რატომ სცვივა წარბები და წამწამები ლიზა ყენიას - ''არ მინდა, კონკურსების მერე რომელიმე კაფეში ვიმღერო...''

რატომ სცვივა წარბები და წამწამები ლიზა ყენიას - ''არ მინდა, კონკურსების მერე რომელიმე კაფეში ვიმღერო...''

მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილი ლიზა ყენია ''ერთი ერთშის'' ყველაზე პატარა მონაწილეა, თუმცა სცენაზე აშკარად თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. უკვე მამაკაცი შემსრულებლის, ბრუნო მარსის როლის მორგებაც მოასწრო და ამბობს, რომ ამისთვის ერთი კვირა სულ საწინააღმდეგო სქესის კამპანიაში ატარებდა დროს, რათა ბიჭის მიხვრა-მოხვრა კარგად შეეთვისებინა. ლიზა ძალიან მონდომებულია, რომ თავისი კარიერა განავითაროს, თუმცა უცხოეთს უმიზნებს.

- ''ერთი ერთში'' მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია, რადგან მომწონდა პროექტი და მანამდე უკვე ნაფიქრი მქონდა, რა სირთულეები შეიძლებოდა შემხვედროდა, რაღაცნაირად ჩემი გადაცემაა და მომწონს გარდასახვა. ასევე მაინტერესებდა, რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში. ამ პროექტიდან უამრავ რამეს ვსწავლობ, მაკიაჟიდან დაწყებული იმით დამთავრებული, როგორ არჩევს კოსტიუმს პროექტის დიზაინერი. ეს ყველაფერი ჩემს მომავალ საქმიანობაში აუცილებლად გამომადგება.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ამ პროექტისთვის მზად ვიყავი, უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედგინა. 5 დღე გვაქვს იმისთვის, რომ პერსონაჟის როლი მოვირგოთ, რაც ძალიან ცოტა დროა.

- სახეს არ ვნებს? ადრე ანრიმ გვითხრა, სახე ამეხაო.

- მეც ახეული მაქვს (იცინის), მაგრამ მეორე ლაივზე ერთ-ერთმა კომპანიამ გადმომცა სახის მოვლის საშუალებები. მხოლოდ სახეს არ ვნებს, მცვივა წარბები, წამწამები, თმა, რადგან წებოთი მამაგრებენ თმასაც და წარბსაც (იღიმის). 100%-ით გადმოაქვთ ის იმიჯი, რაც მომღერალს კონკრეტულ ვიდეოში ან ლაივზე აქვს.

- ყველაზე მეტად ვისი განსახიერება გაგიჭირდა?

- ბრუნო მარსის, რა თქმა უნდა, რადგან სცენაზე გამოსვლამდე ვინერვიულე. ის დღეები ბიჭური ცხოვრებით ვიცხოვრე, ბიჭურად, კაცურ თემებზე ვლაპარაკობდი და მთელი დღე კაცებთან ერთად ვიდექი. გათენებამდე ვუყურებდი მის ლაივებს, ხმას ფიზიკურად ვერ დავამსგავსებდი, დანარჩენით კმაყოფილი დავრჩი.

- როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო ამგვარ პროექტში გასამარჯვებლად?

- შრომისმოყვარეობა, რაც ყველაზე მთავარია, რადგან შენ თავთანაც მართალი ხარ, როცა იცი, შენი მაქსიმუმი გააკეთე, არ დაიშურე ენერგია. რეალურად მე ასე ვცხოვრობ. ვინც მესიჯებს მიგზავნის, მას დიდ მადლობას ვუხდი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტურის განმავლობაში პროექტიდან არ ვარდები, ორმაგად ფიქრობ ბრძოლაზე, ყოველი ქულა და დღე მნიშვნელოვანია, რადგან ფინალში ყველაფერი გიგროვდება, ამიტომ ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა გააკეთო.

- სცენაზე თავს ისე გრძნობ, როგორც თევზი წყალში. პროექტისგან უფრო მეტ პოპულარობას ელი?

- შეიძლება, კულისებში მოვკვდე ნერვიულობით, შეიძლება, თავი ამტკივდეს, მაგრამ სცენაზე გასული ყველაზე დიდ ადრენალინს ვიღებ. მაქსიმალურად ვგრძნობ, ეს არის ჩემი საქმე, რომ სცენაზე ვაკეთო ის, რაც მინდა, ვიცეკვო, ხან იქით გამოვიქცე, ხან - აქეთ. მთელი ცხოვრებაა ვცეკვავ, სახლშიც, დაბადების დღეზე თუ ივენთებზე (იღიმის). რაც შეეხება პოპულარობას, ამ პროექტში ამისთვის არ მოვსულვარ, მაგრამ პოპულარობის გარეშე არაფერი გამოვა, თუკი მომღერლობა გინდა. ვერ ვიტყვი, რომ ხალხი ამ გადაცემიდან მცნობს, რადგან ყველა ჯერზე სხვადასხვა ადამიანის ამპლუაში ვარ, აქამდე უფრო მცნობდნენ, თუმცა როცა პროექტში ხარ, რასაკვირველია, იმ მომენტში უფრო ცნობადი ხდები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება