''როცა იგებენ, რომ ბერას ტელევიზიიდან ვართ, დიდ თანხებს გვიბრახუნებენ''

''როცა იგებენ, რომ ბერას ტელევიზიიდან ვართ, დიდ თანხებს გვიბრახუნებენ''

მსახიობი გიო ცაავა ''ტიფლისში'' ყაჩაღს განასახიერებს, რომელსაც ტრაგიკული ამბავი შეემთხვა. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, გადაღებების წინ, ლოკაციების შერჩევისას, საკმაოდ საინტერესო ამბებს აწყდებიან. მსახიობი იმასაც ამბობს, რომ სერიალს წარმოუდგენლად მწირი ბიუჯეტით იღებენ. ამ თემების შესახებ თავად გიორგი გვესაუბრება.

- სერიალის რეჟისორს, ლევან დაბრუნდაშვილს, დიდი ხანია ვიცნობ. თავიდან პროფესიიდან გამომდინარე ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ ყველაფერი მეგობრობაში გადაიზარდა და დღემდე ტკბილად და კარგად ვართ. მისი პროექტის შესახებ ზაფხულში შევიტყვე, გადაღებები 12 აგვისტოს დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ სერიალში, როგორც მსახიობი ვმონაწილეობ, იმავდროულად ლოკაციის მენეჯერი ვარ და რა ადგილებსაც ხედავს მაყურებელი, ჩემი და ჩემი თანაშემწის გაკეთებულია. უმთავრესი გადაღებები ფონიჭალაში, საპატრიარქოს ტყე-პარკში გვაქვს. იქ არის ყაჩაღების საცხოვრებელი ადგილი, ტრაქტირი, არჩილის სახლი. გვერდში დგომისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მამა დავით კემულარიას. თავადების სცენების ინტერიერი კინოსა და თეატრის მუზეუმშიცაა გადაღებული, ექსტერიერი - რუსთაველის თეატრის ვიპდარბაზში. ერთი თხოვნა მექნება ყველასთან, ვისთანაც მოსალაპარაკებლად მივალ. ლოკაციის შერჩევისას, როცა ტელევიზიას ვასახელებ, რახან ''ჯიდიესია'' და ბერა ივანიშვილს ეკუთვნის, ისეთ თანხებს აბრახუნებენ, გაგეცინება. ვფიქრობ, მეტი თანადგომის უნარია საჭირო, ქვეყნის სიყვარული, კინოს განვითარების მხარდაჭერა.

- ეს არ უნდა გიკვირდეთ, ''ჯიდიესი'' დღეს ყველაზე მდიდარ ტელევიზიად მიიჩნევა ჩვენს ქვეყანაში...

- შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ფილმის ბიუჯეტი არის წარმოუდგენლად მცირე და ვაკეთებთ ხარისხიან პროდუქტს, ძალიან იაფად.

- გიო, თქვენს გმირზე მესაუბრეთ...

- ერთ-ერთ გავარდნილს ვთამაშობ, ასე გვეძახიან ფილმში და არა ყაჩაღს. ქიარიმა ჰქვია. ისლამური სახელია, მუჰამედს ჰყავდა 99 წმინდანი, რომლებიც მის სიტყვას ავრცელებდნენ და მათგან ერთ-ერთი ქიარიმი იყო. ნიშნავს ბრძენს, ხელგაშლილს და კიდევ რამდენიმე ინტერპრეტაცია აქვს. ჩემს პერსონაჟს სახელი ლევანმა შეურჩია, მაგრამ ვდავობთ და ვერ ჩამოვყალიბდით, ვინ არის (იღიმის). ხან ქართლელი ვარ, ხან კახელი, ვერ ''მოვუძებნეთ'' ადგილმდებარეობა, ანუ საიდანაა წარმოშობით. ქიარიმა ცივსისხლიანი მკვლელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დრამატული და სევდიანი გმირი.

- ერთ-ერთი სევდიანი ეპიზოდი იყო, როცა თქვენი გმირი ჰყვება, რომ საცოლე ოთხმა კაცმა გაუუპატიურა, რის შემდეგაც ქალმა თავი მოიკლა...

- ''ოთხმა მუტრუკმა გამიუპატიურა საცოლე''. ამის გამო ჩემს გმირს სამი გარეწარი თავადი მოკლული ჰყავს, მეოთხეს ტრაქტირში შემთხვევით შეეფეთება და იქვე გამოასალმებს სიცოცხლეს.

- მომავალ მსახიობებს თეატრალურში არ აქვთ კამერასთან მუშაობის გამოცდილება, ცხენზე ჯირითი არ იციან და სხვა უამრავი დეტალია პრობლემური...

- დიახ, სამწუხაროდ, თეატრალურში არ არის ამის საშუალება. პირადად ჩემზე რომ ვილაპარაკოთ, გეტყვით, რომ ბავშვობიდან ვიყავი სპორტით დაკავებული. საბრძოლო ხელოვნებას ''კიო კუშინ კაი კარატეს'' 9 წელი ვეუფლებოდი. ძალიან დამეხმარა როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ისე სიბრძნეც მასწავლა. ეს საერთოდ ცალკე სკოლა და კულტურაა. ჯირითსაც ბავშვობიდანვე შევეჩვიე და საამისოდ იპოდრომზე დავდიოდი. პატარაობაში მიყვარდა სპექტაკლების დადგმა, ხან რობინ ჰუდს ვასახიერებდი და ხან მუშკეტერებს.

- კამერასთან მუშაობაც უჭირს ბევრს, ზედმეტად ხელოვნურები არიან...

- კამერასთან მუშაობას სულ სხვა სპეციფიკა აქვს და გამოცდილება სჭირდება. ლევანიც ამბობს, რომ ბევრ ადამიანს, რომელიც თეატრში მუშაობს, კინოში თამაში უჭირს. მე ნაკლები დრო მაქვს თეატრში გატარებული. ინსტიტუტის მერე რამდენიმე წელი მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი, მაქსიმუმ, 10 საბავშვო სპექტაკლში მექნება მონაწილეობა მიღებული. მას შემდეგ 18 წელია კინოში ვარ, ალბათ, ეს ფაქტორიც მოქმედებს იმაზე, რომ ნაკლებად თეატრალური ვარ კამერის წინ. თუმცა ეს უკვე მაყურებელმა უნდა შეაფასოს. ვფიქრობ, ამ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე. არ მახსოვს, უარი მეთქვას რამეზე, თუნდაც ეს მესამეხარისხოვანი როლი ყოფილიყო. თუ მსახიობი ხარ, ყველა როლს უნდა დათანხმდე, ამით იღებ გამოცდილებას და იხვეწები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება