ნინო გაჩეჩილაძე: "სცენაზე სისხლიც კი დავღვარე" - ჯაყოს მიერ მიტაცებული თანამედროვე მარგო

ნინო გაჩეჩილაძე: "სცენაზე სისხლიც კი დავღვარე" - ჯაყოს მიერ მიტაცებული თანამედროვე მარგო

"ცხოვრებაში მთავარია ბრძოლა, თეიმურაზ ხევისთავი მდგომარეობას რომ დანებდა, ასე არ უნდა მოიქცე. არასდროს უნდა შეწყვიტო ბრძოლა, როგორი ძლიერი მოწინააღმდეგეც არ უნდა გყავდეს," - მეუბნება მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ ახალ სპექტაკლში - "ჯაყო - ხვალ ომი იქნება" მთავარი როლი ერგო. ის მარგოა, თეიმურაზ ხევისთავის მეუღლე.

სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორმა - სანდრო ელოშვილმა დადგა და მიმაჩნია, რომ არცთუ ურიგოდ. თემას ახლებურად მიუდგა, 90-გვერდიანი პიესა ხელახლა თავად დაწერა ისე, რომ არ გაჰქცევია ნაწარმოების დედააზრს... მიხეილ ჯავახიშვილმა "ჯაყოს ხიზნებში" ხომ ერთმანეთს - ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული თავადი - თეიმურაზ ხევისთავი და ბნელი სულის, მტაცებლური ენერგიით სავსე ჯაყო დაუპირისპირა. თეიმურაზს, სუსტი ნებისყოფის, განათლებულ ინტელიგენტს, უზნეო მოურავმა (ჯაყო) ხელიდან გამოაცალა ქონება, მშვენიერი, საყვარელ ცოლი - მარგო და ბოლოს სულიერი სიმშვიდეც წაართვა... მწერალმა რომანით განათლებულ უმოქმედობას, გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისთვის საშიშ მოვლენად მიიჩნია. ამ ყველაფერს არც რეჟისორი გაექცა, თუმცა მაყურებელს თემა თავისებურად მიაწოდა...

ჩვენ ერთ-ერთი მათავარი როლის (მარგო) შემსრულებელს, ნინო გაჩეჩილაძეს გავესაუბრეთ.

- მძიმე როლი გაქვს. თან, ასეთი კლასიკური ნაწარმოებიდან პერსონაჟის გასახიერება ბევრის ხვედრი არ არის. რა რეაქცია გქონდა, მარგოს როლი რომ შემოგთავაზეს?

- რეჟისორმა რომ მითხრა, - მარგოს როლზე დაგამტკიცეო, - გამიკვირდა. "ჯაყოში" განაწილებას სიმართლე გითრხათ, არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. ამასთან, პასუხისმგებლობაც მომემატა, რადგანაც მარგო არ არის ის როლი, რომელსაც ყოველ მეორე დღეს სთავაზობენ და შესასრულებლადაც არ არის მარტივი.

არ ვიცი, თავი როგორ გავართვი ამოცანას, რადგანაც ეს ზუსტად ისეთივე მარგო არ არის, როგორიც აქამდე გაუსახიერებიათ...

- 30 წლის წინ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, არა?

- კი, მაშინ დროც სხვა იყო და სპექტაკლიც სხვანაირად დაიდგა. ჩვენ მაყურებელს ცოტა სხვაგვარი ვერსია შევთავაზეთ. სანდროს (რეჟისორი) სურვილიც ასეთი იყო, სპექტაკლი უფრო თანამედროვეობას მორგებოდა, ამიტომ პარალელური ხაზები შემოიტანა და მეტად პოლიტიკური გახადა. რაც მთავარია, პიესა თვითონ დაწერა, არავინ მიხმარებია. მასში შეიძლება ერთი-ორი დიალოგი იყოს ნაწარმოებიდან ამოღებული, რაც ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო. კარგად კი წერს სანდრო, მაგრამ იმის გამო, რომ მიხეილ ჯავახიშვილს დიდ პატივს ვცემ, არ მინდოდა, რომ სცენიდან განსხვავებული ტექსტებით მესაუბრა. ამიტომ რამდენიმე დიალოგი რომანიდან ამოიღო...

- სპექტაკლი მაყურებელს მოეწონა...

- კი, რა შეფასებებიც მოვისმინე (სულ სამი წარმოდგენა ვითამაშეთ), მხოლოდ დადებითი იყო. ჩემდა გასაოცრად, ასეთი შედეგს არ ველოდი, რაც ამ სპექტაკლმა გამოიღო და ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა.

- თავიდან სკმოდ სკეპტიკურად ვიყავი მეც განწყობილი, მაგრამ შეძელით ჩემი, როგორც მაყურებლის დაჯერება და "აყვანა"...

- ვინც მოვიდა, ყველა ასე იყო განწყობილი. ისიც კი მითხრეს, - როგორ შეიძლება ამ სპექტაკლის დადგმა. თემურ ჩხეიძის "ჯაყოს ხიზნები" შედევრი იყო. რა უფლებით დგამს ახალგაზრა რეჟისორი მასო. სანდროს ეს ნაბიჯი სითავხედეშიც კი ჩაუთვალეს, მაგრამ იმას ჩაბღაუჭება, რომ ერთხელ უკვე იყო, გაამართლა და არ ღირს მისი კიდევ დადგმა, არ არის სწორი, რადგანაც დრო გადის, შეხედულებები იცვლება. გინდა, რომ რაღაცები ახლებურად დაინახო. მანაც ამიტომ გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ამავე სცენაზე, 30 წლის წინ, უკვე იყო არაჩვეულებრივი და გენიალური სპექტაკლი... კარგია, რომ მისმა ნამუშევარმა დადებითი შეფასებები მიიღო.

- სპექტაკლში მუსიკაც დოზირებულად და გემოვნებიანად ჟღერს...

- მისი ავტორი მიშა მდინარაძეა, რომელმაც შესანიშნავად გააკეთა ყველაფერი. მისი ნამუშევარი თამაშის დროს დამეხმარა, ზუსტი ემოცია მოაქვს. ასევე ირაკლი ავალიანზე მინდა, ვთქვა. შესანიშნავი მხატვარია. ამ სპექტაკლამდე არ ვიცნობდი და საუკეთესო დეკორაცია შექმნა.

- კი, სცენაზე რაც აუცილებელია, მხოლოდ ის ნივთი თუ საგანი დგას და მაინც შენარჩუნებულია იმ პერიოდის განწყობა...

- ქორეოგრაფი გია მარღანიაა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სპექტაკლის დადგმაში.

- სპექტაკლი სამმოქმედებიანია. ისე, ცოტა კი მედიდება...

- პრემიერამდე უფრო მოზრდილი იყო, რაღაც ეპიზოდები, სცენები ამოვიღეთ.

- პრემიერამდე, როგორც ვიცი, ყველანი სერიოზულად ღელავდით...

- ისეთ ემოციებში ვიყავით, დაძაბულები გახლდით, რადგან არ ვიცოდით, რა შედეგი იქნებოდა. მთელ დღეებს თეატრში ვატარებდით...

- შენს პერსონაჟს არ აკლია დაცინვა, შეურაცხყოფა, ცრემლი, ცემა, თმით თრევა, რასაც დიდსულოვნად იტან და უძლებ, რომ ყველაფერი დამაჯერებლი იყოს. რეალურად რას განიცდი იმ წუთებში?

- ბოლო სცენაში სოფლის ქალები მომმათრევენ და მქოლავენ... მართლა მძიმე სცენაა. მათ, ვინც ამ როლს თამაშობენ (ლევან წულაძის სტუდენტები არიან), რეპეტიციებზე ვეუბნებოდი, - არ დამინდოთ, ხელისკვრა არ მოგერიდოთ, თმა მომქაჩეთ, ტანსაცმელიც შემომახიეთ, რადგანაც ყველაფერი დამაჯერებელი უნდა იყოს-მეთქი. ნახევარფაბრიკატი არ მიყვარს... მტკივა, მაგრამ ეს არის სპექტაკლი და იქ ყველაფრისთვის მზად ვარ...

- იმდენად, რომ ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ, ცხვირიდან რეალურად სისხლიც კი წამოგივიდა...

- კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სისხლიც დავღვარე (იღიმის)... მაგრამ ვიმეორებ, თუ როლს დასჭირდება, ამისთვის თავი არ უნდა დაზოგო. მტკივა, მაგრამ მარგოსა და თეიმურაზისთვის დაცინვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია... მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზი უფრო დამცირებულია და შეურაცხყოფილი, ბედისგან მეტი დაცინვა ერგო, არა მგონია, რომ მარგოს რამე დააკლდა. სამაგიეროდ, ის მოტყუებული ქალბატონია...

- მარგო უნებლიე მოღალატე აღმოჩნდა...

- კი... ახლა რაც შეეხება იმას, რომ ერთ-ერთ დღეს, პრემიერაზე, დარტყმის შედეგად ცხვირიდან სისხლი წამომივიდა,  გეტყვით, რომ გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა, მაგრამ სპექტაკლში კარგად ჩაჯდა...

- ბუნებრიბი იყო... შესანიშნავი პარტნიორები გყავს. ნიკა კუჭავა (თეიმურაზი) და ბექა გოდერძიშვილი (ჯაყო). დამაჯერებელი სახეები შემნეს. ადვილია მათ გვერდით სცენაზე დგომა?

- ორივე ძალიან კარგია. ორივე მიყვარს და ადამიანურად დიდი პატივს ვცემ, როგორც პროფესიის ერთგულ და შრომისმოყვარეებს. ნიკა კუჭავას პარტნიორი სცენაზე აქამდე არ ვყოფილვარ, ბექასთან ვთამაშობ და ვიცი, როგორი პარტნიორიც არის. თითოეული მართლა კარგი და ძალიან ორგანულია. ზოგიერთი ისეთია, მთავარია, თავისი რეპლიკა თქვას და სხვა არც აინტერსებს. ნიკა კი შენგან ინფორმაციას ელოდება და მერე გპასუხობს. ვამაყობ ჩემი პარტნიორებით.

- დღესდეობით რა არის ამ ახალი სპექტაკლის პერსონაჟების სათქმელი სცენიდან?

- ამ სპექტაკლში, ისევე როგორც ნაწარმოებში, ყველას აქვს თავის სიმართლე. ვერავის გაამტყუნებ. თითქოს ვერც მარგოს, მიუხედავად იმისა, რომ ქმრის მოღალატეა, ვერც ჯაყოს, - ასეთია მისი ცხოვრების წესი. ის ვერ შეიცვლება, მისი მსოფლმხედველობა ეს არის, - "ვინც ძლიერია, იმას ემორჩილება ყველა". ამას სპექტაკლში ამბობს კიდეც. ვერც თეიმურაზს გაამტყუნებ იმიტომ, რომ ინტელიგენტია და იმდენად კეთილშობილი, რომ რასაც თვითონ არ იკადრებს, ჰგონია, რომ იმას არც სხვა გააკეთებს... ამიტომაც არ იჯერებს, რომ ჯაყო ასეთი მოღალატეა, დამპყრობელი, მიმტაცებელი, ყველანაირად უვარგისი ადამიანი.

ტრაგედიაც იმაშია, რომ ყველას აქვს თავისი სიმართლე, რომელიც ერთმანეთს ეჯახება. აქედან გამომდინარე, არ არსებობს, სხვა გაზა, გარდა იმისა, რაც თითოეულმა აირჩია. ზუსტად ამაშია ამ პერსონაჟების ტრაგიზმი. რაც შეეხება მარგოს, თითქოსდა მეუღლეზე გაცილებით ძლიერია, გადარჩა კიდეც, პარტნიორიც იპოვა, რომელიც როგორც მამაკაცი, აკმაყოფილებს, სადღაც შეუყვარდა კიდეც, მაგრამ ამის არ მჯერა, - მას თეიმურაზი უყვარს. თუმცა ქალისთვის იმდენად დამამცირებელია, როდესაც მამაკაცის გვერდით თავს ქალად ვერ გრძნობს, რომ საბოლოოდ ის მამაკაცი ზიზღდება და სიბრალულის გარდა, მის მიმართ, სხვა არანაირი გრძნობა არ რჩება. ისინი მეგობრები არიან, რაც ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან, სხვა რაღაცებიც მნიშვნელოვანია.

ბოლო ბოლო შვილი თეიმურაზთან არ ეყოლა და ეყოლა ჯაყოსთან. არადა, თეიმურაზი ამას მარგოს ბერწობას აბრალებდა...

- როგორ გგონია, მარგოს ჰქონდა სხვა გამოსავალი?

- შეიძლება ჰქონდა სხვა გამოსავალიც, მაგალითად, ქმართან ერთად, უცხოეთში გაქცევა, - ბევრი მათი თანამემამულის მსგავსად, ევროპაში ემიგრაცია...

მოკლედ, ვისაც თავის შველა უნდოდა, საკუთარი თავადობის გადარჩენა, - ეს მოახერხა, მათ კი ასეთი გზა აირჩიეს...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება