მოულოდნელი ქორწილი - სიურპრიზი გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილისთვის

მოულოდნელი ქორწილი - სიურპრიზი გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილისთვის

მაია გიგა ლორთქიფანიძისა და ქეთევან კიკნაძის შვილებს შორის უმცროსია. სამ დას შორის ერთადერთია, რომელიც მსახიობი არ გახდა. მაია ლორთქიფანიძე მსახიობ დათო ხახიძის მეუღლეა. ერთმანეთი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიცნეს, სადაც დღეს დათო არაერთ სპექტაკლშია დაკავებული. შარშან წყვილმა იქორწინა და ეს ულამაზესი დღე მეგობრებმა სიურპრიზად უქციეს.

მაიასთან შეხვედრისას, გიგა ლორთქიფანიძე გავიხსენეთ, არც მისი ოჯახის დღევანდელობისთვის აგვივლია გვერდი...

- უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე, აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობით ვსწავლობდი, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. რამდენიმე ფირმაში სხვადასხვა თანამდებობა მეკავა, ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც. მოგვიანებით, თურქეთში სამედიცინო სფეროს "გადავეყარე" და ამ ეტაპზე თურქულ კლინიკებთან ვურთიერთობ, ჩამოსულ ჯგუფებს ვხელმძღვანელობ და ა.შ. ძალიან მინდოდა, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ რატომღაც, დედ-მამა მეწინააღმდეგებოდნენ. მათ ვუთხარი: ნინო და ნანაც ხომ თქვენი შვილები არიან და რატომ მიეცით თეატრალურში სწავლის უფლება-მეთქი? მარწმუნებდნენ, შენ სხვა სფეროში გაქვს პოტენციალიო და მიხსნიდნენ, როგორი რთულია მსახიობის ცხოვრება. მამა ყვიროდა: "ჩერეზ მოი ტრუპ!" ჰოდა, დავუჯერე და თეატრალურში არ ჩავაბარე, რასაც დღემდე ვნანობ. სხვათა შორის, მოგვიანებით ამას დედა-მამაც ნანობდა. გიგა მეგობრებთან ხუმრობით ამბობდა: კარგი არტისტი დავაკარგვინე ქართულ თეატრსო.

- ჩემს მეგობარს, რომელიც ოჯახში მესამე გოგონა იყო, მამა და ბაბუა ისე ზრდიდნენ, როგორც ბიჭს. ბატონ გიგას თუ ჰქონდა ამგვარი მიდგომა თქვენდამი ან ხომ არ ამბობდა, რომ ბიჭის მამობაც სურდა?

- მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. დედა ფეხმძიმედ რომ იყო, მამა დარწმუნებული გახლდათ, მესამე შვილი ბიჭი ეყოლებოდა და აპირებდა, მამამისის სახელი დაერქმია. თურმე, დედას მუცელზე ეფერებოდა, - პატარა დათიკო დაიბადებაო. თუმცა, არასოდეს ჰქონია ის გართულება, რომ ოჯახში ვაჟის ყოლა აუცილებელია. მამა ძალიან კმაყოფილი იყო თავისი ქალების "ჰარემით" (იღიმის). სამივე დას პირველად გოგონები შეგვეძინა და მამას ვეხუმრებოდით: რვა მოსიყვარულე ქალი და ერთი მამაკაცი ხარ-მეთქი. ერთადერთი, იმას დარდობდა, რომ ჩვენს შტოს გვარის გამგრძელებელი არ ჰყავდა. ჰოდა, როცა მეორე შვილი შემეძინა და რა თქმა უნდა, მას დავარქვი გიგა, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ დიდი კეთილშობილება გამოიჩინა და თავად შემომთავაზა, ბავშვი ლორთქიფანიძის გვარზე დაგვეწერა. რასაკვირველია, ამას ვერც შევბედავდი, თავად რომ არ ყოფილიყო ინიციატორი. პატარა გიგა 13 სექტემბერს დაიბადა, მამაჩემის დაბადების დღე კი 19 ოქტომბერსაა. ბავშვი ერთი თვის რომ გახდა, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მითხრა: მე და შენ მამაშენს ვერაფერს ვაჩუქებთ იმაზე უკეთესს, როგორი საჩუქარიც ბავშვის თქვენს გვარზე დაწერა იქნება. იუსტიციის სამინისტროში წავიდეთ და ეს საბუთი გიგას დაბადების დღეს მივუტანოთო. ასე გახდა ჩვენი შვილი გიგა ლორთქიფანიძე-კვაჭანტირაძე და მას შემდეგ ორ გვარს ატარებს. მამას ამის დამადასტურებელი საბუთი რომ მივუტანეთ, სიხარულისგან ცრემლები გადმოყარა, ძალიან ბედნიერი იყო. დაბადების დღეს, როგორც ყოველთვის, სახლში 20-25 კაციანი სუფრა იშლებოდა. მამა დარეკავდა, - მოვდივართო და ვიდრე შინ შემოვიდოდა, დედას ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, ამის გამო ჯადოქარს ვეძახდი (იღიმის).

- არიან მამები, რომლებიც შვილებისადმი განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევიან, უწესებენ შინ დაბრუნების საათებს, სულ აკონტროლებენ...

- კი, მაგრამ მამას მუქარა მხოლოდ ბაქიბუქი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხმაურიანი და ემოციური გახლდათ, ხმამაღალ სიტყვას არ გვეტყოდა. მამას სიმშვიდე და დასვენება არ არსებობდა და თუ ასეთი რამდენიმე საათი ჰქონდა, თავს ცუდად გრძნობდა... ადრე სოლოლაკში ვცხოვრობდით. 15-16 წლის ვიყავი, როცა თბილისში დაინიშნა კომენდანტის საათი, 90-იან წლებს მოჰყვა ათასი უბედურება, მამა ძალიან ღელავდა, როცა ჩვენ გარეთ გავდიოდით. თუმცა, ჩემი თაობა მაშინ ვერ აღიქვამდა, რა საშიშროება გვემუქრებოდა... ისიც უნდა ვთქვა, რომ გიგა იყო ჩვენი პროტეჟე დედასთან, ვინაიდან ის უფრო მკაცრი გახლდათ. ჰოდა, თუ დედასთან რამე სათხოვარი გვქონდა, მამას ვეუბნებოდით, დალაპარაკებოდა. არ მახსოვს, რამეზე უარი ეთქვას... თავის პროფესიას საოცარი ენთუზიაზმით ემსახურებოდა. მართალია, შემოქმედებაზე საუბრისას თავმდაბლობდა, მაგრამ საკუთარი ოჯახით ტრაბახობდა. რომ ვეტყოდი, - მამა, სირცხვილია-მეთქი, შემომიტევდა: ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორი საუკეთესო მეუღლე და შვილები მყავსო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა, მისი ყურადღება არ მოგვკლებია. 7 საათზე იღვიძებდა, გაეცნობოდა სიახლეებს, წაიკითხავდა წიგნს, 9-ის ნახევარზე კი სამსახურში მიდიოდა. დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას უწევდა მისვლა: კინოსტუდია, თეატრის მოღვაწეთა კავშირი, თეატრები... შუადღეს შინ შემოივლიდა, ისადილებდა და ისევ მიდიოდა. სხვადასხვა დროს რამდენიმე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და ამავე დროს ესწრებოდა სხვა თეატრებში დადგმულ სპექტაკლებს როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში. დამწყები რეჟისორი იყო თუ მსახიობი, ყველას შემოქმედებას უნდა გასცნობოდა. ენერგიის გადანაწილების საოცარი ნიჭი ჰქონდა. სახლში დაბრუნებული, ღამის 10-11 საათზე იღებდა "ღამის სტუმრებს"; თუ მეგობარ-ახლობლებს ვერ ნახულობდა, ურეკავდა და აუცილებლად, ყველას მოიკითხავდა.

გაგრძელება

თბილისის მერია 2 წლის ანიტას ოპერაციისთვის დაფინანსებას გამოყოფს

"დედა პრანჭიაა, რთულმა პერიოდმა ვერ გატეხა... სასამართლოზე წასვლამდე, თმა დაივარცხნა სალონში" - ნინო დარასელი ოჯახსა და სტილზე

"მცდარია მშობლების წარმოდგენა, რომ ბავშვი ენებს სწავლობს კომპიუტერიდან" - პედიატრი ეკა უბერი გაჯეტებზე დამოკიდებულებასა და მის სავალალო შედეგებზე