მარინა ბერიძეს მეოთხე შვილიშვილი შეეძინა

მარინა ბერიძეს მეოთხე შვილიშვილი შეეძინა

პოპულარობამ მარინა ბერიძეს ბევრი დადებითი მოუტანა და ბევრიც- უარყოფითი, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებს უყვარხარ. თვითონ ყველგან გრძნობს ამ სიყვარულს.

- ძალიან ბედნიერი დღეები გვაქვს, მეოთხე შვილიშვილი, ანიტა შემეძინა. ზუკა 14 წლისაა, კატო- 11 წლის, ქეთო- 7-ის. ანიტა სულ ორი კვირისაა. მართალია, თავიდან, ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გავაპროტესტე, რადგან რთულია, მაგრამ ანიტამ ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა. ბავშვებიც სხვანაირები გახდნენ, დედას ეხმარებიან, ძალიან კარგი ჩინელი გოგო გვყავს, წვრილი თვალებით.

- ვიცი, რომ პატარის აღზრდაში ჩართული ხართ.

- ვეხმარები, განსაკუთრებით დილას, როცა ბავშვები სკოლაში არიან გასაშვები.

- ოთხი შვილის დედობა უფრო რთულია, ვიდრე ბებიობა.

- რა თქმა უნდა, თუმცა მე რომ ვიხსენებ, დედობა არ გამჭირვებია. ეს რა სალაპარაკოა, მაგრამ შვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც უნდა წარმატებას მიაღწიო და კარიერაზე იყო გადამკვდარი, თუ შვილი კარგად არ გაზარდე, არაფერს აზრი არ აქვს. ქალის დანიშნულება, პირველ რიგში, ეს არის.

- თქვენი შვილი რას ფიქრობს თქვენს პოპულარობაზე?

- მოსწონს და სადღაც ამაყობს კიდეც, შეჩვეულია. პოპულარობისთვის მიზანდასახულად არ მიმუშავია, ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ჩვენ ვიცით ადამიანები, რომლებიც ამაში დიდ ფულს ხარჯავენ, მიდიან შავ პიარზეც, ასეთი პოპულარობა სწორად არ მიმაჩნია და მოკლევადიანია. პოპულარობა ისაა, როცა შენდა უნებურად, საქმიდან გამომდინარე ხდები ცნობილი. რასაკვირველია, იღბალიც უნდა გქონდეს. სანამ ტელევიზიაში მოვიდოდი, მეგონა, რომ ძალიან პოპულარული ვიყავი. მყავდა დიდი სამეგობრო წრე და საქმიანობაშიც წარმატებული გახლდით, მაგრამ ტელევიზიაში გამოჩენამ ეს პოპულარობა გააასმაგა.

- რა არის მისი პლუსი და მინუსი?

- პლუსი არის ის, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე გრძნობ ხალხის სიყვარულს, მაღაზიაში, სამედიცინო დაწესებულებასა თუ აეროპორტში. ყველაზე დიდი სიამოვნებაა სიყვარული ჩვეულებრივი ხალხისგან. მინუსი ისაა, რომ ძალიან ბევრი მტერი გიჩნდება და ყველას ჰგონია, რომ შენი ლანძღვისა და შენს ცხოვრებაში ჩარევის უფლება აქვს. შეიძლება გაღიზიანდეს შენი პოპულარობით და შენი ადგილის დაკავება მოისურვოს. ალბათ, სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ საქართველო პატარაა და აქ ძალიან ჩანს ფეხის დადება. გამოსდით თუ არა, ეს ხალხის გადასაწყვეტია. ვიცი ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია, ტელევიზიით ჩანან, მაგრამ პოპულარულები არ არიან. ამას ქარიზმა სჭირდება. თუ კამერის წინ გულწრფელი ხარ, ხალხი გიღებს, თუ ტყუი, ამასაც კარგად ხედავენ, ამიტომაც არიან სხვადასხვანაირად პოპულარულები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება