ნინი ონიანი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა "კომედი არხზე" და ტელემაყურებლების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ კომედიური პერსონაჟების განსახიერება კარგად გამოსდის. ამბობს, რომ მხატვრულ ფილმში მონაწილეობასა და დრამატული როლის თამაშზე ოცნებობს.
- როგორც მსახიობი, პირველად სერიალში - "დეტექტივები" გიხილა საზოგადოებამ. ამ სერიალში როგორ მოხვდი?
- "დეტექტივებამდეც" მქონდა მსახიობობის გამოცდილება: 8-9 წლის ასაკში სარეკლამო ვიდეორგოლში გადამიღეს, სადაც მსახიობ ნინო კასრაძის ბავშვობა განვასახიერე. სამწუხაროდ, ეს რეკლამა რატომღაც, არ უჩვენეს. ამის შემდეგაც იყო "მცირე" გადაღებები. რაც შეეხება სერიალს - მასში კასტინგის საშუალებით მოვხვდი. კასტინგზე მისულს სერიალის რეჟისორი, ლაშა ცერიაშვილი და მსახიობები, მათ შორის - ზაზა იაქაშვილი დამხვდნენ. თითქმის მთელი 5 სერია იქვე მათამაშეს (იცინის).
- საკმაოდ თამამ სცენებში მონაწილეობდი. როლის მორგება არ გაგიჭირდა?
- მოგეხსენებათ, სერიალი "დეტექტივები" რეალურ ფაქტებზეა აგებული. ჰოდა, რომ გითხრათ, თამაში არ გამჭირვებია-მეთქი, - მოგატყუებთ. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მოყვარული მსახიობი ვიყავი, კამერის წინ გახდა და თამამ სცენებში მონაწილეობა კი პროფესიონალ მსახიობებსაც უჭირთ. საბედნიეროდ, როლის მორგებაში რეჟისორი, მსახიობები მეხმარებოდნენ და საქმე გამიადვილეს...
- ამ სერიალში მონაწილეობის შემდეგ სხვა შემოთავაზება არ გქონია?
- იყო შემოთავაზებები, მაგრამ მხოლოდ ე.წ. თამამ როლებს მთავაზობდნენ, მე კი ყველას უარს ვეუბნებოდი. არ მინდა, ერთი სტილის მსახიობად ჩამოვყალიბდე. ვფიქრობ, უფრო დიდი პოტენციალი მაქვს. იმედია, ოდესმე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის საშუალებაც მომეცემა.
- თამამ სცენებში მონაწილეობას რა შემთხვევაში დათანხმდები?
- თუკი ხარისხიან სცენარში, ყველაფერი ლამაზად იქნება შეფუთული, რეჟისორის შემოთავაზებას მივიღებ. ვფიქრობ, მსახიობმა ნებისმიერი სირთულის როლი უნდა ითამაშოს. უბრალოდ, მხოლოდ გახდა არ უნდა შემოგთავაზონ.