ცნობილია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის - "ციფრული ფოტომატიანის" ფარგლებში, პოპულარული ადამიანები თავიანთი ფოტოარქივებიდან უნიკალურ ფოტოებს ბიბლიოთეკას გადასცემენ. ამ უზარმაზარ და საინტერესო არსენალში, ანუ ცნობილი ქართველი ხელოვანების (ელდარ შენგელაია, ია ფარულავა, ბაია დვალიშვილი...) ფოტომასალებში, მსახიობ რობერტ დე ნიროს საქართველოში სტუმრობის ამსახველი კადრებიც არის აღმოჩენილი.
სანამ მისი საქართველოში ჩამოსვლის დროს გავიხსენებდეთ, ამ გენიალური მსახიობის ბიოგრაფიიდან რამდენიმე შტრიხს შეგახსენებთ.
უამრავი ფილმი, ბევრი მთავარი როლი და საოცარი აღიარება. კოლეგები მისი ტალანტის პატივისცემის ნიშნად, მისტერ რობერტ დე ნიროს ეძახიან. ნათამაშევი ფილმების უმეტესობა ჰოლივუდის ჰიტად იქცა. დე ნირო ოსკაროსანია და თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა მიჩნეული. განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: "ნათლიმამა II", "ტაქსის მძღოლი", "ცოფიანი ხარი", "დიდებული ბიჭები" და "ხელშეუხებლები".
დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოს, ნიუ-იორკში. როგორც ყველა ნიუიორკელ ბიჭს, განგსტერები და კინო უყვარდა, ერთიც და მეორეც ფანტაზიას უღვივებდა. სამსახიობო განათლება სტრასბერგის სტუდიაში მიიღო. სრულწლოვანი რომ გახდა, საფრანგეთში წავიდა, სადაც 1956 წელს პირველად გადაიღეს ფილში "სამი ოთახი მანჰეტენზე". შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა და ჰოლივუდს გაუშინაურდა...
10 წლის განმავლობაში ფილმებში იღებდნენ, მაგრამ წარმატებას მაინც ვერ აღწევდა. ამიტომაც გადაბარგებას სხვა სფეროში აპირებდა და ერთ-ერთ წვეულებაზე მარტინ სკორსეზეს შეხვდა. ოდესღაც ნიუ-იორკის იტალიურ კვარტალში ერთად იზრდებოდნენ, შემდეგ მათი გზები გაიყარა და ბედმა ისინი კვლავ შეახვედრა. ბავშვობის მეგობარი სკორსეზემ თავის ახალ პროექტში მიიწვია...
დიახ, გენიალური მსახიობი საქართველოს 1987 წელს ქალიშვილსა და ვაჟთან ერთად ესტუმრა. ის აქ მოსკოვის კინოფესტივალიდან ჩამოვიდა. იმ პერიოდში მსოფლიოში ქართული კინოს ფენომენი უკვე არსებობდა. მიშა კობახიძეზე, ოთარ იოსელიანსა და თენგიზ აბულაძეზე მთელ მსოფლიოში ლაპარაკობდნენ.
დე ნიროს აინტერესებდა, ეს პატარა ქვეყანა როგორ ახერხებდა ასეთი თვითმყოფადი სურათების შექმნას. მსახიობს ქართველი ხელოვანებიდან ელდარ შენგელაია, ზურა ყიფშიძე და ერეკლე ბადურაშვილი დახვდნენ. ერთ დღეს თბილისი დაათვალიერებინეს, საღამოს კი უკვე ზურაბ წერეთელმა თავის სახლში დაპატიჟა. როგორც ამბობენ, დე ნირო ვერ გაერკვა და ვერ გაიგო, იქ ხალხი რატომ დახვდა და პურმარილი რატომ გაუშალეს. ამიტომ დიდი ინტერესით კითხულობდა, თუ რა იყო ამის მიზეზი.
აუხსნეს, რომ ეს ქართული ტრადიცია იყო და საპატიო სტუმრებს აქ ასე ხვდებოდნენ. ეს ყველაფერი კი მის მიმართ პატივისცემის გამოხატულების ნიშანი გახლდათ. მან ვიზიტის ფარგლებში ასევე ქუთაისის დათვალიერება შეძლო, სულ ორი დღით იყო თბილისში და ცხადია, აქედან უზარმაზარი შთაბეჭდილებებით სავსე წავიდა.ლალი ფაცია
AMBEBI.GE