"შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს" - ნოდარ დუმბაძე 1956 წლის წყალდიდობაზე

"შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს" - ნოდარ დუმბაძე 1956 წლის წყალდიდობაზე

"შემოვარდა თურმე ნარიყალადან მომსკდარი წყალი და აბანოს მიწისქვეშა სარდაფებში შევარდნილა. შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს და იმის ნაცვლად, თავისკენ გაეღოთ, იქეთ მისწოლიან და თვითონვე დაუგმანავთ გასასვლელი. და როდესაც სარდაფები პირთამდე გაივსო შლამიანი და მღვრიე წყლით და როდესაც სარდაფებში კივილ-წივილი შემწყდარა,

საშველად მოვარდნილი კაცები მიმხვდარან, რომ გოგირდის აბანოებში სიცოცხლე გათავდა...", - ასე აღწერს ნოდარ დუმბაძე 1956 წლის ორთაჭალის წყალდიდობას მის უკანასკნელ რომანში, "მარადისობის კანონში". Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ნაწარმოებიდან:

***

მარადისობის კანონი

ნოდარ დუმბაძე

... სოლოლაკელი ოქრომჭედლის, გოგიას ბიჭს, ბიჭს კი არა, ნაბიჭვარს, ვანოს გაურიგეს იმ წელს მარგოდედაკაცებმა. მაშინდელი წესის მიხედვით, ჯვრისწერის წინ მულ-დედამთილს აბანოში უნდა ენახა სარძლო დედიშობილა, რამე ხინჯი რომ არ ჰქონოდა და გონჯი არ გამომდგარიყო.

მარგოს ცოდვა მიეცათ მის სულწაწყმედილ მულდედამთილსა და ბედდამწვარ დედამისსაც. აბა, მარგოს გასასინჯი რა სჭირდა, დაფეთებული შვლის ნუკრივით ჩამოირბენდა ხოლმე პეტრიაშვილზე და მელიქიშვილზე

რომ გაივლიდა, პირდაღებული გამყიდველები და მყიდველებიც დუქნებს ტოვებდნენ და მოძრაობა ჩერდებოდა თურმე.

კვირადღეს, დილით, საერთოში შეიყვანეს მარგო თურმე და იმ მის მუშტრის თვალით მომზირალ შავ ყვავებში თეთრი მარმარილოს ქანდაკივით რომ დადგა დედიშობილა, მკვრივ და მაღალ მკერდზე ყორნისფერ თმებჩამოშლილი, მისი სილამაზით და აღნაგობით განცვიფრებულ დედაბრებში ანგელოზივით მკლავები რომ გაშალა, სწორედ მაშინ შემოვარდა თურმე ნარიყალადან მომსკდარი წყალი და აბანოს მიწისქვეშა სარდაფებში შევარდნილა. შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს და იმის ნაცვლად, თავისკენ გაეღოთ, იქეთ მისწოლიან და თვითონვე დაუგმანავთ გასასვლელი. და როდესაც სარდაფები პირთამდე გაივსო შლამიანი და მღვრიე წყლით და როდესაც სარდაფებში კივილ-წივილი შემწყდარა,

საშველად მოვარდნილი კაცები მიმხვდარან, რომ გოგირდის აბანოებში სიცოცხლე გათავდა... სწორედ მაშინ დაუნახავთ აბანოს ჭერში დატანებულ გისოსებიან ფანჯარაზე ხელებმიციებული, შეშლილთვალებიანი ქალიშვილი.

გამოუტეხიათ ის ფანჯარა და გისოსებზე ხელი რომ გააშვებინეს, ასევე გაშეშებული წაუყვანიათ სასწრაფოში. ერთი თვე იწვა მარგო სასწრაფოში, არც დედის, არც მულ-დედამთილის დასაფლავება არ გაუგია. ის შემზარავი წარღვნა საერთოდ ამოუვარდა მეხსიერებიდან. ვერა და ვერ ათქმევინეს, ვერ მოაყოლეს, ვერ გაახსენეს ექიმებმა ვერაფერი.

ერთი თვის შემდეგ ფსიქიატრიულში გადაიყვანეს მარგო. ნახევარი წელიწადი იქ ჰყავდათ. ბოლოს, როდესაც

ხმა ამოიღო და სიცოცხლეს დაუბრუნდა, ამ ქვეყანას აღარ იყო. იმ ნაბიჭვარმა ვანომ ერთხელ არ ინახულა, ერთხელ არ მიაკითხა. ერთი მანეთით არ გაუმართა ხელი ღვთის ანაბარად დარჩენილ გოგოს.

საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა მარგო. ერთი კვირა შინ იჯდა, გარეთ არ გამოსულა. არავის იკარებდა, არც მეზობელს, არც ამხანაგს. ერთი კვირის თავზე სიმღერა გაიგონეს მეზობლებმა მარგოს ოთახში, კარი შეაღეს და... მარგო მაგიდასთან იჯდა, წინ ორი ბოთლი საფერავი ედგა, ერთი სავსე, ერთიც ცარიელი და ტკბილად ღიღინებდა თავისთვის:

პარახოდო, ვინ რა იცის, რა ხარო,

თუ დაგჭირდა, საზღვარგარეთ გახვალო,

ჩამოიტან კავერკოტის ნაჭრებსა,

დაურიგებ გაკოტრებულ ვაჭრებსა...

***

შეგახსენებთ, რომ "მარადისობის კანონი" ნოდარ დუმბაძის უკანასკნელი რომანია. ნაწარმოების მთავარი გმირია მწერალი ბაჩანა რამიშვილი, რომელიც გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მოხვდება, სადაც ის მის ცხოვრებას იხსენებს და მარადისობის კანონს აღმოაჩენს. 1982 წელს წიგნის ეკრანიზაცია გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ| "ქალებს სიშიშვლის რცხვენოდათ და ბევრი სწორედ ამ სირცხვილის გამო დაიხრჩო, არ გამოვიდა აბანოდან"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს