"თუ მომღერალი ხარ, ბგერად უნდა იქცე" - მანანა მენაბდის ლიტერატურული პალიტრა

"თუ მომღერალი ხარ, ბგერად უნდა იქცე" - მანანა მენაბდის ლიტერატურული პალიტრა

ზურგით მყუდრო კაფეში კარისკენ მჯდომს, შეკითხვით რომ მომმართა, თქვენ ხართ თამარი? - მაშინვე გავთავისუფლდი მღელვარებისგან. ასაღელვებლად კი ბევრი მიზეზი მქონდა - ინტერვიუს ჩასაწერად ისეთ მრავალმხრივ საინტერესო ადამიანთან მივდიოდი, შესაძლო იყო, მცირე დაუდევრობით, უყურადღებობით ან მნიშვნელოვანი დეტალის არცოდნით რაღაც ღირებული გამეფუჭებინა. მაგრამ როგორც კი სათვალეებისა და მკაცრი შუბლის მიღმა მისი თავმდაბალი და  მეგობრული მზერა დავიჭირე, მივხვდი, არ უნდა მენერვიულა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების რამდენიმე სფეროში მოღვაწეობს, იქნება ეს მუსიკა, ლიტერატურა, ხატვა, ფოტოგრაფია თუ სხვა, მაინც ხაზს უსვამს თავის თავმდაბლობას და კრიტიკულ დამოკიდებულებას საკუთარი ქმნილებების მიმართ.

აღნიშნავს, რომ საჭიროა მუდმივი განვითარება, მუდმივი კითხვა, ინტელექტის ამაღლება, რათა ხელოვანმა ღირებული რამ შექმნას.

მანანა მენაბდის პროზაული ნაწარმოებები: "ერთი მარკის ისტორია", "ციცინათელა", "რატომ ყივიან ქალაქში მამლები" და "ჭიამაია" "ლიტერატურული პალიტრის" თებერვლის ნომერში დაიბეჭდა. მცირეტანიანი მოთხრობები რამდენიმე საინტერესო თემას ეხება და ავტორის შინაგან სამყაროს წერის პოეტური მანერით აცნობს მკითხველს. ამიტომ საუბარს ხელოვანთან "ერთი მარკის ისტორიიდან" ფრაგმენტის ხაზგასმით ვიწყებ: "ახლა ორი თილისმა მაქვს, ერთი იმისთვის, რომ სიყვარული შემახსენოს, მეორე კი იმისთვის, რომ წამიერზე და მარადიულზე დამაფიქროს" და ვეკითხები, აქვს თუ არა, მისი პერსონაჟის მსგავსად, რაიმე თილისმა.

"ზოგი მწერალი, ალბათ 50%-ით საკუთარ თავზე წერს. ეს ჩემი ისტორიაა თავისებურად გადმოტანილი. თუ იმას, რაც ცხოვრებაში ხდება, ზუსტად გადმოიტან ხელოვნებაში, შეიძლება თავისი სიმართლე დაკარგოს. პარადოქსია, მაგრამ ხშირად ასეც ხდება", - აღნიშნავს ის.

ღირებულებებზე მესაუბრება: "ჩემთვის მთავარი ღირებულებაა: პატიოსნება. როდესაც შენ მარტო შენ თავზე კი არა, შენს გვერდით მყოფ ადამიანებზე ფიქრობ. სულ ერთია ეს ვინ იქნება, მეგობარი თუ ოჯახის წევრი. პატიოსნება თავის თავში ბევრ რამე შეიცავს და მისი დანაწევრება რთულია. პატიოსნებაში მოიაზრება, მაგალითად, როგორი მოქალაქე ხარ შენ, როგორი შვილი, როგორი და, როგორი დედა, ბებია, მეგობარი და ა.შ."

პატიოსნებასა და მოქალაქეობრივ მოვალეობებზე საუბრისას თავისი ბავშვობიდან ერთ ეპიზოდს იხსენებს: როდესაც 5-6 წლის იყო, ძირს დაგდებული პური აიღო და სუფთა ადგილას გადადო, რათა ჩიტებს მისი აკენკვა შესძლებოდათ. ცხოველების, ფრინველებისა თუ მწერების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მისი მოთხრობებიდანაც ჩანს. "- არ გაგექცეს, ბაბუ, კარგად დაიჭი! - შეჰკივლა ბიჭმა და ციცინათელას ქინძისთავი შიგ გულში, ხანჯალივით ატაკა. ციცინათელამ უღონო ფეხები რამდენჯერმე გაასავსავა, შეკრთა და ჩაქრა." (ფრაგმენტი მოთხრობიდან "ციცინათელა").

ასევე განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ნებისმიერი საქმის მიმართ, რასაც ხელს მოკიდებს. ამ დამოკიდებულებას "დაავადებას" ეძახის და აღნიშნავს: "მე, უბრალოდ, ავად ვარ იმ ყველაფრით, რასაც ვაკეთებ. სანახევროდ არაფერი შემიძლია. შეიძლება ითქვას, პერფექციონიზმით ვარ ავად. არ მიყვარს ზერელე დამოკიდებულებები. ვერ გავერთობი ლიტერატურით, როდესაც ვიცი, რომ პარალელურ რეჟიმში არსებობენ დიდი პოეტები, დიდი პროზაიკოსები, დიდი ადამიანები. თუ მომღერალი ხარ, ბგერად უნდა იქცე, თუ ლიტერატორი - სიტყვად და ამ სიტყვაში გამთლიანდე".

თვითონ უკვე დიდი ხანია ბგერადაც იქცა, სიტყვადაც და ხელოვნების რამდენიმე სფეროთი "დაავადებული" აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას. მალე მისი ავტობიოგრაფიული რომანი "ფრენის დღე ოთხშაბათი" გამოვა. ამ წიგნის გამოცემას წლის ბოლოს გეგმავს. ასევე დაწყებული აქვს მუშაობა რომანზე, რომელშიც ადამიანის სულმოკლეობაზე გაამახვილებს ყურადღებას. "ადამიანი ძალიან სუსტი არსებაა, დგება მომენტი, როდესაც ადამიანი სიტუაციიდან გამომდინარე, საკუთარ ნამდვილ სახეს ამჟღავნებს. პირვანდელ სახეს - რა არის მასში ჩადებული და რაზე შეუძლია მას წასვლა". სხვა დეტალებს რომანთან დაკავშირებით, საიდუმლოდ ტოვებს და აქვე დასძენს, რომ ადამიანი საკუთარ თავს ვერასოდეს გაექცევა. "ადამიანი საკუთარი თავისგან სხვა ქალაქში გადავიდა"- იხსენებს ფრაგმენტს საკუთარი იგავ-არაკიდან...

თვითონაც ხშირად გადადის ქალაქიდან ქალაქში, მაგრამ ყოველთვის ბრუნდება უკან, საქართველოში, თბილისში. რადგან სურს, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქართველებს თავისი შემოქმედებით გაუზიაროს. თავისი შემოქმედებით შეახსენოს, რომ ზოგჯერ ძალიან მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამ გვეხმარება ადამიანად ქცევაში.

"ჰოდა, ვცხოვრობთ ასე, სულ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ სადღაც, რომელიღაცა მოსახვევში, ქუჩის ბოლოს, ან კიდევ ვინ იცის, სად, ერთი ევროს საფასურად საკუთარი თავი გველის, საკუთარი თავი, რომელიც ადამიანად ქცევაში დაგვეხმარებოდა..."

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება