2014 წლის წარმატებული ქართველი ლიტერატორი

2014 წლის წარმატებული ქართველი ლიტერატორი

ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორს - გიორგი კეკელიძეს გასული წელი წარმატებული ჰქონდა. საახალწლო წიგნის ფესტივალზე მისი "გურული დღიურები" (ერთი თვის გამოცემული) წლის ეროვნულ ბესტსელერად დასახელდა, ხოლო ლექსების კრებული "წინანდლის პრემიის" ფინალში გავიდა.

"ამბები.გე" წლის ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანს გაესაუბრა.

- საინტერესოა პოეტს რამ გადაგაწყვეტინა პროზაში მუშაობა, კონკრეტულად კი "გურულ დღიურებზე?"'

- ყოველთვის მინდოდა, პროზაში მესინჯა ძალა. ესეისტიკა ამ "უღრანში" შესასვლელად, მოსახერხებელი გზაა, მეტაფორულობას ადვილად იტანს და პოეზიის "გადმოყოლა" ტრაგედია არ არის. შესაბამისად, ეს ერთგვარი გარდამავალი ტექსტია. რაც შეეხება თემატიკას - ეს ბავშვობის ემოციებმა და გურიის სიყვარულმა განსაზღვრა.

- მუშაობისას რას ფიქრობდი?

- შაბათ-კვირას, არასამუშაო დღეებში გურიაში ჩავდიოდი და კიდევ ერთხელ ვაკვირდებოდი გურულების ყოფას. მეორე მხრივ, ვმოგზაურობდი საკუთარ წარსულში, ადამიანებთან, რომელთაც გარკვეულწილად ჩემი ჩამოყალიბება განსაზღვრეს.

- რა დრო დასჭირდა ამ წიგნზე მუშაობას?

- წერის პროცესმა ერთი წელი წაიღო, დაკვირვება კი, ცხადია, მთელ შეგნებულ ცხოვრებას მოიცავს.

- მთავარი რა იყო, ანუ აქცენტს რაზე აკეთებდი?

- მთავარი ოთხმოცდაათიანი წლების გურიაა, რომელიც, გარკვეული მოსაზრებით, მთელ საქართველოზე ზოგადდება. ძალიან რთული პერიოდის და ძალიან კარგი პერიოდის - კონკრეტულად (ვგულისხმობ ბავშვობას) კავშირი და დაპირისპირება იყო ჩემი მთავარი მიზანი. გარეკანი შევარდნაძის ოთხმოცდაათიანებს უკავშირდება.

- როდესაც გამოიცა და გავრცელდა, წიგნი აიტაცეს. დიდი დაინტერსება გამოიწვია. ამას თუ ელოდი?

- გამიკვირდა, რომ გამოსვლიდან ერთ თვეში, წიგნი წლის (2014) ბესტსელერი გახდა. როგორც ვიცი, პოზიციებს არც წელს თმობს. ამისთვის მკითხველისადმი მხოლოდ მადლობა მეთქმის. ეს დიდი და მნიშვნელოვანი სტიმულია.

- როგორ აფასებ?

- ცხადია, ჩემი შეფასება სუბიექტურია და გახარებული ვარ, მაგრამ ზოგადად, ობიექტურადაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი ამბავია, როცა წიგნი სოციალურ სივრცეში პოლიტიკური თემების კონკურენტი ხდება, თუნდაც იმ სპონტანური აქციით, რომელიც წიგნთან ფოტოს გადაღებას გულისხმობს. შესანიშნავია თუ ლიტერატურა მოდურ თემად იქცევა.

- "წინანდლის პრემია" - სერიოზული ჯილდოა... ეს რამ განსაზვრა?

- ჩემთვის ეს ამბავი, გამოგიტყდებით, იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გურული დღიურების ფონზე, მკითხველს უკვე დაავიწყდა ლექსებს თუ ვწერდი და ვეჭვიანობდი კიდეც ამ დღიურებზე. წინანდლის პრემია ლექსების კრებულისთვის "პოეზია - 2008-2013" გადმომეცა. წინასიტყვაობის ავტორი ზურაბ კიკნაძეა, გამომცემელი - "სიესტა".''

- ახლა რა გეგმებ გაქვს?

- გარდა საბიბლიოთეკო საქმინობისა და ლექციებისა, ვმუშაობ "გურული დღიურების" მეორე ნაწილზე, რომელიც უკვე მხატვრული პროზაა და არა ესეისტიკა. ასევე ვწერ წიგნს ფეხბურთის ქართულ ისტორიაზე. ლექსების წერასაც გავაგრძელებ, იმედია.

ახლა გიორგი კეკელიძის წიგნიდან ავტორისთვის საყვარელ და მნიშვნელოვან ეპიზოდს გთავაზობთ, რომლებიც ბებია-ბაბუებზეა:

"ერთხელ მორიგი შეყვარებული დამშორდა. საქმე ასე იყო, რომ დროებით ჩამოვიდა სასწავლებლად ოზურგეთში. თბილისში მაშინ ზამთრობით ციოდა, ბინებს ვერ ათბობდნენ და ნახევარი სემესტრით გადმოიყვანეს "შეშის ფეჩისთვის". გაზაფხულზე წავიდა და მე გავედი ქუჩაში და ვიარე და ვიარე. ლამის ქალაქის ბოლომდე, სადაც ტროლეიბუსის გაჩერება იყო და სოფელი დვაბზუ იწყებოდა. იქ ძაღლი დავინახე. გამხდარი და ბეწვგაცლილი. მუნიანს ვეძახდით ასეთს. საკუთარი თავივით შემეცოდა. იქვე ახლოს, ლუდაიას ბუტკაში, მრგვალი პური ვინისიე (სად გაქრა ახლა ასეთი პურები?) და ნატეხ-ნატეხ, ლუკმა-ლუკმა ვუყრიდი. ის ზოგს ჰაერში იჭერდა, ზოგი პირიდან უვარდებოდა. გაშტერებული ვუყურებდი და იმ გოგოზეც ვეღარ ვფიქრობდი. კინო-კადრივით ამბავი და უცებ ზურგიდან მომესმა: წამოხვალ აწი სახლში? ბებიაჩემი გამომყოლია და მითვალთვალებდა. პირველად არ გაუკეთებია ეს, მაგრამ ძალიან, ძალიან შემრცხვა და ტირილი დავიწყე. მერე მოვუყევი. იცინოდა. მითხრა: სიყვარული გამოგონებააო. მაგრამ ისევე, როგორც შენ შექმნილ სხვა გამოგონებებს, ძნელად ელევიო. ბაბუაშენიო. პოლიკარპეს და ნენეს ამბავიო. ვიტალიამ თავი რომ დეიხრჩოო, კაი რა მეიწიაო. ელენა ხო გახსოვსო. ნინაია შლეგიანიც. ცალ ყურში მესმოდა ეს შეგონებები და მეწვოდა ეს ყური. მეორეზე უფრო".

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება