბორჯომში.
- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ფირცხალავა საქართველოს მოქალაქეობის აღებას აპირებს?
- რამდენადაც ვიცი, ასეა. უნდა აიღოს ქართული პასპორტი. ის პატივს სცემს ქართულ ღირებულებებს, მისი შვილებიც ხშირად არიან საქართველოში, რადგან მამას სურს, ქართული ენა და ტრადიციები კარგად აითვისონ.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE