"ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს"

"ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს"

ვინმეს მიბაძვის სურვილითა თუ ცნობისმოყვარეობის გამო გადადგმული ნაბიჯის შედეგად, ზოგჯერ ადამიანს ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები ლამის სამუდამოდ უყალიბდება.

სიგარეტის, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკისგან თავის დაღწევას ძლიერი ნებისყოფა და უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანის სურვილი სჭირდება. გადავწყვიტე, ცნობილებისთვის დამერეკა და გამერკვია, ჯანმრთელობისთვის საშიში რა მავნე ჩვევები აქვთ? რა აიძულებთ, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან?

სიმართლე გითხრათ, გულახდილი რესპონდენტების პოვნა გამიჭირდა. ბევრმა ამ თემაზე საუბრისგან თავშეკავება ამჯობინა...

სოფო ბედია:

- ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები არ მაქვს. ერთადერთი, ყავას ვსვამ, რადგან ჩემთვის ის ტონუსთან ასოცირდება, ენერგიას მმატებს. ამიტომ დილიდან 1 ჭიქა ყავა აუცილებლად უნდა დავლიო. ვიცი, ამბობენ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის, მაგრამ ვერ დავეთანხმები. საერთოდ, ჯანმრთელი ცხოვრების წესს ვერ მივდევ - მოუცლელობის გამო, ფიტნეს-ცენტრში სავარჯიშოდ ვერ დავდივარ, მაგრამ ვცდილობ, წონა სულ ვაკონტროლო. ეს თემა ჩემთვის ყოველთვის პრობლემატურია. ამიტომ ჯანმრთელად და "წესიერად" ვიკვებები (იცინის).

- ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები შენ გარშემო მყოფებს აქვთ?

- საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე არასოდეს ეწეოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, როცა რესტორანში ვმუშაობ, ვმღერი, იქ ბევრი ადამიანი ეწევა, გამონაბოლქვი ჩემამდე მოდის. ჩათვალეთ, რომ პასიური მწეველი ვარ. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სხვა გზა არ არის.

- სიგარეტი გაგისინჯავთ?

- კი. უბრალოდ, დავინტერესდი და რომ მივხვდი, ეს ცუდია, მოწევის სურვილი აღარც გამჩენია. თან, მსმენია, რომ მომღერლის ხმაზე, სუნთქვაზე სიგარეტი ცუდად მოქმედებს. მომღერალიც რომ არ იყო, ფილტვებისთვის მოწევა ძალიან ცუდია. ბევრი გადაცემა მინახავს და ვიცი, რომ მწეველი ადამიანის ფილტვები საშინლად გამოიყურება. არ მინდა, მეც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდე. ზოგს სიგარეტი ისე უყვარს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი პრობლემები არ აინტერესებს. სიგარეტის კოლოფს პირდაპირ აწერია - "მოწევა კლავს", მაგრამ მაინც ყიდულობენ და ეწევიან.

- ნარკოტიკი თუ გაგისინჯავთ?

- უიმე, არასოდეს, ღმერთმა დამიფაროს!.. ნარკოტიკების საწინააღმდეგო აქცია-კონცერტში ხშირად ვმონაწილეობ. ნარკოტიკის მოხმარებას ბევრი ცნობილი თუ უცნობი, ქართველი თუ უცხოელი ადამიანი ემსხვერპლა და ეს საშინელებაა! ამ მხრივ, პროპაგანდისტი ყოველთვის ვიქნები, რომ მავნე ჩვევებისგან (განსაკუთრებით - ნარკოტიკის მოხმარებისგან) თავი ყველამ შორს დაიჭიროს.

- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია, ადამიანმა ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევას თავი საბოლოოდ დააღწიოს?

- ნარკოტიკთან დაკავშირებით, კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. მხოლოდ ის ვიცი, რომ თავის დანებებას ბევრი ცდილობს და ამისთვის სპეციალური პროგრამებიც არსებობს. ზოგი ამ საშინელ ჩვევას თავს ვერ ანებებს და თუკი შანსი მიეცა, ნარკოტიკს ისევ იღებს... სიგარეტს რაც შეეხება: ჩემ ირგვლივ ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ, მოწევას თავი დაანებონ, მაგრამ ვერ ახერხებენ. ჩემი აზრით, მონდომების, ძალისხმევის, ძლიერი ნებისყოფის შედეგად, მოწევისთვის თავის დანებება შესაძლებელია.

"ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს"

მარიტა როხვაძე:

- მავნე ჩვევები? არა, არ მქონია... ხომ გაგიგონიათ, ზოგი თმას, ფრჩხილებს "ჭამს", მე კი მსგავსი არაფერი მახასიათებს... ნარკოტიკი ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია. ადამიანის ორგანიზმზე ალკოჰოლური სასმელიც უარყოფით კვალს ტოვებს.

- როგორ ფიქრობ, მავნე ჩვევები ადამიანს როგორ უყალიბდება?

- ვფიქრობ, გარემო დიდ როლს თამაშობს. პირადად მე, ისეთ წრეში არ მოვხვედრილვარ, რომ მაგალითად, ნარკოტიკი გამესინჯა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ გარემო მაინც უმნიშვნელოვანესია!

- რას ურჩევ მავნე ჩვევევის მქონე ადამიანებს?

- ადამიანს უძლიერესი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს და გარშემო მყოფებს "პონტის გამო" არ უნდა აჰყვეს. "ყველა აკეთებს და მოდი, მეც გავაკეთებ" - ასეთი გადაწყვეტილება სულელურად და მიუღებლად მიმაჩნია, რადგან ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს.

- შენს სანაცნობოში ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე დამოკიდებული ან ჯანმრთელობისთვის მავნე სხვა თვისების მქონე ვინმე გყოლია?

- ყველანაირად ვცდილობ, თუ ასეთი ადამიანი შემხვდება, დაველაპარაკო, დავეხმარო... ნარკოტიკის, ალკოჰოლური სასმლის ჭარბი დოზით მიღება დამღუპველია. ჩემთვის ასეთი ადამიანები უნებისყოფოები, "პონტებს" აყოლილები არიან.

მანიკა ასათიანი:

- შეიძლება, 2 წელი ისე გავიდეს, წვეთი ალკოჰოლური სასმელი არ დავლიო.

- სიგარეტს ეწევი?

- ცხოვრებაში არ მომიწევია.

- დისკოთეკაზე მსუბუქი ნარკოტიკი არ გაგისინჯავს?

- არა. საქართველოში ჯერ დისკოთეკას რა ვუთხარი, მერე კიდევ - ნარკოტიკს (იცინის). ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობ: დისკოთეკაზე, დაბადების დღეზე თუ ქორწილში დროს ყოველთვის ფხიზელი ვატარებ. ეს ჩემმა სამეგობრომ იცის. თავდაპირველად, ყველას უკვირდა...

- სამეგობროში ისეთი ადამიანები გყავს, ვისაც მავნე ჩვევები აქვთ?

- ჰო, სიგარეტის მოწევა ძალიან გავრცელებული მავნე ჩვევაა, ალკოჰოლიც ბევრს უყვარს - ზოგი ამის გარეშე ვერ ერთობა. ჩემთვის უალკოჰოლოდ გართობა პრობლემას არ წარმოადგენს.

- სიგარეტის მოწევის სურვილი არასოდეს გაგჩენია?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო მხოლოდ 1-2 ადამიანია, რომელიც არ ეწევა, თავად სიგარეტის გასინჯვის სურვილი არასოდეს გამჩენია. ნებისყოფის დაძაბვა ნამდვილად არ მჭირდება, რომ მავნე ჩვევები არ შევიძინო.

- მავნე ჩვევებს რა აყალიბებს?

- სიგარეტის მოწევას ძირითადად, ადრეულ ასაკში, გაუაზრებლად იწყებენ: თითქოს მოწევა მოდაშია, ბავშვები ერთმანეთს აჰყვებიან ხოლმე და მშობლებისგან მალულად ეწევიან. ჩემი აზრით, 22-23 წლის არამწეველი ადამიანი მოწევას არ დაიწყებს, მაგრამ შეიძლება, გამონაკლისიც არსებობდეს... სამეგობროში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი არ მყავს. 2 კვირაში ერთხელ, უკეთ გართობის მიზნით დალევა პრობლემად არ მიმაჩნია. წეღან დისკოთეკაზე მსუბუქი ნარკოტიკის მიღება ახსენე: ჩვენ ყველაფერს "ნარკოტიკს" ვუწოდებთ, თორემ არის საშუალებები, რაც ადამიანს ენერგიას მატებს. მისი იშვიათად გამოყენება საგანგაშო არ არის, მაგრამ უმჯობესია, ფხიზლად, ჯანსაღად გავერთოთ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება