საქართველოში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2015 დასრულდა - ზაფხულის ხუთი ფერადი დღის ქრონიკა

საქართველოში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2015 დასრულდა - ზაფხულის ხუთი ფერადი დღის ქრონიკა

Tbilisi Open Air 2015 დასრულდა. თუმცა, ქართველ მსმენელს ალბათ კიდევ დიდხანს გაყვება ემოცია, რომელიც 5 დღიანმა ფესტივალმა დაუტოვა. მუსიკა ათავისუფლებს და აბედნიერებს! - ამას აუცილებლად იგრძნობდა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთ საღამოს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაატარებდა.

Open Air ცნობილმა ბრიტანულმა ბენდმა placebo-მ დახურა, რომელმაც წვიმაზე მეტად მოახერხა ქართული აუდიტორიის დასველება. წარმოუდგენელი მუხტი, რომელიც სცენიდან მოდიოდა, გარშემო ყველა ადამიანს შთანთქავდა.

თუმცა, placebo არ იყო ერთადერთი ჯგუფი, რომელმაც ფესტივალის განმავლობაში მსმენელი გააბედნიერა.

გამოყენებულია Tbilisi Open Air-ის ოფიციალური ფოტო

პირველი დღის ჰედლაინერები ზემფირა, აკვარიუმი და Tiger Lillies იყვნენ. სკანდალურ რუსი როკ დედოფლის გამოსვლას ხმაურის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია. უკრაინის დროშის ფრიალის გამო, ზემფირა სრულიად რუსეთის კრიტიკის ობიექტად იქცა. თუმცა, ქართველების და უკრაინელების გულში ალბათ კიდევ უფრო დიდი პლუსი დაიწერა.

რაც შეეხება, აკვარიუმისა და Tiger Lillies გამოსვლას, აქ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ Tiger Lillies საქართველოში არც ისე ბევრი მსმენელი ყავს, წინა რიგებში მდგომი მსმენელის აქტიურობა, Heroin & Cocaine -ის შესრულების დროს პიკს აღწევდა. ბორის გრებენშიკოვმა კი, კიდევ ერთხელ შეგვახსენა "დალევის ავკარგიანობის" შესახებ.

Open Air-ის მეორე დღის მთავარი მოვლენად archive და soap&skin იქცნენ. archive -მა, რომელიც შეუდარებელი ლაივებითაა ცნობილი, არც ამჯერად გაუცრუა იმედები საკუთარ მსმენელს და ფესტივალის ყველა სტუმარი ფანტასტიკური შოუს მონაწილე გახადა.

რაც შეეხება ავტრიელ soap&skin-ს, ანიას შთამბეჭდავმა გამოსვლამ პუბლიკა 50 წუთის განმავლობაში შავ-ბნელ სამყაროში გადაიყვანა, სადაც ორი მბრძანებელი: როიალის ხმები და ანიას ვოკალი იყო. გარდა ამისა, მომღერლის მინდორში გამოჩენამ მის მსმენელებს დაუვიწყარი წუთები აჩუქა. ალბათ, ყველას არ ექნება, საყვარელ მომღერალთან ერთად მინდორში ჩახუტების და სასმელის ერთად დალევის გამოცდილება.

მესამე დღეს ბეტ ჰარტს და Killitkid დაეთმო. ბეტ ჰარტის გული ქართულმა აუდიტორიამ ჯერ კიდევ ფილარმონიაში მისი გასვლის დროს დაიპყრო, როდესაც გაოცებული მომღერალი სოციალურ ქსელებშიც კი ვერ მალავდა აღფრთოვანებას. Killitkid-ისთვის ეს პირველი ვიზიტი იყო საქართველოში და როგორც მათ მიერ გაკეთებული კომენტარიდან შეგვიძლია ვისმჯელოთ, ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი.

მეოთხე დღე ძირითადად მეტალის მსმენელისთვის იყო განკუთვნილი. Black Label Society -ის ვიკინგებმა მსმენელის გულები პირველივე წუთებიდან დაიპყრეს.

საერთო ჯამში, Tbilisi Open Air 2015 ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მოვლენა იყო, რაც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მომხდარა. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველა მინუსი, რომელიც წლების განმავლობაში აღიზიანებდა ფესტივალის სტუმრებს, წელს გათვალისწინებული იყო. არ შეიძლება არ აღინიშნოს სპეციალური ტრანსპორტი და საპირფარეშო, რომელიც სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იყო გამოყოფილი.

დამთავრდა ფესტივალის ფერადი დღეები და მსმენელი უკვე მომავალი წლის მოსალოდნელი სტუმრებზე ფიქრობს. მართალია, ჯერ კიდევ დიდი დროა, შემდეგ Open Air-ამდე, თუმცა, ის მძლავრი ემოცია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში დაგროვდა, ასე მალე არ გაქრება.

Placebo ჰონორარის ნაწილს 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულებს გადაურიცხავს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება