რამდენიმე თვის წინ ''ჯიდიესის'' ერთ-ერთი გადაცემის ეთერში ორი ლამაზი გოგონას უკანალზე, ისე, როგორც ტამტამებზე, ჯგუფ ''ბანის'' წევრებმა დაუკრეს. ამ ამბავს სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ტელევიზია გარყვნილებაში დაადანაშაულა, მეორე ნაწილმა - ქალების დისკრიმინაციაში. ამ ორი გოგონადან ერთ-ერთი, მარი ბაბეტა, მოცეკვავე, ქალი-რეპერი და შავი პრინცის ყოფილი მეუღლეა. მარიმ ამ თემაზე მაშინ უამრავი კომენტარი გააკეთა, რაც შეეხება მეორე მოცეკვავეს – ანა ოლკინას, ის მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით შემოიფარგლა.
ანა მოცეკვავის გარდა მწერალიცაა. ორ შვილს ზრდის, საზოგადოებრივ აქტივობებში ხშირად მონაწილეობს და სხვადასხვა თემაზე პროტესტს გამოთქვამს.
- ანა, საუბარი ბავშვობიდან დავიწყოთ...
- ამ რეინკარნაციაში ჯერ კიდევ არ დავბადებულვარ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ადამიანი მაშინ იწყებს დაბადებას, როდესაც შეძლებს, თავის გარშემო მიმდინარე მოვლენები შეცვალოს. მე ეს ჯერ ვერ მოვახერხე (იღიმის).
- მშობლებთან როგორი ურთიერთობა გქონდა, რამეს თუ გიკრძალავდნენ?
- არა, მშობლებთან ყოველთვის კომფორტული ურთიერთობა მქონდა.
- სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყავი? რით განსხვავდებოდი შენი თანატოლებისგან?
- ყველაფრით და არაფრით, ერთადერთი ფრიადოსანი ვიყავი კლასში, რომელიც უკანა მერხზე იჯდა და ბიჭებთან ერთად ''შატალოზე'' დადიოდა.
- პროფესია როგორ შეარჩიე?
- ჯერ კიდევ მოსწავლე ვიყავი, როდესაც ლიტერატურულ გაზეთ ''ალტერნატივაში'' დაიბეჭდა ჩემი ლექსები. არჩევანზე არ მიფიქრია, ყოველთვის ვიცოდი, რომ მწერალი გამოვიდოდი, ამიტომ სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე კულტურის უნივერსიტეტში ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტზე, სადაც ჩემი უსაყვარლესი ლექტორი გახლდათ ვახუშტი კოტეტიშვილი. პარალელურად, ვმუშაობდი სხვადასხვა ღამის კლუბში და კაზინოებში. არ მინდოდა, ვინმეზე დამოკიდებული ვყოფილიყავი. ცეკვაც ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, რომელიც ამაში დამეხმარა.
- ბავშვობიდან ცეკვავდი?
- საერთოდ, მხიარული ვარ და სულ მეცეკვება.
- ორი შვილი გყავს, რა ასაკში მიიღე დაქორწინების გადაწყვეტილება?
- დაქორწინებული არასოდეს ვყოფილვარ, სოციალურ სტატუსებს არ ვაღიარებ. ორი ბავშვი მყავს, იკა და დაჩი, ისინი ჩემი მეგობრები არიან.