უჩვეულო პერფომანსი - მსახიობები და მაყურებლები ერთად სცენაზე

უჩვეულო პერფომანსი - მსახიობები და მაყურებლები ერთად სცენაზე

ახმეტელის თეატრში კიდევ ერთი ინოვაციური, ექსტრაორდინარული წარმოდგენა გაიმართა. ეს ამ თეატრის მესამე უჩვეულო სანახაობაა, რომლის ფარგლებში ანტონინ მარტოს (იგივე ირაკლი კაკაბაძე) პიესის "მედეა და ოიდიპოსის" საჯარო კითხვა გაიმართა.

ეს არის XXI საუკუნის პარა-ნორმო+ზის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსფორმაციის თეატრი, რომელშიც მაყურებელი მონაწილეობს. ექსტრემალურ თეატრში ყველა მონაწილე თანასწორია, დასწრება თავისუფალია, მაგრამ დასწრების მსურველებს ბილეთის ნაცვლად მოეთხოვებათ - სწრაფვა გამთლიანებული აზროვნებისკენ და პროფესიონალური კამერა, აიფონი...

პერფომანსი-დრამა - "მედეა და ოიდიპოსის" რეჟისორი ირაკლი გოგია გახლდათ. მონაწილეობდნენ: სოფია სებისკვერაძე, ბექნუ ქაფიანიძე, გიგი მიგრიაული, ანდრეა გველესიანი, გიორგი ცხადაძე და ქეთი გიორგაძე... 

ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, სოფია სებისკვერაძეს გავესაუბრეთ.

- ეს არის ერთგვარი ფორმა, რომელსაც მსახიობები "ჩიტკას" ვეძახით. მაგ დროს არაფერს ვდგამთ, პიესას ექსპრომტად ვკითხულობთ და შეიძლება იქვე გავითამაშოთ რამე, ან მაყურებელიც ჩავრთოთ: ავიყოლიოთ, წავაკითხოთ, რაღაც ფორმით მივაღებინოთ მონაწილეობა. სხვათა შორის, ჩვენს თეატრში მეორედ მოხდა ასეთი ფაქტი და ასეთ პერფომანსში მეორედ ვმონაწილეობდი. ორივეჯერ ირაკლის (ანტონინ მარტო) პიესა იყო.

პირველი - სახურავზე იყო, სადაც ხალხი მეხანძრეების კიბით ამოვიდა. შემდეგ კიბე მოხნეს შენობას და სანამ "ჩიტკა" არ დამთავრდა, ხალხი სახურავიდან ქვემოთ ვერ ჩავიდა.

- ახლა ხომ დახურულ სივრცეში, თეატრის სცენაზე კიხულობდით?

- კი, ეს იყო "ჩიტკა"-პერფომანსი სცენაზე, სადაც მსახიობები და მაყურებლები ერთად ვისხედით. სცენის ფარდა დახურული იყო, ანუ ყველანი სცენის ატმოსფეროში ვიყავით გაბნეულები. სტუმრები, ავტორი, მსახიობები, ყველას ჰქონდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო, ფოტოები, ვიდეო გადაეღო, პრინციპში, მოთხოვნაც კი იყო გადაეღოთ. ვინც ამას არ იზამდა, ისინი შეიძლება, დაეთხოვათ კიდეც იქიდან. მოკლედ, ყველანი აქტიურად იყვნენ პროცესში ჩართულები.

- რა არის მსახიობისთვის ასეთ პერფომანსში მონაწილეობა? როცა პრაქტიკულად, ყველა სტანდარტი დარღვეულია...

- მსახიობისთვის სასიამოვნოა ასეთ პერფომანსში მონაწილება და ალბათ, მაყურებლისთვისაც. დღევანდელმა თეატრმა ვფიქრობ, აქამდე არსებული, ტრადიციული ფორმა, სტილი, თემატიკა ამოწურა. ამიტომ, საინტერესო იქნება თუ ქართული თეატრები სხვადასხვა ღონისძიებით, პერფომანსით დაიტვირთება. ეს პირველ რიგში, მაყურებლისთვის არის საინტერესო.

- შენ ამ "ჩიტკაში" მთავარი როლი გქონდა...

- მედეა ვიყავი. გვყავდა ოიდიპოსი, აზდაკი და შალვა ნათელაშვილი. მიდიოდა მსჯელობა იმაზე, ადამიანს როგორ უნდა ჩაენაცვლოს ტექნიკა, კერძოდ, კომპიუტერები. ხალხი შუაზე გაიყო, - ვის აწყობდა და ვის - არა. ჩემი პერსონაჟი ცდილობდა, რომ ადამიანები ტექნიკას არ შეეცვალა. მოქმედება ზესტაფონის "ფეროში" ხდებოდა.

- ე.ი. "ფეროში" კომპიუტერები შეიტანეს, იქაურობის ახალი ტექნიკით გადაიარაღებას აპირებენ და მედეა ამას ეწინააღმდეგება?..

- კი, და იმ კომპიუტერებს ააფეთქებს, რომ ხალხმა სამსახური არ დაკარგოს...

- არადა, პროგრესული ადამიანი ხარ, შენი პერსონაჟი კი ცივილიზაციას ეწინააღმდეგება...

- სავალდებულო არ არის, ყოველთვის ისეთი ადამიანი განასახიერო, რომელიც შენს ფასეულობებს ეთანხმება. უბრალოდ სასიამოვნო იყო ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა. დატვირთული გახლდათ სიმღერებით. საინტერესო იყო ასევე, ხალხი როგორ მიიღებდა მას და რა მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.

- ამ პერფომანსის ფოტოები იმაზე მეტყველებს, რომ საკმაოდ თამამი სცენებიც იყო. შენ და შენი პარტნიორი მაგიდაზე პიკანტურადაც ისხედით...

- ჩემი უშუალო პარტნიორი ოიდიპოსია. ის მედეას პერსონაჟის შეყვარებულია, ეტრფის მას, რომელსაც ჩაითრევს კიდეც მისი მიზნის მისაღწევად საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ ოიდიპოსი კომპიუტერული ტექნიკის, განვითარებისა და ცივილიზაციის მომხრეა. მოკლედ, მისი აფეთქების საქმეში ერთად მონაწილეობენ. მედეამ ამ ხრიკით მიაღწია იმას, რომ თავის მხარეზე გადაიყვანა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი. ამასთან, პიესა სავსეა იუმორით.

- შენ რა ნიშნით შეგარჩიეს?

- არ ვიცი, ამ თეატრის მსახიობი ვარ და ასე გადაწყვიტეს. ჩემი ინიციატივა ნამდვილად არ ყოფილა. დაგვირეკეს, პიესა გამოგვიგზავნეს, ორი-სამი დღით ადრე წავიკითხეთ და მერე ყველაფერი უკვე ექსპრომტად მოხდა. იქ იყო გასამართლებაც, რომელშიც ყველა მონაწილეობდა.

- აზდაკის როლი რაში მდგომარეობდა?

- აზდაკი ასამართლებდა, უნდა გაეთავისუფლებინათ თუ არა მედეა და ოიდიპოსი, - ხალხის აზრი იყო მთავარი. იყო დისკუსია, საქმის გარჩევა. საბოლოოდ დაადგინეს - მედეას და ოიდიპოსს აზდაკის განაჩენით ერთად ყოფნა მიესაჯათ, ასევე ბევრი შვილის გაჩენა, გამრავლება და მხოლოდ მათი გაშენებული, მოვლილი ბაღების პროდუქტის მირთმევა. აზდაკმა მათ თავისი "სამოთხე" შეუქმნა.

ირაკლი კაკაბაძე ძალიან საინტერესო ადამიანია, აქვს თავისი შეხედულებები, სასიამოვნოა მასთან მუშაობა. თვითონ ორივე პერფომანსზე კითხვისას, პროცესში იყო ჩართული.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება