"ეზოში რაკეტის ნამსხვრევი გდია. ისეთი სურათი იყო, რომ მის დანახვაზე ნორმალური ადამიანი თავს ვერ შეიკავებდა. იქვე გდია დედის ჩანთა და ბავშვის სათამაშო. დედა დაიღუპა, 3 წლის ბავშვი მოგლეჯილი ხელით კი მთელი ღამე საოპერაციოში იწვა და ექიმები მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ, მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დროს, რომელიც 11 თებერვალს, მინსკის სამიტამდე გაიმართა.
გარდა ამისა, გამოსვლის დროს პოროშენკომ განაცხადა, რომ სურს დამპყრობელთა არმიამ უკრაინის ტერიტორია დატოვოს.
რაც შეეხება უახლეს ინფორმაციას უკრაინიდან, "უნიანი" უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პიოტრ მეხედის განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ "ბოევიკებს" კვირამდე დებალცევოს დაკავების ბრძანება აქვთ მიღებული. "დღეს ტერორისტებსა და პრორუს ძალებს დაავალეს დებალცევოში თავიანთი დროშის აღმართვა", - აცხადებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
მისივე თქმით, იგივე პრობლემაა მარიუპოლთან დაკავშირებითაც, თუმცა, პრორუსი ძალების გამოჩენა დებალცევოში უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე მარიუპოლში, ვინაიდან მარიუპოლს მთლიანად უკრაინის არმია აკონტროლებს. პიოტრ მეხედი ასევე აცხადებს, რომ, ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება.