უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. უკრაინული მედიის ცნობით , მერვე მოწვევის უმაღლეს რადაში არჩევნების შედეგად წარმოდგენილი იქნება ექვსი პოლიტიკური პარტია: უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის პარტია "სახალხო ფრონტი" - 22,14%, "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" - 21,81%, გაერთიანება "სამოპომიჩი" - 10,97%, ოპოზიციური ბლოკი - 9,43%, ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტია - 7,44%, იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშჩინა" - 5,6%.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, უმაღლესი რადა ნაცვლად 450 დეპუტატისა, 423 დეპუტატით დაკომპლექტდება, მათ შორის 225 პარტიული სიით მოხვდება, 198 კი მაჟორიტარი იქნება."დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში არჩევნები არ გაიმართა, რის გამოც ქვეყნის უმაღლეს რადაში ნაცვლად 225 მაჟორიტარისა 198 მაჟორიტარი იქნა არჩეული. ხმის მიცემა ვერ შეძლეს დონეცკის ოლქის 9 და ლუგანსკის ოლქის 6 რეგიონის ამომრჩეველმაც.