ნინო ლეჟავა საქართველოში აღმოსავლური ცეკვების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა.
მას ცხოვრების განსხვავებული წესი აქვს. 26 წლის მოცეკვავე ამბობს, რომ მისი გული თავისუფალია და უკვე სურვილი აქვს, გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავდეს.
პირველი წარმატება
- ცეკვა 5 წლიდან დავიწყე. 21 წელია, სცენაზე ვდგავარ. თითქმის ყველა ჟანრში ვცეკვავდი (სამეჯლისოს, ქართულს, მსოფლიო ხალხთა ცეკვებს) და უამრავი დიპლომი მაქვს, ბევრჯერ ლაურეატიც გავხდი. თუმცა, პირველი სერიოზული წარმატება იყო 2008 წელს, აღმოსავლურ ცეკვებში ევროპის ჩემპიონი გავხდი.
- გარდა იმისა, რომ ცეკვავ, სხვა პროფესიაც გაქვს?
- ცეკვა ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ მიყვარს ხატვა, ჩანახატების წერაც... დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, "ტანსაცმლის მოდელირებისა და დიზაინის" ფაკულტეტი. ჰოდა, ჩემი საცეკვაო კოსტიუმების უმეტესობა საკუთარი ხელით მაქვს შექმნილი. ასევე, ვმუშაობდი უსახლკარო ძაღლთა თავშესაფარში, ბატონ თამაზ ელიზბარაშვილთან. სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო, იქ მუშაობას ვეღარ ვახერხებ, მაგრამ როცა ჩემი ოთხფეხა მეგობრები მენატრება, მათ სანახავად თავშესაფარში მივდივარ და უკან დადებითი ემოციებით დატვირთული ვბრუნდები.
ოჯახი
- ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში დავიბადე. დედა ფილარმონიის სოლისტი იყო (სამწუხაროდ, გარდაიცვალა). ყველაზე დიდი წვლილი ჩემს აღზრდაში სწორედ დედას მიუძღვის. მან შემაყვარა სცენა. ძალიან მკაცრად მზრდიდა და ამიტომაა ჩემში პირველობის მიმართ სწრაფვა. 2010 წელს, როცა საქართველოში პირველი ცეკვის ოლიმპიადაში გავიმარჯვე და ჩემს ჟანრში პირველი ადგილიც ავიღე, გული დამწყდა, რადგან დედა ჩემ გვერდით არ იყო და ვერ გაიზიარებდა ამ გამარჯვებით მოგვრილ სიხარულს. მამა "რეროს" მუსიკოსი იყო. უკრავდა გიტარაზე, საქსოფონზე... ახლა მამაა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მისი მხარდაჭერა ჩემთვის დიდი სტიმულია.
მატერიალური მდგომარეობა
- დაახლოებით 10-15 წლის წინ, საქართველოში აღმოსავლურ ცეკვებს სტრიპტიზად მიიჩნევდნენ. არადა, ეს აღმოსავლური ტრადიციული, ქალური და არა - ვულგარული ცეკვაა. მიხარია, ეს ჟანრი რომ უკვე საქართველოშიც მიიღეს და მოთხოვნაც დიდია. წლების წინ საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა, ამ საქმიდან შემოსავალი რომ მქონოდა, ახლა კი საქართველოდან გამგზავრება აღარ მჭირდება - აქაც სტაბილურად კარგი მატერიალური მდგომარეობა მაქვს.
სხვათა შორის, დამოუკიდებელი ძალიან პატარა ასაკიდან გავხდი. 16 წლის ვიყავი, როცა დედამ ცეკვის სტუდია - "პირველი ნაბიჯები" ჩამოაყალიბა, სადაც ქორეოგრაფად ვმუშაობდი.
პირადი ცხოვრება
- შედარებით პატარა ასაკში ხან ერთი ბიჭი მიყვარდა, ხან - მეორე, ახლა კი ამ ყველაფერზე მეცინება. სერიოზულად შეყვარებული ორჯერ ვიყავი და ორივე ურთიერთობა მტკივნეულად დასრულდა. ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ.
ძალიან მომთმენი და უბოროტო ადამიანი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცს ჩემთვის გული უტკენია, მაგრამ ამის მცდელობა ყოფილა. ისე, წყენასაც ადვილად ვივიწყებ, მაგრამ თუ მოთმინების ფიალა ამევსება, კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობას უბრალოდ, გავწყვეტ. სხვათა შორის, ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე, ახლა კარგად ვიცი საკუთარი თავის ფასი და ვინმე ძალიანაც რომ შეეცადოს, ასე მგონია, ვეღარ მატკენს.
- როგორი მამაკაცები მოგწონს?