რის გამო ლანძღავს ქართველებს „კაზანტიპის“ დამფუძნებელი

რის გამო ლანძღავს ქართველებს „კაზანტიპის“ დამფუძნებელი

„ამ დღეებში ქართველებმა „კაზანტიპის“ ძეგლი აიღეს. უცნაურია, რომ მათ არ დაანგრიეს ყველაფერი, რაც ჩვენ იქ ავაშენეთ, მხოლოდ ეს ძეგლი. რა თქმა უნდა, დანარჩენი ინფრასტრუქტურის გამოყენება და საკუთარ დამსახურებად გასაღება შეიძლება, მაგრამ აი, ძეგლი უნდა აიღო, რადგან ვერავინ მიხვდეს, კონკრეტულად ვინ ააშენა იქ ყველაფერი. საინტერესოა, როგორ მოექცევიან ისინი მრავალტონიან Z მეტეორს? Z-ს G-დ გადააკეთებენ? სასაცილო, საბრალო და ველური ხალხია“ - წერს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე „კაზანტიპის“ დამფუძნებელი ნიკიტა მარშუნოკი. ის ამგვარად ეხმაურება ანაკლიაში დაწყებულ მოსამზადებელ სამუშაოებს, რომლებსაც ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM fest-ის მესვეურები აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის ინფრასტრუქტურის გამართვა თავიდან მიმდინარეობს, შენდება სცენები, ერთ-ერთი - ზღვაში, მონტაჟდება განათება, ხიდზეც სამუშაოები მიმდინარეობს. ანაკლიაში 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიო დონის დიჯეები ჩამოდიან. GEM fest-ის ჯგუფი კი მხოლოდ ქართული არ არის, მასზე მუშაობენ პროფესიონალები უცხოეთიდან, მათ შორის „კაზანტიპის“ ყოფილი თანამშრომლებიც არიან.

ისინი უკვე ანაკლიაში იმყოფებიან და პროცესს თავად მართავენ. ალბათ, სწორედ ამიტომ, GEM fest-ის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ თავად უპასუხა ნიკიტა მარშუნოკის პრეტენზიებს შემდეგი კომენტარით: „გულწრფელად გეტყვი, რომ ეს ძეგლი ქართველებს სულაც არ აუღიათ, თუმცა ამ რიტუალის შემსრულებლებმა თავად მიიღეს მონაწილეობა მის დადგმაში. ისინი არ არიან ქართული წარმოშობის, თუმცა ყველანაირი უფლება აქვთ, რადგან ამ ქვეყნის რეზიდენტები არიან. ისინი კადრს მიღმა დარჩნენ მცირე ინტრიგისთვის... სალამი მზიანი საქართველოდან, სადაც დაბრუნების პირობა დადე, მაგრამ არ ჩამოფრინდი. გვენატრები, გვიყვარხარ, გეხვევით, გვახსოვხარ, არ დაგივიწყებთ. ახლა კი შეკითხვა: საბრალო და ველური ხალხი ზოგადად ქართველები არიან თუ ის არაქართველები, რომლებმაც ძეგლი აიღეს?“

შეგახსენებთ, წინა წელს ანაკლიაში „კაზანტიპმა“ დაიდო ბინა, თუმცა ფესტივალს, საკუთარი ფორმატიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი უარყოფითად შეხვდა. GEM fest კი წელს იქ პირველად იმართება და დადებითი რეზონანსი აქვს. ფესტივალს განსხვავებული ღირებულებები აქვს და საქველმოქმედო მიზანი ამოძრავებს. ყველა გაყიდული ბილეთიდან ლარი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება, 22 წლამდე ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ. სტუდენტებისთვის ორგანიზატორებმა შეღავათიანი ფასების პოლიტიკა აამოქმედეს.

როგორც ჩანს, ნიკიტა მარშუნოკის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ანაკლიაში უკვე ქართული პროექტი დაფუძნდა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბებს იძენს. თუმცა გაუგებარია, რაშია დასჭირდა ქართველების ლანძღვა ძეგლის აღების გამო. რა თქმა უნდა, სხვა ღონისძიების მიმანიშნებელი ძეგლი ახალი ფესტივალის ადგილას ვერ დარჩებოდა...

GEM fest-ის ოფიციალური მხარდამჭერია ამბები.ჯი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება