მომღერალ იულია ქავთარაძეს ერთი ძმა ჰყავს- ბონდო ქავთარაძე. მათ წლების წინ სოციალური ქსელის დახმარებით გაიცნეს ერთმანეთი და მალევე დამეგობრდნენ. იულია საქართველოში ხშირად ჩამოდის, ბონდომ კი უკრაინაში დასთან სტუმრად ჩასვლა ჯერჯერობით ვერ მოახერხა. ბონდო ტელეკომპანია ''ჯიდიესში'' ''კიბერჰაუსის'' წამყვანია. მასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- ''კიბერჰაუსი'' 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებზე შექმნილი გადაცემაა. ძალიან გვინდოდა ისეთი გადაცემის გაკეთება, რომელიც ქართულ ტელესივრცეში განსხვავებული იქნებოდა. ეთერში მეორე წელია ვართ. ტექნოლოგიების სიახლე აკლია საქართველოს და მაქსიმალურად ვცდილობთ, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენი გადაცემის მეშვეობით მრავალი ქართველი აღმოვაჩინეთ, რომლებიც ძალიან მაგარ პროექტებზე მუშაობენ. დღეს ისინი საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოშიც აწყობენ რობოტებს. შეიძლება, მათ ვერ გაუწიონ კონკურენცია საზღვარგარეთ აწყობილ რობოტებს, რომლებიც სასწაულებს ახდენენ, თუმცა უკვე იგრძნობა, რომ ქართველებსაც რაღაცის გაკეთება შეგვიძლია.
- რა პროფესია გაქვს?
- სტუდენტი ვარ. ბიზნესის მართვას ვსწავლობ, თუმცა ამჯერად ჟურნალისტიკაში ვარ აქტიურად ჩართული. ნარკოტიკივითაა. ამ სფეროში ერთხელ თუ ჩაეფლობი, რთულია იქიდან ამოსვლა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ტელევიზიაში დიდხანს ვიმუშაო. მნიშვნელობა არ აქვს, ჟურნალისტი ვიქნები თუ გადაცემას წავიყვან.
- როგორც ვიცი, იულია ქავთარაძე შენი დაა. თქვენ ერთი მამა გყავთ. გვიამბე, როგორ გაიცანი იულია.
- იულია ჩემი ნახევარდაა, ასე ამბობენ ხოლმე, თუმცა მე და იულიას ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ არ არსებობს ჩვენ შორის ნახევარდაძმობა. გვყავს ერთი მამა, რომელიც, სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ გარდაიცვალა. ბათუმში დედასთან ერთად ვიზრდებოდი, თუმცა, ამის მიუხედავად, მამასთან კონტაქტი არასდროს გამიწყვეტია. ის ჩემთვის მხოლოდ მამა კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე შემეძლო საუბარი. დედას არასდროს აუკრძალავს მამასთან მისვლა. პირიქით, სულ მეუბნებოდა, მამა ნახეო. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ და მყავდა. ვფიქრობდი, რომ გავიზრდები, უკრაინაში ჩავალ და ჩემს დას აუცილებლად მოვნახავ-მეთქი. თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც სოციალურ ქსელში ვიღაც გოგონამ მომწერა, შენი და ვარო. მაშინვე დედაჩემთან მივედი და ვუთხარი, ვიღაც მწერს, შენი და ვარო და მითხარი, ეს მართლა იულია არის თუ არა-მეთქი. მას შემდეგ კონტაქტი არ დაგვიკარგავს. ძალიან ხშირად ვწერდით ერთმანეთს. ამ ამბიდან ცოტა ხანი გავიდა და იულია ჩამოვიდა ბათუმში, რა თქმა უნდა, აეროპორტში ყველა დავხვდით. თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან არ ვიყავი შეგუებული დედმამიშვილს. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა.