რა ხდება მსოფლიოში პარიზის ტერაქტების შემდეგ - "ალ ქაიდა" საფრანგეთს კვლავ ახალი ტერაქტებით ემუქრება

რა ხდება მსოფლიოში პარიზის ტერაქტების შემდეგ - "ალ ქაიდა" საფრანგეთს კვლავ ახალი ტერაქტებით ემუქრება

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმისა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტული აქტების მსოფლიო რეზონანსი გრძელდება.

პარიზში გრანდიოზული აქციის - ერთიანობის მარშისთვის ემზადებიან. BBC-ის ინფორმაციით, ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად დაგეგმილ აქციაში, სავარაუდოდ, მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევის ინფორმაციით, მიღებული იქნება განსაკუთრებული ზომები აქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პარიზში 5 500 პოლიციელისა და სამხედროს მობილიზება იგეგმება. ქალაქის ცენტრში სახლების სახურავებზე კი სნაიპერები განლაგდებიან.

მარშში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის: გერმანიის კანცლერი ანგერლა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ერთობის მარშში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვ.

ამის მიუხედავად, "ალ ქაიდა" საფრანგეთს კვლავ ახალი ტერაქტებით ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ "სქაი ნიუსი" ავრცელებს.

"თქვენთვისვე უმჯობესია მუსლიმთა წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოთ, რათა უსაფრთხოდ იცხოვროთ", - აცხადებს "ალ ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი, ჰარით ალ ნადარი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში.

ჰარით ალ ნადარი ასევე აცხადებს, რომ ისინი, ვინც მუსლიმთა წინააღმდეგ იბრძვიან, უსაფრთხოდ ვერ იქნებიან, ვიდრე ალაჰს, მის წარგზავნილებსა და მორწმუნეებს ებრძვიან.

ტერორისტულ აქტებს ეხმაურება იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. მისი თქმით, მკვლელობები პარიზში წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების შედეგია.

"ძალზე გაუბედავად ვიცავდით ჩვენს ღირებულებებს. ერთი სანტიმეტრითაც უკან არ უნდა დავიხიოთ ჩვენი ცივილიზაციის დაცვაში. მილიტარისტული ისლამიზმი დასავლეთის მთავარი საფრთხეა. ჩვენ ვდგავართ ევროპული საგარეო პოლიტიკის წინაშე, რომელიც არასწორი აღმოჩნდა: არაბული გაზაფხულით მოვახდინეთ ჩრდილოეთ აფრიკის დესტაბილიზაცია, კადაფის რეჟიმის დამხობამ მოგვიტანა ხალიფატი და იგივე ეხება ერაყიდან ჯარების გამოყვანას. ახლა იგივე შეცდომა ავღანეთში არ უნდა დავუშვათ ჯარების გამოყვანით", - წერს ბერლუსკონი სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის გვერდზე.

აშშ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"უკანასკნელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა, ვის მიერაც არ უნდა იყოს განხორციელებული - ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების, მხარდამჭერებისა თუ ცალკეული ადამიანების, აჩვენა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საფრანგეთში მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართალია ტერაქტების უშუალო საფრთხე საფრანგეთში მოხსნილია, თუმცა ვითარება ჯერ კიდევ არასტაბილური რჩება.

არ წყდება არც ტერორისტული აქტების მცდელობები. სტამბულის ორი სავაჭრო ცენტრი გუშინ აფეთქებას გადაურჩა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ცენტრებში მომხმარებლებმა ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მათ საეჭვო პაკეტები შენიშნეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცენტრების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პაკეტებში თვითნაკეთი გაზის ასაფეთებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

შეგახსენებთ, სამშაბათს სტამბულის ცენტრში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა