''მარაო რუსთავი 2''-ზე გადაცემების ''ვარჯიშის დრო'' და ''ცეკვის გაკვეთილების'' პროდიუსერი ვახო ბიჭიკაშვილის მეუღლე სოფო რევიაა. სოფო ტელევიზიაში პირველად მუშაობს და ბევრ სირთულეს აწყდება. მეუღლე რჩევებით ეხმარება, თავის მხრივ, სოფოც ვახოს როლების კარგი შემფასებელი და დამ-ფასებელია. ცოლ-ქმარს ბევრ თემაზე ვესაუბრეთ.
- რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ორივემ სატელევიზიო სფეროში დაიწყეთ მუშაობა?
სოფო:
- ''მარაო რუსთავი 2-ში'' გადაცემების პროდიუსერობა ჩემთვის პირველი სამსახური არაა. ის პერიოდი უფრო არაბუნებრივი იყო, როდესაც სახლში ვიყავი. ძველი სამსახურიდან იმიტომ წამოვედი, რომ ანდრიასაც ასე სჭირდებოდა. ახლა ცხოვრების ძველ რიტმს დავუბრუნდი.
ვახო:
- დღის განმავლობაში ნაკლებად ვნახულობთ ერთმანეთს. მე სულ გასული ვიყავი სახლიდან, ისედაც. დილით სახლიდან რომ გადიხარ და მეუღლე გაცილებს, ცოტა არაახალგაზრდულია და არც ადამიანურია. მიხარია, რომ სახლიდან დილიდან ერთად გავდივართ, ორივეს სამსახური და ცხოვრების ერთი ტემპი გვაქვს.
- მშობლების მუშაობას, ალბათ, მხოლოდ ანდრია აპროტესტებს.
- სულ გველოდება. ჩვენც ვცდილობთ, სამსახურებიდან პირდაპირ სახლში მივქანდეთ. უკვე იცის, რომელ საათზე მივდივართ და დაახლოებით შვიდ საათზე ჩვენი სახელების ძახილს იწყებს. ჩვენც არ ''ვუტეხავთ''.
- სულ ადევნებთ თვალს ერთმანეთის გადაცემებს და აკრიტიკებთ ხოლმე?
- სოფო სულ ადევნებს თვალს ჩემს ნომრებს და მიზიარებს თავის აზრს. ახლა მისი სამსახურიც შოუბიზნესური გახდა და რაღაც რჩევებს, ბუნებრივია, ვაძლევ.
სოფო:
- მეც სულ ვეკითხები რაღაცებს. მას მეტი გამოცდილება აქვს. ჩემი სამსახური მართლა ძალიან შოუბიზნესურია. მანამდე აკადემიური სამსახური მქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ვმუშაობდი, რომელიც ჩემი ახლანდელი სამსახურისგან აბსოლუტურად განსხვავდება. ''მარაოში'' რომ შემომთავაზეს მუშაობა, ჯერ გამეცინა. ჩემს ცხოვრებაში ასეთი კამფეტი სამსახური არასდროს მქონია. შრომატევადია, მაგრამ ძალიან მხიარული. აქ კიდევ სხვა უნარჩვევები დამჭირდა, მაგალითად, რესპონდენტის დათანხმება ძალიან რთული აღმოჩნდა.
- მეუღლე საკუთარ გადაცემებში არ მოგიწვევია?
ვახო:
- მიმიწვია, რომ ცეკვები მესწავლა, მაგრამ უარი ვუთხარი. ისეთ დღეს აქვთ ხოლმე გადაღება, როცა არ მცალია.
სოფო:
- ''პროფილის'' გუნდის წევრები, რომლებიც ჩემი თანამშრომლები არიან, მეუბნებიან, რომ ვახო ძალიან კარგი რესპონდენტია. მინდა ხელში ჩავიგდო, როგორც რესპონდენტი. თურმე არსებობენ ცუდი და კარგი რესპონდენტები. რადგან ისეთ ადამიანთან ვცხოვრობ, რომელიც კარგი რესპონდენტია, მეგონა, რომ ყველა ასეთი იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და მით უფრო, ვარჯიშზე ბევრი არ თანხმდება.