"მანდარინები ერთადერთი ფილმი იყო, რომელსაც ფეხზე ამდგარი ოვაციები მოჰყვა" - ზაზა ურუშაძის პირველი კომენტარი "ოსკარის" ცერემონიის შემდეგ

"მანდარინები ერთადერთი ფილმი იყო, რომელსაც ფეხზე ამდგარი ოვაციები მოჰყვა" - ზაზა ურუშაძის პირველი კომენტარი "ოსკარის" ცერემონიის შემდეგ

ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. სამწუხაროდ, "უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციაში წარდგენილმა, ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონურმა პროექტმა - "მანდარინები", გამარჯვება ვერ მოიპოვა. ნომინაციის გამარჯვებული პოლონური ფილმი "იდა" გახდა.

საუკეთესო უცხოენოვან ფილმებს შორის, წარდგენილი იყო - რუსული ფილმი "ლევიათანი", პოლონური "იდა", მავრიტანიული "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ისტორიები".

"მე არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა, - ამის შესახებ "ოსკარზე" ნომინირებული ფილმის, "მანდარინების" რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, მსოფლიოს ხუთეულში დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია.

"ერთადერთი ფილმი, რომელზეც იყო ფეხზე ამდგარი ოვაციები – იყო "მანდარინები". თან ეს ორჯერ მოხდა. რეაქციები ძალიან კარგი იყო. უბრალოდ, "იდაც" ძალიან კარგი ფილმია. მე არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა. უკვე ის, რომ ჩვენ მსოფლიოს ხუთეულში ვიყავით დასახელებული, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. შემოთავაზებები არის. ჯერ ველოდებით დისტრიბუციას. ამერიკა დაახლოებით ორ თვეში დააყენებს ამერიკის კინოთეატრებში "მანდარინებს". ბევრ ქვეყანაში გაიყიდა", - განაცხადა ზაზა ურუშაძემ.

საკუთარ მოლოდინზე და ემოციებზე ისაუბრა მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ.

"შინაგანად იმისთვისაც მზად ვიყავი და ამისთვისაც, მაგრამ იმდენად საინტერესო სიტუაციაში ვართ, იმდენად მაგარია ის, რომ ხუთეულშია ჩვენი ფილმი, ვერც წარმოიდგენთ, ეს რა შეგრძნებაა. არც ვიცი, როგორ აგიხსნათ, აქ რომ ვართ, ჩვენთვის უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად", - აღნიშნა გიორგი ნაკაშიძემ.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება