რა პუნქტებზე ცდილობენ შეთანხმების მიღწევას მსოფლიოს ლიდერები მინსკში და პუტინის ჟესტი ქართველ ჟურნალისტებს

რა პუნქტებზე ცდილობენ შეთანხმების მიღწევას მსოფლიოს ლიდერები მინსკში და პუტინის ჟესტი ქართველ ჟურნალისტებს

მინსკში "ნორმანდიულ ოთხეულს" შორის მოლაპარაკებები უკვე 14 საათია, მიმდინარეობს. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტები უკრაინის კონფლიქტის აღმოფხვრის გზებზე მსჯელობენ. შეხვედრა გუშინ საღამოს, თბილისის დროით, 21:15 წუთზე დაიწყო. "მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ევგენი პერებიინისმა.

შეხვედრას რუსეთის პირველი დიპლომატი, სერგეი ლავროვიც ესწრება, მან მოლაპარაკებები მხოლოდ ერთი სიტყვით შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრა "მშვენივრად მიმდინარეობს".

განსხვავებულია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეფასებები: "მიმდინარეობს აქტიური, დაძაბული დისკუსია, ვმუშაობთ შესაძლო შეთანხმებებზე".

პრეზიდენტებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ძირითადი პუნქტების შესახებ ინფორმაციას "ასოშეიტედ პრესი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პეტრო პოროშენკო, ვლადიმერ პუტინი, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი შემდეგ პირობებზე ცდილობენ შეთანხმების მიღწევას: 1. უკრაინას სურს აღმოსავლეთ რეგიონში სადემარკაციო ხაზი დარჩეს ისე, როგორც მხარეებმა სექტემბერში შეათანხმეს. რუსეთს კი სურს ახალი ხაზის გავლება და ამბოხებულებისთვის იმ ტერიტორიის მიკუთვნება, რაც მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიკავეს. 2. რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები და არტილერია აღმოსავლეთ უკრაინაში არ არის, უკრაინა კი მას ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. 3. უკრაინას სურს აღადგინოს კონტროლი რუსეთთან საზღვარზე, იმისათვის რომ გააკონტროლოს რუსეთიდან მებრძოლებისა და იარაღის შედინების პროცესი, მოსკოვი კი აცხადებს, რომ ეს საკითხი ამბოხებულებმა უნდა გადაწყვიტონ. 4. უკრაინა აცხადებს, რომ მას შეუძლია სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს უფრო მეტი უფლება მისცეს უკრაინის კანონდებლობის მიხედვით, რუსეთი კი ამის გარანტიებს ითხოვს და კიევს მოუწოდებს იზრუნოს აღმოსავლეთ რეგიონის ფინანსური ბლოკადის მოხსნაზე.

ამ დროისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დატოვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, ვლადიმერ პუტინმა კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ თითის დაქნევით შემოიფარგლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა