საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე რადიკალების პარტია "სირიზამ" გაიმარჯვა. უცხოური მედიის ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, პარტია "სირიზას" არჩევნებში მონაწილეთა 36,5%-მა დაუჭირა მხარი, რაც პარლამენტში 149 ადგილს ნიშნავს.
"საბერძნეთის მოქალაქეებო, დღეს თქვენ, თქვენი იმედების ისტორია დაწერეთ. ჩვენ შევასრულებთ ყველაფერს, რაც დაგპირდით. თქვენ მიიღებთ სამუშაო ადგილებს და არ ინანებთ საკუთარ არჩევანს", - განაცხადა "სირიზას" ლიდერმა. პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად ალექსის ციპრასის პარტიას ორი მანდატი დააკლდა, რის გამოც "სირიზა" კოალიციურ მთავრობას შექმნის მემარჯვენე ნაციონალურ პარტია "დამოუკიდებელ ბერძნებთან".
"ბიბისის" ინფორმაციით, "დამოუკიდებელი ბერძნები" საბერძნეთის 300-კაციან პარლამენტში 13 მანდატით იქნებიან წარმოდგენილი. წინასწარი შედეგებით, საბერძნეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ანტონის სამარასის პარტიამ "ახალი დემოკრატია" არჩევნებში მონაწილეთა ხმების 27,8% მიიღო, რაც პარლამენტში 76 მანდატს უდრის, მესამე ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტიაა "ოქროს განთიადი" (Golden Dawn) ხმების 6,3%-ით (17 მანდატი).