"სექსუალურობას არ ვაწვებოდი, პირიქით... ამ საქმით სიამოვნების მიღება დავიწყე"

"სექსუალურობას არ ვაწვებოდი, პირიქით... ამ საქმით სიამოვნების მიღება დავიწყე"

რუსკა მაყაშვილმა სხვადასხვა შოუში წამყვანობის კარგი გამოცდილება დააგროვა, ახლა კი ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტ ''X ფაქტორის'' წამყვანად გიორგი ყიფშიძესთან დუეტში შეარჩიეს. რუსკას რუსთაველის თეატრში რეპეტიციის შემდეგ ვესტუმრეთ და ბევრ თემაზე ვესაუბრეთ.

- ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' რომ დასრულდა, მაშინ ამბობდი, რა მინდოდა წვენებშიო. შემდეგ კი მაინც დაგითანხმეს წამყვანობაზე.

- (იღიმის) თავიდან ვამბობდი, რა მინდოდა, ეს რა რთული ყოფილა-მეთქი. მეგონა, უცებ ყველაფერი გამომივიდოდა, ''ცეკვებს'' ვგულისხმობ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რასაც ხელს ვკიდებ, ვცდილობ, ყველაფერი გამოვიყვანო და მუღამი დავუჭირო. მთავარია, გსიამოვნებდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. მეგაშოუს წამყვანობა კი ძალიან ძნელია, თავიდან ალღო ვერ ავუღე, ღია ეთერში შევვარდი პირდაპირ, ვინერვიულე და ვთქვი, შანსი არ არის, როდისმე რამე წავიყვანო-მეთქი. მერე, ჩემი ინტერვიუები რომ წავიკითხე, რადგან ჯიბრიანი ადამიანი ვარ, საკუთარ თავს ვკითხე, რას ნიშნავს, არ გამომივიდა-მეთქი. იმავე პერიოდში მივიღე შეთავაზება ბავშვების ''ვოისის'' წაყვანაზე, იქ წაყვანის სხვანაირი სტილი იყო, დადგენილი ტექსტი არ მქონდა, მივხვდი, რომ ამ საქმით სიამოვნების მიღება დავიწყე. მერე, თანდათან, დავმშვიდდი და ''ერთი ერთში'' სრული სიამოვნება მივიღე. ცუდად არ გამომივიდეს თქმა, მაგრამ ვისწავლე, ახლა ღამეც რომ გამაღვიძო და ეთერში შემაგდო, რაღაცას მოვიფიქრებ სცენარისა და ტექსტის გარეშე.

- ''ერთი ერთში'' მოირგე ქალური, სექსუალური ჩაცმის სტილი. მანამდე სულ დახეული ჯინსით გვახსოვდი.

- სექსუალურობას არ ვაწვებოდი, პირიქით, მინდოდა, ძალიან კონსერვატიული ვყოფილიყავი. ყოველდღე პომპეზურობა არ მინდოდა, ქალური სილუეტის შემოტანა მომინდა, სიმკაცრე, ცოტა იუმორი ერთმანეთს დავაჯახე და ვფიქრობ, კარგი შედეგი მქონდა. ''ჯიდიესზე'' ძალიან ხარისხიანი პროექტი იყო და მან უდიდესი გამოცდილება მომცა, მე და კახა კინწურაშვილს თავისუფლება გვქონდა ერთმანეთთან, დადგენილი არაფერი ყოფილა, ბევრი რამ სპონტანურად მოხდა, ზოგი სისულელეც, რაც ვთქვით და რბილი ლ, რაც პირდაპირ ეთერში დავაბრეხვე (იღიმის).

- რუსკა, ია სუხიტაშვილი და აჩიკო სოლოღაშვილი ''X ფაქტორის'' წამყვანებად შენ და გიორგი ყიფშიძემ ჩაანაცვლეთ. უხერხულობა ხომ არ გქონია ამის გამო კოლეგასთან?

- ორივე ჩემი მეგობარია. მართალი რომ გითხრა, არ ჩავეძიე არაფერს, ეს ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი. პროდიუსერების გადაწყვეტილება იყო, დამიძახეს და მივედი.

- გიორგი ყიფშიძესთან მეგობრობა გაკავშირებს?

- აღარც მახსოვს, რამდენი ხანია, ვიცნობ. მასთან და მის ოჯახთან ვახლობლობ. გიორგისთან პარტნიორული შეწყობა ნამდვილად არ გამიჭირდება, თუმცა ახლა აღარ ვღელავ, გამოცდილება დამიგროვდა და დამუღამებული მაქვს გადაცემის წაყვანა. რაც შეეხება ''X ფაქტორს'', ნერვიულობა ყველა შოუს ახლავს. ვხუმრობ ხოლმე, ვიარე, ვიარე, ჩამოვყალიბდი და მოვედი ნომერ პირველთან-მეთქი. ყველამ კარგად იცის და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, როგორი პროდაქშენი აქვს ''რუსთავი 2''-ს. არც სხვაგან მუშაობდნენ ცუდად, მაგრამ გამიკვირდა, როდესაც ასეთი აწყობილი სისტემა ვნახე. დიდი ყურადღებით მეპყრობიან, ერთი ადამიანი სულ შორიახლოს არის, რომ მკითხოს, რამე ხომ არ მჭირდება, ლანჩის დროს რომ შევდივარ საგრიმიოროში, უკვე იქ მხვდება ყველაფერი. მოკლედ, დიდ კომფორტში ვარ და ძალიან მივლიან, დიდი მადლობა მათ (იღიმის). უფრო მაგარ ადგილას სად უნდა წავსულიყავი, როგორც წამყვანი?

- ერთ-ერთ გადაღებაზე ვიყავი და ფეხშიშველი დარბოდი ფილარმონიაში.

- ძალიან მაღალ ქუსლებზე მეცვა და ვერაფრით შევეჩვიე. არანორმალურად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს რატომ ვეტაკე პირველივე ჩაწერაზე, არ ვიცი, არადა, თავად შევარჩიე. როგორც კი ჩაწერას ვამთავრებ, ან სპექტაკლიდან გამოვდივარ, საგრიმიორომდე სულ ფეხშიშველი მივდივარ (იღიმის).

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება