უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ვითარება კვლავ დაიძაბა. უკრაინული მედიის ცნობით, თებერვლის შემდეგ, დონბასში პრორუსი ამბოხებულები ყველაზე მეტად გააქტიურდნენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო, ერთი დაკარგულია, ხოლო 16 დაჭრილი. ქვეყნის არმიის წარმომადგენელთა თქმით, ამბოხებულები სამთავრობო პოზიციებს მძიმე არტილერიით უტევენ.
გავრცელებული ცნობით, დაახლოებით 400 ამბოხებული ტანკებით მარიუპოლიდან 50 კილომეტრში სოფელ სტაროჰნატივკასთან თავს დაესხა სამთავრობო ძალებს. თუმცა, პრორუსი მებრძოლები ბრალდებებს უარყოფენ.
თებერვალში მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში დღემდე დაძაბული ვითარებაა. ამბოხებულები მარიუპოლის დაკავებას ცდილობენ, რომელიც სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და რომლის გავლითაც ამბოხებულები ყირიმთან დაკავშირებას შეძლებენ.