''მგონია, საერთოდ არც სძინავს'' - რას ჰყვება მაქს რიჟიკოვი სალომე ჭაჭუაზე

''მგონია, საერთოდ არც სძინავს'' - რას ჰყვება მაქს რიჟიკოვი სალომე ჭაჭუაზე

სალომე ჭაჭუა და მაქს რიჟიკოვი საქართველოს ჩემპიონები არიან. გამარჯვების მოსაპოვებლად ორივემ ბევრი იშრომა. წყვილს უკრაინელი მწვრთნელი რუსლან ვისოცკი ამეცადინებდა, მათი სასცენო კოსტიუმებიც უკრაინაში შეიკერა. წყვილს გამარჯვების მოპოვებიდან რამდენიმე დღეში შევხვდით.

- ელოდით, რომ საქართველოს ჩემპიონები გახდებოდით?

მაქსი:

- სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ახალი წყვილი ვართ და ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა, წარმატებისთვის ვერ მიგვეღწია, მაგრამ გამარჯვება ძალიან გვინდოდა და მიზნის მისაღწევად ბევრს ვშრომობდით.

სალომე:

- ვერ გეტყვით, ძალიან გამიკვირდა-მეთქი გამარჯვება. ბევრი იმიტომ ვივარჯიშეთ, რომ კარგი შედეგი მიგვეღო. ვფიქრობ, პირველი ადგილი დამსახურებულად ავიღეთ.

- ეს ტურნირი პირველად მოიგე?

- საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული ვარ. ბოლო წელიწად-ნახევარი მეწყვილე არ მყოლია და შეჯიბრებებში ვერ ვმონაწილეობდი. საქართველოში რთულია კარგი მეწყვილის მოძებნა.

- მაქს, უკრაინაში რა წარმატებები გაქვს?

- უკრაინის ჩემპიონი არასდროს ვყოფილვარ. ვიცე-ჩემპიონი გავხდი, ანუ მეორე ადგილი ავიღე. ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ნახევარფინალისტებს შორის მოვხვდი.

სალომე:

- საქართველოში წარმატების მოპოვება უფრო მარტივია, რადგან ცოტა მოცეკვავე ვართ, უკრაინაში ძალიან ბევრი და ძლიერი მოცეკვავეა.

- უახლოეს მომავალში კიდევ აპირებთ კონკურსში მონაწილეობას?

მაქსი:

- ახლა, პირველ რიგში, შეკრებებზე უნდა წავიდეთ. ლუბლიანაში გვყავს მწვრთნელები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონები არიან. ჩვენი მიზანია, ცეკვის დონე ავიმაღლოთ და მსოფლიო რეიტინგის 50 საუკეთესო მოცეკვავეს შორის მოვხვდეთ.

- მაქს, სალომე ძალიან შრომისმოყვარეა და ბევრს მუშაობს. მასთან ერთად ცეკვა რთული არაა?

- რთული იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მე ზარმაცი ვიქნებოდი. ცეკვა ძალიან მიყვარს და შემიძლია, ისევე ვივარჯიშო, როგორც სალომე ვარჯიშობს. სალომე თითქმის არასდროს ისვენებს და მგონია, რომ საერთოდ არც სძინავს, სულ ვარჯიშობს.

სალომე:

- მხოლოდ ვარჯიშს არ ვუთმობ ჩემს დროს. დიდი სტუდია გვაქვს და ბევრი ჯგუფი მყავს, რომლებსაც ვასწავლი და ცოტა არ იყოს, დავიღალე. დასვენება მჭირდება, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს და მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ.

- მაქს, უკვე რამდენი ხანია, საქართველოში ცხოვრობ?

- უკვე ნახევარი წელია, თბილისში ვარ.

სალომე:

- პირველად გასული წლის ოქტომბერში ჩამოვიდა. სინჯი გვქონდა, ანუ შევეწყობოდით თუ არა ერთმანეთს. მერე ჩამოვიდა და დარჩა თბილისში, რადგან მე ვთქვი უარი, რომ უკრაინაში წავსულიყავი. ჩვენს სტუდიაში ასწავლის ბავშვებს ცეკვებს.

- გყავს შეყვარებული, რომელიც უკრაინაში გელოდება?

- პირადზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკრაინაში შეყვარებული არ მყავს.

- ქართველი გოგონები მოგეწონა?

- ვცხოვრობ, როგორც ამბობენ, პატარძლების ქალაქში, ოდესაში, სადაც ძალიან ბევრი ლამაზი გოგონაა. ლამაზი გოგონების გარემოცვაში ყოფნას მიჩვეული ვარ, მაგრამ ქართველი გოგონების სილამაზე ძალიან მომწონს. ის არ ჰგავს უკრაინულ სილამაზეს.

- სალომეს შესახებ ბევრი რამ ვიცით, შენზე გვიამბე.

- 22 წლის ვარ, ოდესაში გასულ ზაფხულს იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ გამოდის, რომ მხოლოდ დავამთავრე ეს სასწავლებელი და არ მიმუშავია. საქართველოში ჩამოვედი, ჩემი პროფესიით რომ მემუშავა, დროც არ მქონდა. მაინცდამაინც ამის სურვილიც არ მაქვს. როდესაც მოგზაურობას ეჩვევი, მერე ერთ ოფისში მთელი დღე ჯდომას ვერ მოახერხებ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება