ამ სტატიის ორივე გმირი წარმოშობით შოტლანდიიდანაა და სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში სწავლობდა. ეს კლასიკური, კონსერვატული და საკმაოდ ტრადიციული ბრიტანული უმაღლესი სასწავლებელია. სწორედ მის კედლებში, ბოლო კურსზე მყოფმა ორმა სტუდენტმა, ჯეიმს ედერმა და ბენ სტენინგმა ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც მიატოვებდნენ ყველაფერს და ნიჩბიანი ნავით ინდოეთის ოკეანის გადასაკვეთად გაეშურებოდნენ.
მომავალმა მოგზაურებმა სასწავლებელი 2004 წელს დაასრულეს, იაფი ბინა იქირავეს და სამსახურის ძიებას შეუდგნენ. სტენინგი პროგრამული უზრუნველყოფის გამყიდველი გახდა. ედერი სამსახურის ძიებაში იყო, როდესაც მეგობრებმა გაზეთში ნიჩბოსან შეკდერზე დაბეჭდილ სტატიას მიაკვლიეს. 54 წლისამ, მან მარტოკამ ნიჩბიანი ნავით წყნარი ოკეანე გადალახა. მეგობრებს სასწავლებლის კედლებში დადებული ფიცი გაახსენდათ და მისი რეალიზებისთვის ახალი სტიმული მიეცათ.
ყველაზე ძვირი ეტაპი - შესაბამისი ნავის მოძიება იყო. მას სურსათ-სანოვაგეს სათავსო და კაიუტაც უნდა ჰქონოდა, სადაც მეგობრები რიგ-რიგობით დაიძინებდნენ. ფულის ყოველდღიური დაზოგვით მათ 25 000 დოლარი შეაგროვეს და საოკეანო ნიჩბოსნობისთვის განკუთვნილი ნავი Indian Runner-ი შეიძინეს.
გეგმა მარტივი იყო: ბენი და ჯეიმსი ავსტრალიურ პორტში, ჰერალდტონში ჩავლენ, სადაც მათ ნავი დახვდებათ და აფრიკის აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ მავრიკიამდე 3 100 საზღვაო მილის დასაფარად მოგზაურობაში გაემგზავრებიან. მეგობრებმა თან სანავიგაციო აღჭურილობა, სასიგნალო რაკეტები, მობილური ტელეფონები, 300 კგ საჭმელი და სპეციალური მოწყობილობა გაიყოლეს, რომელიც ზღვის წყალს სასმელად ვარგისიანად აქცევდა.
ნიჩბიანი ნავით ინდოეთის ოკეანის გადაკვეთის მცდელობები ადრეც ყოფილა. სხვაობა მხოლოდ თანამგზავრ გემში იყო, რომელიც ნავს მთელი გზის მანძილზე მიჰყვებოდა. „ესკორტის“ გარეშე მოგზაურობა გაცილებით სახიფათო იყო.
მეგობრებს ბედმა ზურგი პრაქტიკულად ფინიშზე აქცია. დიდმა ტალღამ მათი ნავი გადააყირავა და მეზღვაურები ზღვაში აღმოჩნდნენ. მეორე დღეს გადაფრენილმა შვეულმფრენმა წყალში მყოფი ორი ადამიანი ვერ შენიშნა. შოტლანდიელი ახალგაზრდები მას შემდეგ იპოვეს, რაც მავრიკიის მცხოვრებლებმა ნაპირზე გამორიყული ცარიელი ნავის შესახებ მაშველებს შეატყობინეს.
მათი თავდაგასავალი რეკორდის გარეშე, თუმცა მშვიდობიანად დასრულდა. ბენი თითქმის ერთ წელიწადს დაზიანებულ ფეხს მკურნალობდა. შემდეგ ცოლი შეირთო და საცხოვებლად პარიზში გადავიდა.
ჯეიმსის ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა. გაჩენილ შვილს მან მეგობრის სახელი დაარქვა. მაგრამ საყოველთაო დიდება მას სხვა გარემოებამ მოუტანა. 2013 წელს ის ლიტერატურას დაუბრუნდა და თავისი თავგადასავლის შესახებ წიგნი Rowing After the White Whale დაწერა, რომელიც გამომცემლობა Birlinn Limited-მა ბრიტანულ ჰიტად აქცია.
ნუკრი მგელაძე
AMBEBI.GE