რაზე თქვა უარი ლელა მებურიშვილმა შვილის გამო

რაზე თქვა უარი ლელა მებურიშვილმა შვილის გამო

მსახიობ ლელა მებურიშვილს მარჯანიშვილის თეატრში შევხვდით და მის ახლანდელ ცხოვრებაზე ინტერვიუ ჩავწერეთ. ფოტოზეც კარგად ჩანს, რომ მსახიობს ახალი ვარცხნილობა აქვს, რომელიც ძალიან უხდება.

- ციცინო კობიაშვილის ახალ სპექტაკლ ''კაცებში'' ვმონაწილეობ. სათაურიდან გამომდინარეც ჩანს, რომ კაცები მთავარი მოქმედი გმირები არიან. ეს არის კომედია, რომელშიც სხვადასხვა ტიპის კაცების პრობლემებია ასახული. მე და ანა სანაია მეორე ნაწილში შევდივართ და უფრო ვახალისებთ სპექტაკლს.

- ამ სპექტაკლის გარდა კიდევ სად ხარ დაკავებული?

- ალექსანდრე ხუთი თვის მყავს და ბოლო პერიოდში მხოლოდ მისით ვარ დაკავებული. რაღაც შემოთავაზებები მქონდა, რომლებზეც უარი ვთქვი. მერჩივნა, მთელი დრო ბავშვთან გამეტარებინა. იანვრიდან მინდა, ისევ აქტიურად ჩავება სამსახურში.

- ყველას გვაინტერესებს, შესაძლებელია, დაბრუნდე ''ჩემი ცოლის დაქალებში''?

- ჩვენი პროფესია ისეთია, გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. რამდენიმე თვის წინ ეს კითხვა რომ დაგესვათ, ვიტყოდი, ვბრუნდები-მეთქი. ასე შევთანხმდით, რომ ჩემი ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ სერიალში ჩემი გმირი დაბრუნდებოდა. დაახლოებით სიუჟეტიც კი ვიცოდით, მაგრამ ცხოვრებაში დაგეგმილად არაფერი ხდება. ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ დავბრუნდე, მაგრამ ამ ეტაპზე არც მე და არც სერიალზე მომუშავეები ამ მიმართულებით არაფერს ვგეგმავთ.

- თქვენ შორის არსებული შეთანხმება ვისი მხრიდან დაირღვა?

- როცა ამერიკიდან ჩამოვედი, გადაწყდა, რომ სერიალში სიახლე სხვა პერსონაჟებით შეეტანათ. ამ გადაწყვეტილებას სავსებით ვეთანხმები. ალბათ, ასე იყო საჭირო.

- ამერიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში იყავი. საქართველოში წერდნენ, რომ იქ აპირებდი კარიერის გაგრძელებას.

- ძალიან კარგი იქნებოდა. ამერიკაში რომ ჩავედი, ფეხმძიმედ ვიყავი. ვცდილობდი, სააგენტოებში ჩემი მონაცემები გადამეგზავნა, მაგრამ პირადად ვერ მივიდოდი. ვფიქრობდით, რომ მშობიარობის შემდეგ უფრო ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი, მაგრამ სამსახურშიც უნდა დავბრუნებულიყავი. ''რუსთავი 2'' მელოდებოდა. უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ მეთქვა, ამერიკაში ცხოვრება გამიტკბა და აქ ვრჩები-მეთქი. შეიძლებოდა დარჩენა და რაიმე სიახლის დაგეგმვა, მაგრამ წამოვედი.

- რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც ამერიკაში მშობიარობა?

- სანამ წავიდოდი, ძალიან დიდხანს ვიფიქრე. რთული იყო ამერიკაში მარტო წასვლა. მართალია, იქ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ, მაგრამ მშობლების გარეშე ძალიან გამიძნელდებოდა ბავშვის გაჩენა. ამერიკაში გამგზავრებას იმდენი პლუსი ჰქონდა, რომ უარს ვერ ვიტყოდი. დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ჩემმა მეგობრებმა, რომლებმაც ამერიკაში იმშობიარეს, მითხრეს, საქართველოშიც გავაჩინეთ და ამერიკაშიც, იქ იმდენად მარტივად მოხდა ყველაფერი, ვერც შევადარებთო. უხერხული თემაა, მაგრამ ისე ვიმშობიარე, ''საერთოდ არაფერი გამიგია...''. საქართველოში ასე იშვიათად ხდება. ალბათ, ტექნიკა არ გვაქვს ისეთი, როგორიც ამერიკაში, თორემ ვიცი, რომ საქართველოში ძალიან კარგი ექიმები გვყავს.

- ახერხებ ალექსანდრესთან ბევრი დროის გატარებას?

- დედობა იმდენად მაგარი გრძნობაა, რომ მინდა, ყოველი წუთი და წამი მასთან ერთად ვიყო, მაგრამ ამის მოხერხება შეუძლებელია. დედობა ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება. შეიძლება, მე და ჩემი ქმარი წავიდეთ სადმე და გავერთოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ორივეს ერთი სული გვაქვს, რომ ალექსანდრესთან ჩქარა მივიდეთ. შვილზე დიდი საოცრება არ არსებობს.

- როგორ გეგმავთ ახალი წლის გატარებას?

- აქამდე ახალ წელს სახლში ვხვდებოდით და მერე გასართობად სხვაგან მივდიოდით, ახლა არ ვიცი, როგორი ახალი წელი გვექნება. ალბათ, სტუმრები ჩვენთან მოვლენ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება