გოგონას ნათქვამს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს, "ნაციონალების" დროს სამართალდამცავებთან დაპირისპირებული ადამიანები აფასებენ

გოგონას ნათქვამს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს, "ნაციონალების" დროს სამართალდამცავებთან დაპირისპირებული ადამიანები აფასებენ

თემის განახლება| კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა და გენინსპექციის დასკვნა: უწყების თქმით, ლიკა კიკიანისთვის პოლიციელებს არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ და არც სასტიკად უცემიათ

კლუბ "ვიტამინის" მენეჯერის, ლიკა კიკიანის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ლიკა კიკიანი, "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში დაწვრილებით საუბრობს მომხდარზე, რასაც უკვე მოჰყვა შსს-ს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის მცირე კომენტარი, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბ "ვიტამინის" თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, მოკვლევის პროცესში მოხდება მხარეთა და ფაქტის შემსწრე პირების გამოკითხვა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ლიკა კიკიანი უკვე დაბარებულია გენისპექციაში.

Ambebi.ge ვიდეოს გავრცელების შემდეგ საზოგადოების რეაქციებს დააკვირდა. ვიდეობლოგი, რომელშიც ლიკა კიკიანი მომხდარს აღწერს, 5, 500-ზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა. შეფასებები ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია. ინტერნეტმომხმარებლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირებას მოითხოვენ.

Ambebi.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ ლიკა კიკიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში არაერთხელ დაუპირისპირდნენ პოლიციის ქმედებებს. ჩვენ ლევან გოგიჩაიშვილს, ირაკლი კორძაიას და მელორ ვაჩნაძეს ვესაუბრეთ.

ლევან გოგიჩაიშვილი: ამ ფაქტზე შსს-მ რეაგირება უკვე დაიწყო, ეს ძალიან კარგია. ჩვენ არ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც გარანტირებულად არის დაცული ადამიანების უფლებები. ასეთი ამბები ადრე ყოველდღიურობა იყო და ამაზე რეაგირება არ ხდებოდა. გამოძიება დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

ვენდობით თუ არა ამ გოგონას განცხადებას, ეს ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ უნდა ვენდოთ. ძალიან რთულია ასეთი რაღაცის მოგონება. დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება, მინიმუმ შერცხვები, თუ არ დადასტურდა. ის ადამიანები, ვინც ადამიანების უფლებებს ვიცავთ, დავაკვირდებით გამოძიების მსვლელობას.  რადგან გამოძიება, დაიწყო ვერ ჩავერთვებით საქმეში. თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. სამწუხაროდ, ბევრი ისეთი ადამიანი დარჩა სისტემაში, ვის მიზნებშიც შედის, რომ სამინისტროს ჩირქი მოსცხოს, მაგრამ პოზიტიურია ის, რომ საქმეზე დაწყებულია მოკვლევა.

ირაკლი კორძაია: არარეალურად მეჩვენება 20 პოლიციელის მიერ გოგონას ცემის ფაქტი, მაგრამ ფაქტია, გაუგებრობა იყო. არ მგონია, უსაფუძვლო იყოს ამ გოგონას განცხადება, მაგრამ გაზვიადებულად მეჩვენება. მთავარია მახინჯი და უვარგისი ტენდენცია, რომელიც შევარდნაძის დროს დაინერგა და სააკაშვილის დროს გაგრძელდა, არ განაგრძონ ამათმაც, რასაც ჰქვია "მუნდირის ღირსების შენახვა". ამ დაუსჯელობის შედეგად არის შელახული პოლიციის იმიჯი. გენინსპექცია რომ სჯიდეს პოლიციელს, შსს-ს იმიჯზე დადებითად იმუშავებდა ეს და მოსახლეობაც იგრძნობდა, რომ მასზე ზრუნავს შსს.

მელორ ვაჩნაძე: თუ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ამ გოგოს თუნდაც ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს ან ქონება დაუზიანეს, ეს პოლიციელები ჯგუფურად არიან დასაჭერები. ამდენი წელი ვებრძოდით მსგავს ფაქტებს, ეს საქმე პირადად შს მინისტრამდე უნდა მივიდეს, ჩატარდეს გამჭირვალე გამოძიება. შსს-ში რეფორმა უნდა ჩატარდეს, ფსიქოლოგიური ტრენინგები ჩაუტარდეთ სამართალდამცავებს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ფსიქიკურად გაუწონასწორებლები არიან, ოჯახური პრობლემები გამოაქვთ გარეთ და ამეტებენ თავიანთ უფლებამოსილებას. ეს უნდა გამოსწორდეს. მე მზად ვარ გვერდით დავუდგე მაგ გოგონას, თუ დაინტერესდება, მიაწოდეთ ჩემი ნომერი, ბოლომდე მივყვები მის საქმეს. დროა, პოლიციელმა პოლიციელის და მოქალაქემ მოქალაქის სახე დაიბრუნოს. ფიზიკური შეურაცხყოფის უფლება პოლიციელს არ აქვს. თუ დააშავა,  კოდექსის დაცვით უნდა დააკავო. გული დამწყდება, თუ ეს ფაქტი დადასტურდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია