რამდენიმე კვირის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში სათამაშო ბიზნესს "საშიში და სერიოზული პრობლემა" უწოდა და აღნიშნა, რომ ფიქრობს, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით. თავის მხრივ, ილია მეორეს განცხადებას აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები გამოეხმაურნენ. მთავრობის წევრებმა უწმინდესის ეპისტოლე მნიშვნელოვნად შეაფასეს და მას გასათვალისწინებელი უწოდეს. თუმცა, ვიდრე ხელისუფლება სათამაშო ბიზნესის რეგულაციების უფრო მეტად დახვეწაზე მუშაობას დაიწყებს, აზარტული თამაშების ქართულ ისტორიას და ამ ბიზნესში არსებულ მოქმედ რეგულაციებს გავეცნოთ.
აზარტული თამაშების ისტორია ოფიციალურად 1520 წლიდან იწყება და საფრანგეთში მეფე ფრანცისკ I-ის ბრძანებით დაკანონდა. პირველი კაზინოები პარიზში 1765 წელს გაიხსნა. იმ დროისთვის, აზარტული თამაშების სახლები გართობასთან ერთად, უამრავი უკანონო საქმიანობის, მათ შორის "შავი ფულის გათეთრების" ყველაზე კარგი საშუალება იყო. კაზინო კი არსებითად, სათამაშოდ შექმნილ ბარს წარმოადგენდა - მხოლოდ "რულეტკასა" და მაგიდის თამაშებს სთავაზობდნენ სტუმრებს, მოგვიანებით სლოტ-ავტომატები დაამატეს.
როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, აზარტულ თამაშებს საქართველოში არცთუ ისე მცირე ხნის ისტორია აქვს. ცნობილია, რომ აზარტული თამაშებით გატაცებული იყო აკაკი წერეთელი. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მე-19 საუკუნის საქართველოში გარკვეული ტიპის სათამაშო დაწესებულება არსებობდა, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ქართული ელიტის წარმომადგენლები. საბჭოთა კავშირის დროს კი, მასში შემავალ ქვეყნებში აზარტული თამაშები აიკრძალა და მხოლოდ ლატარეა იყო დაშვებული. ბუნებრივია, ეს აკძალვა საქართველოსაც შეეხო.
1920-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველი სამორინე თბილისში გაიხსნა. ცნობილია, რომ იმ დროს სამორინეს ორგანიზებისთვის საჭირო გადასახადები საკმაოდ მაღალი იყო. დაბეგვრის სისტემა არ იყო ყველაზე ეფექტური, რადგან ითვალისწინებდა პროცენტს მოგებიდან, რაც საკმაოდ რთული გასაკონტორლებელია სამორინეს შემთხვევაში. საქართველო ასევე პირველი რესპუბლიკა იყო, რომელმაც დააწესა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არალეგალური აზარტული თამაშების ორგანიზებისთვის, და ეს მაშინ, როცა აზარტული თამაშები მთელ საბჭოთა კავშირში იყო აკრძალული. 1989 წელს პირველი სამორინე გაიხსნა ბათუმში, ფეშენებელურ ღამის კლუბ "ინტერკლუბში".