მორცხვი მედავითნეს სექსუალური გარდასახვა - "უნდა მიღირდეს ჰონორარი იმად, რომ ინტიმურ როლს დავთანხმდე"

მორცხვი მედავითნეს სექსუალური გარდასახვა - "უნდა მიღირდეს ჰონორარი იმად, რომ ინტიმურ როლს დავთანხმდე"

თამუნა ვაშალომიძე ქართულმა საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო, თუმცა მცირე დროში სექს-სიმბოლოს სტატუსიც მოიპოვა. სექსუალური გარეგნობის გოგონა გულგრილს არავის ტოვებს, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. უცნაურია, მაგრამ ბავშვობაში მორცხვი გოგონა იყო, მსახურობდა მედავითნედ, 16 წლის ასაკში კი მონასტერში დარჩენას გეგმავდა, მაგრამ მისი გეგმები მოულოდნელად შეიცვალა.

- ვარ სამოდელო სააგენტო "ირაკლეონის" მოდელი, მონაწილეობა მივიღე რამდენიმე კონკურსში, საქართველოში "მის ბიკინის" კონკურსზე გამოვედი, სადაც ათეულში მოვხვდი, ამის შემდეგ გავემგზავრე კოსოვოში, სადაც "მის პრესის" ტიტული მოვიპოვე. კოსოვოში ჟიურის წევრი იყო რუსული "პლეიბოის" გენერალური მენეჯერი, რომელმაც თანამშრომლობა შემომთავაზა. რუსები უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში და გადაღება უნდა გვქონოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ მე მივდივარ მოსკოვში. მოდელობის პარალელურად ვარ ტურისტული კომპანიის გენერალური მენეჯერი, ვთანამშრომლობ ტელევიზიებთან და ვთამაშობ სერიალში "ქალთა სახეები". ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მივიღე "მარაოს" ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც მსახიობი დავით ქაცარავა უნდა "შემება", წინასწარ იყო ეს ყველაფერი შეთანხმებული მის მეუღლესთან. მინდა ვთქვა, რომ ძალიან რთულად "შესაბმელი" მამაკაცი აღმოჩნდა, რადგან ცოლის ერთგულია.

- ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი გამოკითხვით სექს-სიმბოლოდ დაგასახელეს, იფიქრებდი, რომ ამ ტიტულის მფლობელი გახდებოდი?

- ბავშვობიდან მინდოდა მოდელობა, მაგრამ ოჯახს არ ჰქონდა იმის საშუალება, სააგენტოში მევლო. ჩემი აზრით, არც ფიზიკური მონაცემები მქონდა, რადგან ვთვლიდი მოდელი უფრო გამხდარი და მაღალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ხედავთ, ავისრულე ბავშვობის ოცნება. უცებ შეიცვალა ყველაფერი.

- ცნობილია, რომ სასულიერო სემინარიაში სწავლობთ?

- კი, წელს ვამთავრებ სემინარიას. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე აკადემიური მქონდა აღებული. სემინარიაში ტელევიზიიდან გაიგეს, ჩემი საქმიანობის შესახებ. გავლილი მაქვს მედავითნეს კურსები. მედავითნე ვიყავი ანტონ მარტმყოფელის ტაძარში, 15 წლის ვიყავი, როცა მარტყოფის დედათა მონასტერში წავედი, შემდეგ ბებნისში ვცოვრობდი 6 თვე. ბოლოს ეკლესიაში დარჩენა გადავწყვიტე, მშობლებსაც მივწერე ამის შესახებ. მაგრამ 16 წლის ვიყავი და ჩემმა მოძღვარმა მითხრა, ჯერ ჯობია არ წახვიდე მონასტერშიო. შემდეგ კი სახლიდან წამოვედი, მყავს მოძღვარი, დავდივარ ტაძარშიც, მაგრამ აქტიურად აღარ ვარ ჩართული საეკლესიო საქმიანობაში. ენა, რომ არ დამავიწყდეს, სისტემატიურად ვკითხულობ რელიგიურ ლიტერატურას.

- სახლიდან წამოსვლის მიზეზი რა გახდა?

- იმ დროს ასე იყო საჭირო. ჩემს მშობლებს ეგონათ, ერთ კვირაში ისევ დავბრუნდებოდი ოჯახში. მაშინ 16 წლის ვიყავი, სახლიდან ყველაფრის გარეშე წამოვედი, მხოლოდ რელიგიური წიგნები წამოვიღე. თავიდან ჩემს მეგობართან ვცხოვრობდი. შემდეგ დავიწყე მუშაობა მიმტანად. მენეჯერის და ადმინისტრატორის კურსებიც გავიარე და რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ოჯახის წევრებთან შეყვარებულის გამო შეიქმნის პრობლემას, ან ვენებს გადაიჭრის. იყო მიზეზი, რის გამოც სახლიდან წამოვედი და ამაზე ლაპარაკი არ მინდა.

- შეურიგდი ოჯახის წევრებს?

- მოგვარებულია ყველაფერი.

- ცნობილია, რომ მამა მუსიკოსი კაკო ვაშალომიძეა, როგორ აფასებს თქვენს საქმიანობას, რა რეაქცია აქვს თქვენს თამამ ფოტოებზე?

- ცუდს მე არაფერს ვაკეთებ. მამა შეგნებული ადამიანია და ჩემს არჩევანს პატივს სცემს.

- მორცხვი და ძალიან მორწმუნე ადამიანი, როგორ გარდაისახე ასე რადიკალურად?

- შევქმენი ის, რაც ვარ. პრინციპული, მიზანდასახული და ჯიუტი ადამიანი ვარ. საკუთარ პრინციპებს ვერ ვთმობ, რაც პირად ურთიერთობებში ხელს მიშლის. ადრე მეგონა, რომ ვისწავლიდი, გავთხოვდებოდი და ბევრი შვილის დედა ვიქნებოდი. ფილმებს როცა ვუყურებდი, ძალიან მომწონდა ძლიერი ქალები. პირველმა სამსახურმაც სტიმული და გამბედაობა შემმატა. ფარხმალი არასდროს დამიყრია. როცა რაღაცას აირჩევ, უკან აღარ უნდა დაიხიო. დეპრესიაშიც არ უნდა ჩავარდე. ჩემი დეპრესია მაქსიმუმ ერთი საათით გრძელდება. ამ დროს კი მანქანით "ვგონკაობ" ქუჩაში და ეს მშველის.

- ინტიმურ როლზე დათანხმდები?

- მე სამოდელო სააგენტოსთან ვთანამშრომლობ და ჰონორარის 50 %-ს მათ ვუხდი. შესაბამისად, უნდა მიღირდეს ჰონორარი იმად, რომ ინტიმურ როლს დავთანხმდე საქართველოში.

- შეყვარებული გყავს?

- არ მყავს შეყვარებული. ადრე მიყვარდა ერთი ბიჭი, რომელსაც კარგად იცნობს საზოგადოება, ის მუსიკოსია. დანიშნულებიც ვიყავით, მაგრამ ჩემი გადატვირთული გრაფიკი მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ამიტომ დაშორების გადაწყვეტილება მივიღეთ.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება