მცირე ხნის წინ მაკა ზამბახიძემ იმიჯი შეიცვალა, თმა მოკლედ შეიჭრა, თუმცა ეს ერთადერთი ცვლილება არ არის მის ცხოვრებაში - კარიერული თვალსაზრისითაც აქვს სიახლეები. ბოლო პერიოდში ხშირად ლაპარაკობენ დუეტ ''ჯორჯიას''დაშლის თაობაზე, თუმცა ამას რატიც და მაკაც უარყოფდნენ, ფაქტი კი ისაა, რომ საზოგადოებისთვის საყვარელი მომღერლები კარიერის ცალ-ცალკე აწყობას გეგმავენ. დეტალებზე თავად მაკა გვესაუბრება.
- მაკა, მოკლე ვარცხნილობა მოდაშია, მხოლოდ ეს იყო შენი იმიჯის შეცვლის მიზეზი?
- გარკვეულწილად, კი. საკმაოდ დიდხანს მქონდა თმა ერთ სტილში, მაგრამ რადგან კარიერული ცვლილებებიც მაქვს, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, იმიჯსაც თუ შევიცვლიდი. საერთოდ, არ მიყვარს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც ჩემს ახლობლებს არ მოეწონებათ, ამიტომ ბევრი კითხვის და ფიქრის შემდეგ ასე რადიკალურად შევიცვალე ვარცხნილობა. ექსპერიმენტების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ მაინც მივმართავ ამას, ოღონდ ზომიერად, ჩარჩოებს რომ არ სცდება, ისე… (იღიმის). საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჩემმა ახალმა ვარცხნილობამ გაამართლა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მიხდება, მეტიც, იმასაც ამბობენ, თმა აღარც უნდა გაიზარდოო.
- მოსავლელად მარტივია?
- კი, უმარტივესი, მით უმეტეს, რომ მეხერხება ჩემით რაღაცების გაკეთება. ძირითადად, ჩემით ვუვლი, მაგრამ გადაღებების დროს ვცდილობ, სალონში ვიარო.
- ზემოთ კარიერული ცვლილებები ახსენე…...
- ვიწყებ სოლოკარიერას, მექნება ახალი სიმღერები. ერთი სიმღერა ჩემს შვილთან ერთად ჩავწერე, კლიპიც გადავიღეთ და სატელევიზიო პრემიერაც იყო. ვამზადებ კიდევ ორ ახალ სიმღერას და მაქვს გეგმები, რაზეც წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს.
- იწყებ სოლოკარიერას, ეს ნიშნავს იმას, რომ დუეტი ''ჯორჯია''დაიშალა?
- არ მიყვარს რადიკალური დასკვნების გამოტანა, დუეტ ''ჯორჯიას''ამ ეტაპზე აქვს მუსიკალური პაუზა, რამდენი ხნით, ეს არავინ იცის.
- ამბობენ, რომ რატისთან ურთიერთობა დაგეძაბა, რამაც გამოიწვია ეს პაუზა...
- ჩვენი შექმნიდან დღემდე ეს თემა და ჭორი ჩვენს შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს, რასაც ყურადღებას არ ვაქცევ და სიმართლე გითხრა, ამაზე კომენტარის გაკეთებაც უკვე დამღლელია.
- რატი საზღვარგარეთ გეგმავს კარიერის გაგრძელებას.
- რატის ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ძალიან პირადულია, დეტალურ ინფორმაციას ის უფრო კარგად მოგაწვდით.
- რადგან ხალხს აინტერესებს, გკითხავ, აგრძელებთ თუ არა შენ და რატი მეგობრობას? თქვენი ერთობლივი სტუდია კიდევ არსებობს?
- რადგან ჩვენს დუეტს აქვს შემოქმედებითი პაუზა, არ გვინდა, ვინმე მოვატყუოთ და სტუდიაც, სამწუხაროდ, აღარ ფუნქციონირებს. დუეტის შემოქმედება ამ ეტაპზე შეჩერებულია, ერთობლივად ვერ ვაქცევდით ყურადღებას ამ სტუდიას, მე ჩემი საქმეები მქონდა, რატის - თავისი და არ გამოდიოდა. ურთიერთობა, რასაკვირველია გვაქვს, მეგობრები ვიყავით დუეტ ''ჯორჯიამდეც", უბრალოდ, ახლა ორივეს ბევრი საქმე გვაქვს, დაკავებულები ვართ და ისეთი სიხშირით ვერ ვხვდებით ერთმანეთს. მაშინ ერთ საქმეს ვაკეთებდით, ერთად დავდიოდით გადაღებებზე და ძალაუნებურად ერთად ვიყავით, ახლა კი თითქმის სულ ცალ-ცალკე ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ფიზიკურად არ რჩება იმდენი დრო, რომ ერთმანეთს დავუთმოთ.
- მაკა, ზოგადად დაბრკოლებებს მარტივად უმკლავდები?
- ცხოვრებაში მქონია არაერთი ასეთი მომენტი, მაგრამ არასდროს ვვარდები დეპრესიაში, სხვას ჩემს პრობლემებს თავზე არ ვახვევ, ბევრჯერ არც მომიყოლია, მაგრამ ჩემს მეგობრებს სულ ძალით უთქმევინებიათ. ვფიქრობ, როცა საკითხი შენი მოსაგვარებელია, აზრი არ აქვს, მოჰყვები თუ არა. მიმაჩნია, რომ პრობლემებთან გამკლავება შემიძლია, შეიძლება მიამიტი, მიმნდობი ვარ, მაგრამ პიროვნულად სუსტი არ ვარ. მიყვარს შრომა, ვარ ძალიან აქტიური, სულ მოძრაობაში ვარ, თუ თავისუფალი დრო მაქვს, მივდივარ მეგობრებთან, ან სახლში ბავშვისგან გაკვეთილებს ვიბარებ ან რაიმე საქმეს ვაკეთებ, ანუ მოდუნებულ მდგომარეობაში ყოფნა არ შემიძლია.
- პირადი პრობლემა უფრო რთულად გადასალახია თუ კარიერული?
- ყველა პრობლემა რთულად გადასალახია, გააჩნია, რა დოზითაა ეს პრობლემა შენს ცხოვრებაში შემოსული. თუმცა სასოწარკვეთილებაში არასდროს ჩავვარდნილვარ, მწამს ღმერთის და არასდროს ვგრძნობ თავს მისგან მიტოვებულად.
იხილეთ გაგრძელება