"იცით რას ნიშნავს, როცა 5 წლის მძინარე შვილს აკანკალებული კოცნი შუბლზე და გინდა, ეს წამი დიდ ხანს გაგრძელდეს?!" - ემიგრანტის პასუხი ქეთი დოლიძეს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ

"იცით რას ნიშნავს, როცა 5 წლის მძინარე შვილს აკანკალებული კოცნი შუბლზე და გინდა, ეს წამი დიდ ხანს გაგრძელდეს?!" - ემიგრანტის პასუხი ქეთი დოლიძეს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ

ქეთი დოლიძის მიერ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც რეჟისორი ემიგრანტებს მიმართავს, საქართველოდან სამუშაოდ წასული უამრავი ადამიანისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. "ჩვენ ემიგრანტები ვართ" - ამ სახელწოდებით საპასუხო ჩანაწერს ანა გაგუნაშვილი აქვეყნებს, რომელშიც ემიგრანტი ოჯახიდან შორს, საყვარელი ადამიანების გარეშე, ემიგრაციაში ცხოვრების სირთულეებზე საუბრობს.

"მინდა მივმართო ყველა ემიგრანტის "გულშემატკივარს": დაგვაბრუნეთ და დავბრუნდებით...

ჩვენ ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ, გამოგვაძევეს, სამშობლოს კარი ისე მოგვიჯახუნეს ზურგს უკან, რომ ტკივლისგან ხერხემალი გაგვიმრუდდა...

ჩვენ დახუჭული თვალებით გამოვედით სახლებიდან და წლების მერეც გვეშინია გახელის, გვეშინია იმ სიბნელის დანახვის, რომელშიც გადმოვსახლდით და გვეშინია იმ მანძილის დანახვის, რომელიც სამშობლოსთან გვაშორებს...

ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით... ჩვენ ვცხოვრობთ საკანში, რომელსაც ფანჯარა არ აქვს და ისიც არ ვიცით, მზე რომელი მხრიდან ამოდის... ჩვენ ვცხოვრობთ ჭაობისგან აგებულ ოთხ კედელში და სუნთქვა გვიჭირს ისეთი ნესტია ცრემლების...

აქ დროც გაჩერებულია...

თქვენ, რომლებიც უკვე გასამართლებულებს სასამართლოს გვიწყობთ, იცით რას ნიშნავს, როცა სამშობლოსკენ ზურგშექცევით მდგარს უკან მიხედვის ძალა არ გაქვს, გული ყელში გებჯინება და ისე გწვავს, რომ სულიც კი გეცლება და ცარიელ სხეულში გაფურთხებს.

როცა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ჰაერს ღრმად ისუნთქავ და ამოსუნთქვის გეშინია, გინდა რომ სამშობლოს უკანასკნელი ჰაერი ფილტვებში ჩაგრჩეს...

იცით რას ნიშნავს, როცა ყველა წერტილში, შენი წასვლით აცრემლებული თვალები გებლანდება და სიარულს გირევს... იქცევი იმის იმედით, რომ ჩამორჩები, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა ჩამტვრეულია, უნდა ადგე, ადგე და არ ჩამორჩე... წასვლა არ გინდა, მაგრამ უნდა წახვიდე...

იცით რას ნიშნავს როცა 5 წლის შვილს მძინარეს ემშვიდობები... აკანკალებული ტუჩებით კოცნი შუბლზე და გინდა ეს წამი დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან იცი, რომ როცა დაბრუნდები ის უკვე დაბოხებული ხმით დაგხვდება, თითქმის უკვე შენს სიმაღლე და დედის კალთაში ჩაჯდომა გაუტყდება...

ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც სიცოცხლეშივე დავიხოცეთ, ვსუნთქვთ მაგრამ არ ვარსებობთ, ჩვენ ვართ ისინი ვინც სიცოცხლეშივე ვნახეთ ჯოჯოხეთი, და მაინც ჯიუტად რწმენით ველოდებით როდის დადგება ჩვენი აღდგომა...

ჩვენი ღიმილის დანახვისას გამოტანილი თქვენი დასკვნები ისეთივე მარაზმია, როგორც თქვენი შეხედულებები ჩვენზე... თვალებში ჩაგვხედეთ და მთელ ტრაგედიას დაინახავთ ჩვენი ღიმილის უკან...

ჩვენ ვართ ის ემიგრანტები, რომლის მხრებზეც დგას დღეს მთელი საქართველო...

ჩვენ ვართ ის უსახელო გმირები, რომლებიც ორდენებს არ ვითხოვთ...

ჩვენ ვართ ის ჯარისკაცები, რომლებიც უიარაღოდ ვიბრძვით და მაინც ზურგში გვესვრიან...

და სანამ ქვას გვესროდეთ ჯერ ჩვენი ეკლიანი აღმართები აიარეთ...", - წერს ანა გაგუნაშვილი.

რაც შეეხება ქეთი დოლიძის სტატუსს, რომელმაც ემიგრანტების ნაწილი აღაშფოთა:

"ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად: ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტიკური წყობის შეცვლის და დევნის საშიშროების გამო ტოვებს ი ძ უ ლ ე ბ ი თ თავის ქვეყანას... და არა საკუთარი ნებით.... ამიტომ თავისი ნებით წასულ (რა თქმა უნდა გაჭირვების გამო) ადამიანს არ შეიძლება ერქვას ემიგრანტი.... აქ, საქართველოში ვინმე სდევნის? მიშას მომხრეები ხომ ურიცხვი ხართ უცხოეთში (?) და მითხარით, მისი მმართველობის დროს რატომ არ დაბრუნდით? არც მაშინ გდევნიდათ ვინმე. ამიტომ დაერქვას ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი. ყველა აქედან წასული ძალიან მეცოდება, მაგრამ ე მ ი გ რ ა ც ი ა ს თ ა ნ ამას საერთო არა აქვს! ღმერთმა ქნას მალე დაბრუნებულიყავით! ისე, ზოგოერთებს, ვისაც მიშა გენატრებათ, შეგიძლიათ ოდესაში მოინახულოთ!!!!! დიდად არ მეხატება გულზე მენშევიკები, მაგრამ ნოე ჟოედანიას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასდროს მიუღია! ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილით კვდებოდა საფრანგეთში!!!!!", - წერდა ქეთი დოლიძე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ