"ბავშვი N44" - ასე ქვია რეჟისორ დენიელ ესპინოზას დრამა-ტრილერს, რომელშიც მთავარ როლებს ტომ ჰარდი, გარი ოლდმანი, ნუმი რაპასი, ვინსენტ კასელი, ჩარლზ დენსი, ჯოელ კინამანი და ჯეისონ კლარკი ასრულებენ. ფილმი რიჩარდ პრაისისა და ტომ რომ სმიტის სცენარით არის გადაღებული და ის საბჭოთა კავშირის ყველაზე სისხლიანი სერიული მკვლელის, ჩიკატელოს ისტორიაზე დაფუძნებული ბესტსელერის ეკრანიზაციაა. სიუჟეტი ვითარდება საბჭოთა კავშირის პერიოდში (იხილეთ დოკუმენტური ფილმი)
ფილმის მსოფლიო პრემიერა 17 აპრილს იქნება, მანამდე კი Ambebi.ge საბჭოთა კავშირის ყველაზე სისხლიანი სერიული მკვლელის, ჩიკატელოს ცხოვრებისა და მის მიერ ჩადენილი საზარელი მკვლელობების შესახებ მოგითხრობთ.
ანდრეი ჩიკატელო - საბჭოთა კავშირის ყველაზე სახელგანთქმული სერიული მკვლელი. 1978 წლიდან 1990 წლამდე, ოფიციალური მონაცემებით, მან 53 ადამიანი მოკლა. მსხვერპლთა შორის იყო 21 ბიჭი, რომელთა ასაკი 7 წლიდან 16 წლამდე მერყეობდა; 9-დან 17 წლამდე - 14 გოგონა; მსხვერპლთა შორის იყვნენ აგრეთვე 17 მოზდილი გოგო და ქალი.
მას იცნობდნენ მეტსახელებით "ცოფიანი ცხოველი", "როსტოველი მფატრავი", "წითელი მფატრავი", "ტყის ზოლის მკვლელი", "მოქალაქე X", "საბჭოთა ჯეკ-მფატრავი"... ჩიკატილოს მიერ ჩადენილი მკვლელობებისათვის შეცდომით, ალექსანდრე კრავჩენკო დახვრიტეს.
ანდრეი ჩიკატილო 1936 წელს უკრაინის სუმის მხარის სოფელ იაბლოჩნოეში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. 1941 წელს მამამისი საომრად წავიდა და მალე ტყვედ ჩავარდა. საბჭოთა კავშირში ტყვეები მოღალატეებად და მშიშრებად მიიჩნეოდნენ.
ომის შემდეგ, 1946-1947 წლებში უკრაინაში შიმშილი იყო და არსებობს ცნობები, რომ მისი უფროსი ძმა სტეფანე გაიტაცეს და 1933 წლის შიმშილის დროს შეჭამეს. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ საკუთრივ მშობლებმა შეჭამეს სტეფანე. თუმცა შემდგომ სტეფანეს დაბადების ან გარდაცვალების არანაირი დოკუმენტები არ მოიპოვებოდა.
ამასთან, არის ინფორმაცია, რომ ანდრეი ჰიდროცეფალიით დაიბადა და 12 წლამდე ენურეზით ავადმყოფობდა, რის გამოც დედა მას გამუდმებით სჯიდა. 1944 წელს ანდრეი სკოლაში წავიდა. მისი კლასელები და მასწავლებლები მას ახასიათებდნენ როგორც დინჯ ბავშვს. მასწავლებელს აოცებდა ანდრეის უმწეობა, მიუხედავად არც ისე ცუდი ფიზიკური აღნაგობისა, ანდრეი ვერავის ვერ უწევდა წინააღმდეგობას და ყველაფერზე ტირილს იწყებდა, რის გამოც თანატოლები ხშირად დასცინოდნენ. თუმცა, როგორც ამბობდნენ, იგი არ იყო ცუდი მოსწავლე.
გარდა ამისა, მისი ბავშვობის შესახებ ცნობილია, რომ გერმანული ოკუპაციის დროს, პატარა ანდრეი უყურებდა, თუ როგორ ხვრეტდნენ გერმანელები ხალხს. ბავშვების გასაყრელად ჯარისკაცებმა მათ თავებს ზემოთ გახსნეს ცეცხლი. ყველა ბავშვი გაიქცა, ანდრეი კი წაიქცა და გონება დაკარგა. გერმანელებს იგი მკვდარი ეგონათ და დახვრეტილებთან ერთად ორმოში ჩააგდეს, სადაც მან მთელი ღამე გაატარა და თუ ეს მართალია, სავარაუდოა, რომ ამ ფაქტმა მის ფსიქიკაზე დამანგრევლად იმოქმედა.
როგორც თანასოფლელები ამბობდნენ, ანდრეის არ უყვარდა ფიზიკური შრომა, მიუხედავად უკიდურესი სიდუხჭირისა, იგი მშობლებს არ ეხმარებოდა. ომის შემდეგ მამამისი ტყვეობის გამო ვერ შოულობდა კარგ სამსახურს, რის გამოც ჩიკატილოების ოჯახი ძალიან გაჭირვებული იყო.
ანდრეის ქცევაში მისი სექსუალური გადახრები უკვე 17 წლის ასაკში გამოვლინდა.
18 წლის ჩიკატილო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად მოსკოვში გაემგზავრა, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა. ერთ-ერთი ვერსიით, მას მამამისის წარსულმა შეუშალა ხელი. 1955 წელს დაამთავრა ახტირკის კავშირგაბმულობის ტექნიკუმი. შემდეგ ჩააბარა მოსკოვის ელექტრომექანიკური ინსტიტუტის რკინიგზის ინჟინერიის დაუსწრებელ ფაკულტეტზე.
1957-1960 წლებში ჩიკატილო შინაგან ჯარებში მსახურობდა, სადაც მისი სიტყვებით, ყველანაირ დამცირებას განიცდიდა. ზოგი ვერსიით, მას აუპატიურებდნენ.
ჩიკატილოს ადრეული ასაკიდან დაქვეითებული პოტენცია ჰქონდა, რის გამოც იგი ერიდებოდა ქალებთან ურთიერთობას. პირველად ქალთან სქესობრივი კონტაქტის დამყარების მცდელობა მას 24 წლის ასაკში ჰქონდა, რაც სრული კრახით დამთავრდა. მიუხედავად ამისა, 1964 წელს მან ცოლად მოიყვანა თავისი დის მეგობარი ფედოსია ოდნაჩევა. როგორც მოგვიანებით ფედოსიამ მოყვა, ანდრეის იმპოტენცია მათი ცოლ-ქმრობის დასაწყისშივე გამოვლინდა. სქესობრივი კონტაქტი მათ ორ-სამ თვეში ერთხელ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ფედოსიას 3 შვილი ეყოლა. პირველი ჩვილობისას დაიღუპა. მეორე ვაჟი კი მოგვიანებით რეციდივისტი ბანდიტი გახდა.
1965 წლიდან ჩიკატილო რაიონის სპორტის გამგეობის თავმჯდომარე გახდა. 1970 წელს ჩიკატილომ პედაგოგიური უნივერსიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის დაუსწრებელი ფაკულტეტი დაამთავრა და სკოლა-ინტერნატში რუსულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მისი მოსწავლეები ამჩნევდნენ ჩიკატილოს სექსუალურ გადახრებს და ხშირად დასცინოდნენ. ერთხელ ბიჭებმა წაასწრეს ანდრეის, როდესაც იგი ცდილობდა მძინარე ბიჭთან ორალური სექსის დამყარებას და სასტიკად ცემეს.
1978 წელს იგი ოჯახთან ერთად ქალაქ შახტებში გადავიდა, სადაც ტექნიკუმში დაიწყო მუშაობა. ამავე წლის დეკემბერში მან უკვე პირველი მკვლელობა ჩაიდინა.
სერიული მკვლელობების დაწყება
1978 წლის 22 დეკემბერს მან პირველი მკვლელობა ჩაიდინა. მსხვერპლი 9 წლის ელენა ზაკოტნევა იყო. მკვლელობა მოხდა მეჟევომის ქუჩაზე ნომერ 26-ში. ეს სახლი ჩიკატილომ ოჯახისგან ფარულად იყიდა. ის მას მეძავებთან შესახვედრად იყენებდა. მან გოგონა შეიტყუა იმ დაპირებით, რომ საღეჭ რეზინს მისცემდა, მაგრამ როდესაც მან გახდა დაუწყო, გოგონამ ყვირილი მორთო და იმის შიშით, რომ არავის გაეგონა, ჩიკატილო მას ზემოდან დააწვა და მოგუდა. გოგონას გვამი და მისი სასკოლო ჩანთა ჩიკატილომ თავიდან მოიშორა. 24 დეკემბერს გვამი იპოვეს და იმავე დღეს დააპატიმრეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ალექსანდრე კრავჩენკო. მართალია მას ვერ დაუმტკიცეს ზაკოტნევას მკვლელობა, მაგრამ ის მოგვიანებით დაიჭირეს ქურდობისთვის, ციხეში ის მკვლელთან და ნარკომანთან ერთად ჩასვეს, მათ კრავჩენკო ცემეს და აიძულეს ზაკოტნევას მკვლელობა ეღიარებინა. აღიარებიდან 4 წელიწადში კრავჩენკო დახვრიტეს მკვლელობისთვის, რომელიც ჩიკატილომ ჩაიდინა.
პირველმა მკვლელობამ ჩიკატილო შეაშინა და მას სამი წელი არავინ მოუკლავს, თუმცა 1981 წელს მან მოკლა 17 წლის მეძავი ლარისა ტკაჩენკო. ის მან ტყეში წაიყვანა, რათა სექსით დაკავებულიყო, მაგრამ უშედეგოდ. ჩიკატილო ვერაფრით აღეგზნო და როდესაც ლარისამ დასცინა, მან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით, პირი მიწით ამოუვსო, მოგუდა და ძუძუები მოაჭამა. გვამი მეორე დღესვე იპოვეს.
თითქმის ერთი წლის შემდეგ, 1982 წლის 12 ივნისს მან 12 წლის ლუბოვ ბირიუკი მოკლა. მკვლელობების სერია დაიწყო : 1982 წელს მან, საერთო ჯამში, 7 ბავშვი მოკლა (9 დან 16 წლამდე). მომავალ მსხვერპლს ის ან ავტობუსის გაჩერებაზე, ან ვაგზალზე ხვდებოდა და სხვადასხვა მიზეზებით უახლოვდებოდა მათ. მიჰყავდა ღრმად ტყეში (ზოგჯერ ისინი რამდენიმე კილომეტრსაც გადიოდნენ - ჩიკატილო ყოველთვის წინ მიდიოდა) და საკმარისი მანძილის გავლის შემდეგ მოულოდნელად დანით ესხმოდა თავს.
დამახინჯებულ სხეულებზე 60-მდე ნაჭრილობევს პოულობდნენ, უმრავლესობას მოჭრილი ან მოჭმული ჰქონდათ ცხვირი, ენა, გენიტალიები, მკერდი, ამოთხრილი ჰქონდათ თვალები (ჩიკატილო მსხვერპლის მზერას ვერ უძლებდა). მის მსხვერპლთა შორის იყო არაერთი მაწანწალა, ალკოჰოლიკი და გონებრივად ჩამორჩენილი.
პირველი დაპატიმრება.
1984 წელს მან 15 ადამიანი მოკლა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 32-ს მიაღწია. ამ წლის 1 აგვისტოს მან ახალი სამსახური მიიღო, მას ბევრი მოგზაურობა უწევდა და ეს მას ხელს აძლევდა. უკვე 8 აგვისტოს მან ქალი და 12 წლის გოგონა მოკლა.
1984 წლის 14 სექტემბერს იგი როსტოვის ცენტრალურ ბაზარში საეჭვო ქცევების გამო დააკავეს. იგი ცდილობდა გოგოების გაცნობას. უხეშად ელაზღანდარებოდა მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და პირდაპირ ავტოვაგზალზე დაკავდა ორალური სექსით. დაკავებისას მას უპოვნეს დანა, ვაზელინის ქილა და დახვეული თოკი. მიუხედავად ჩატარებული ექსპერტიზისა, მას ვერ დაუმტკიცეს მკვლელობები და იგი 1984 წლის 12 დეკემბერს გამოუშვეს. 1985 წლის იანვარში ის ნოვოჩერსკასკში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 1990 წელს როსტოვში, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი თვეები გაატარა.
პირველი დაკავების შემდეგ მან კიდევ 21 ადამიანი მოკლა.
ფილმს, "ბავშვი N44", რომელიც ჩიკატელოს მიერ ჩადენილი საშინელი მკვლელობების შესახებ მოუთხრობს მაყურებელს, 17 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებშიც აჩვენებენ.
wikipedia.org-ზე არსებული მასალების მიხედვით