სიდნეის ცენტრი კვლავ პოლიციის ალყაში რჩება

სიდნეის ცენტრი კვლავ პოლიციის ალყაში რჩება

ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ცენტრი კვლავ პოლიციის ალყაში რჩება. "ბიბისის" ინფორმაციით, პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს კაფე "ლინდტში" შეჭრილ მამაკაცთან მოლაპარაკებებს. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა, რომელმაც ავსტრალიელებს მოუწოდა, ჩვეულებისამებრ გააგრძელონ საქმიანობა. "ავსტრალია ეს მშვიდობიანი, ღია და გულუხვი საზოგადოებაა და ამას ვერაფერი შეცვლის. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ავსტრალიელს, ჩვეულებისამებრ გააგრძელონ საქმიანობა", - განაცხადა ტონი ებოტმა. მისივე განცხადებით, ის, რაც კაფე "ლინდტში" ხდება, პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ბიბისის" ცნობით, კაფე "ლინდტში" შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა და მძევლად აიყვანა იქ მყოფები. დაუზუსტებელი მონაცემებით, კაფეში იმ დროისთვის 40-მდე ადამიანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, კაფეში შეჭრილმა პირმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ტონი ებოტთან შეხვედრა მოითხოვა. თუმცა, ამ დრომდე დაზუსტებით უცნობია, რა კონკრეტული მოთხოვნები აქვს კაფეში შეჭრილ პირს.

"ბიბისის" ავსტრალიელი კორესპონდენტის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი კაფეს ფანჯარასთან რამდენიმე მძევალს აყენებს და არაბულწარწერებიან დროშას აჭერინებს ხელში. ადგილობრივმა პოლიციამ ახლომდებარე შენობებიდან, მათ შორის სიდნეის ოპერიდან ხალხის ევაკუირება მოახდინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ასევე დაიხურა საჰაერო სივრცე ფრენებისთვის.

ბოლო ინფორმაციით, არ დადასტურდა კაფედან მეექვსე მძევალის გამოსვლა. დაზუსტებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კაფედან გამოქცევა მხოლოდ ხუთმა მძევალმა შეძლო, რომელთაგან სამი კაფეს თანამშრომელია, ორი კი მომხმარებელი. დღესვე ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლად აიყვანა ბინაში მყოფი მამაკაცი. გენტის პროკურორის განცხადებით, ბელგიაში მომხდარ ინციდენტს კავშირი არ აქვს ავსტრალიაში მძევლების აყვანასთან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა