საკუთარი ფილმების ყურება იშვიათად იცოდა. ყველაზე მეტჯერ ''ვედრება'' ჰქონდა ნანახი. მის ამ თუ სხვა ფილმებს ყურადღება არასოდეს აკლდა, თუმცა ისეთი აღიარება და წარმატება, რომელიც თენგიზ აბულაძეს ''მონანიების'' ეკრანებზე გამოსვლამ მოუტანა, საბჭოთა რეჟისორთაგან ცოტას თუ ერგო. 31 იანვარი თენგიზ აბულაძის დაბადების დღეა. 2014 წელს რეჟისორის დაბადებიდან 90, ხოლო ''მონანიების'' გადაღებიდან 30 წელი შესრულდა. ''ვედრებისა'' და ''ნატვრის ხის'' შემდეგ ''მონანიება'' იყო რეჟისორ თენგიზ აბულაძის ტრილოგიის დასასრული...
1984 წელის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი ''მონანიება'' უკვე გადაღებული იყო, თუმცა დრამა ეკრანებზე მოგვიანებით გამოვიდა. სიუჟეტის მიხედვით, საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ვარლამ არავიძე, უდანაშაულო მოქალაქეებს სასიკვდილოდ და რეპრესიებისთვის წირავს. წლების შემდეგ ერთ-ერთი განადგურებული ოჯახის შვილი ქეთევან ბარათელი ვარლამს საფლავიდან ამოთხრის და მომხდარით შეძრწუნებულ საზოგადოებას მისი ბნელი საქმეების შესახებ მოუთხრობს. წინაპრების მიერ განვლილი, სხვადასხვა ცოდვით დამძიმებული გზის გააზრება არავიძეების შთამომავალ თორნიკესთვის რთულად ასატანი ხდება, მამასთან მწვავე კონფლიქტის შემდეგ ის თვითმკვლელობამდე მიდის...
ფილმის სიუჟეტურ ღერძად შემთხვევით მოსმენილი ამბავი იქცა, თუმცა სცენარის გარშემო რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთის მიხედვით, თენგიზ აბულაძეს პოლიტიკური რეპრესიების თემაზე სურათის გადაღება სურდა და საამისო მასალას ეძებდა, როცა ერთ დღეს, ქუჩაში, მარტვილიდან ახალდაბრუნებული მწერალი ნოდარ წულეისკირი შეხვდა და ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ნოდარმა რეჟისორს უამბო, რომ სოფლის ერთმა მცხოვრებმა კაცმა თანასოფლელი პროკურორის ცხედარი საფლავიდან რამდენჯერმე ამოთხარა და ჭირისუფლის ჭიშკართან მიაყუდა.