90-იანელი ხელოვანები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს

90-იანელი ხელოვანები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს

1991 წლის 9 აპრილს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა და საბჭოთა კავშირის მრავალწლიანი მარწუხებისგან გათავისუფლდა. მიუხედავად თავისუფლების მოპოვებისა, ქვეყანა საშინელ გაჭირვებაში ჩავარდა. სამოქალაქო ომი, პოლიტიკური დაპირისპირება, შიდაარეულობა მძიმედ დააწვა ხალხს, მიუხედავად ამისა, კულტურა არ მომკვდარა და ახალ ეტაპზე გადავიდა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ ხელოვანები, რომლებმაც ქვეყნის უახლეს ისტორიაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში ნონკონფორმისტული გაერთიანება - ''რეაქტიული კლუბი'' ჩამოყალიბდა. იდეის ავტორები იყვნენ ირაკლი ჩარკვიანი და კოტე ყუბანეიშვილი. მათი მუსიკა, პოეზია და შემოქმედებითი საღამოები ერთგვარი რევოლუცია იყო მაშინდელ თბილისში.

''როდესაც ჩვენით ფრანგები და ამერიკელები დაინტერესდნენ, სწორედ მაშინ დავიშალეთ'', - იხსენებდა მოგვიანებით ყუბანეიშვილი. კოტემ ლექსების წერა გააგრძელა. ირაკლიმ მუსიკის, პროზის, პოეზიის. მეფე – როგორც მან საკუთარ თავს უწოდა, თავისი იმიჯით, შემოქმედებით, ქართული კულტურის ავანგარდად იქცა და უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. დღემდე ბევრი ცდილობს, მასავით გამორჩეული და ეპატაჟური გახდეს…

1992 წელს საქართველოში დამოუკიდებელი რადიოსადგური 105, იგივე ''მამაჩემის რადიო'' დაფუძნდა. 1994 წელს ღია ეთერში გავიდა და ძირითადად, 80- 90-იანი წლების მუსიკა და იუმორისტული არტები გადიოდა. ხელძღვანელი შალვა რამიშვილი იყო.

იმ პერიოდში შალვა ახალი თაობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შემდეგ იყო ტელევიზია ''202'', სერიალი ''დარდუბალა'', რომელიც მაშინდელ პოლიტიკოსებს დაუნდობლად აშარჟებდა. შალვამ იმდროინდელ ტელესივრცეში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. თამამი შეკითხვებით მაყურებელს შოკში აგდებდა და ხშირად უხამს ხუმრობებსაც არ ერიდებოდა.

''გამარჯობა, ეს მეორე არხია, მე სერგი გვარჯალაძე ვარ'' - ამ სიტყვებით იწყებდა ყოველ საღამოს გადაცემას ადამიანი, რომელმაც მეოცე საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ტელე და მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

90-იანებში პირველი თანამედროვე მუსიკალური ჯგუფი ''გენეტიკური კოდი'' შეიქმნა, რომლის ერთ-ერთი წევრიც სერგი გახლდათ და პირველი ქართული თანამედროვე კლიპიც სწორედ მათ სიმღერაზე - Artificial love არის გადაღებული, ეს სიმღერა დღემდე ჰიტად რჩება.

1992 წელს ეკრანზე თემურ ბაბლუანის დრამა ''უძინართა მზე'' გამოვიდა. მთავარი გმირი ძველი ბიჭი დათო იყო, რომელიც პროფესორის ოჯახში დაიბადა, ქუჩის აკადემია ''წარმატებით დაამთავრა'' და ციხეშიც მოხვდა. ფილმმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ფრაზები, ''ვა, პელე, ტო, ცოცხალი ხარ'', ''რა ლამაზი ხარ, აგნეს,'' ''ფულის მაგივრად სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ'', - ერთგვარ მარგალიტებადაც იქცა და მაყურებელს დღემდე ახსოვს. ასევე ახსოვთ შესანიშნავი საუნდტრეკიც, გუჯა ბურდულის ნამღერი ''რიმდარირო'', მაგრამ მთავარი გმირის შემსრულებლის, დავით კაზიშვილის კინოკარიერა ამ ფილმით დასრულდა. ''უძინართა მზეს'' უამრავი ადამიანი დღესაც ნოსტალგიით უყურებს, მაგრამ მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს, რომელთათვისაც ეს ფილმი დღემდე დარჩა დამნაშავეთა სამყაროს გაიდეალების მცდელობად.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება