როგორ გადავარჩინოთ საყვარელი ქალი და შევუნარჩუნოთ სიცოცხლე - მეგრელას კრიმინალური კომედია

როგორ გადავარჩინოთ საყვარელი ქალი და შევუნარჩუნოთ სიცოცხლე - მეგრელას კრიმინალური კომედია

შევიტყვე, რომ მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი, იგივე მეგრელა, რომელსაც რამდენიმე ფილმიც აქვს გადაღებული ("იბრძოლე", "ტრაქტორი" და ინგლისურენოვანი ფილმი The Killers), "პალიტრა TV"-სთან ერთად, სრულმეტრაჟიან ფილმ "ზაზუნას" იღებს.

იმ დღეს ტელევიზიაში, სტუდიის წინ უზარმაზარი რიგიც იყო, ფილმში გადაღების მსურველები კასტინგზე მოსულიყვნენ. მე კი რეჟისორთან გასაუბრების სურვილი გამიჩნდა, თუმცა იქვე ვიფიქრე, კასტინგზეც შევალ-მეთქი. არა იმიტომ, რომ ფილმში მონაწილეობის ამბიცია მაქვს, უბრალოდ მაინტერესებდა, რას განიცდიან ფილმის კასტინგზე მისული ადამიანები, როდესაც კამერისა და რეჟისორის პირისპირ რჩებიან.

მოკლედ, კასტინგი გავიარე, რამაც ასეთი ემოცია დამიტოვა - იმ დავალების შესრულება, რაც მეგრელამ შემომთავაზა, კიდევ უკეთ შემეძლო. როდესაც ამის შესახებ მას ვუთხარი, ეგ უკვე მოწამვლას ნიშნავსო, - მითხრა... იმასაც გეტყვით, რომ კასტინგი გარდა საინტერესო პროცესისა, საკმაოდ რთულიც არის და ნამდვილი ოსტატობა სჭირდება, ამიტომ ჯობია, ყველამ თავის საქმე აკეთოს. თუმცა, თუ ფილმში ერთხელ მაინც სადმე გამოვჩნდები, არ დავმალავ და უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია, რადგანაც მიმაჩნია, რომ სხვებს უკეთ გამოსდით...

- გიორგი, ბევრი ადამიანი იყო კასტინგზე მოსული, რას უნდა ველოდოთ შენგან?

- ვიღებთ კომედიას. გვინდა, რომ ხალხი გავაცინოთ, გავაღიმოთ და ამისთვის შესაბამისი გასაღები მოვძებნოთ. შესაბამისი ფერები შევუხამოთ იმ სცენარს, რაც ჩაფიქრებული მაქვს, რომ სისრულეში მოვიყვანო. ხომ ხედავთ, უამრავი ხალხი იყო და ისევ მოვა, რადგანაც კიდევ გვექნება კასტინგი. მათგან საუკეთესო ნაწილი უნდა შევარჩიოთ... ფილმი ისეთი ფერადი უნდა გამოვიდეს, როგორც პალიტრის ფერები...

მართლა საინტერესო ადამიანები მოდიან, რამდენიმე მომეწონა კიდეც, არიან ბიჭებიც და გოგოებიც, მესიამოვნა, რომ მათ შორის თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც არიან.

- ფილმს "ზაზუნა" დაარქვით. რატომ?

- გვინდა, რომ ვიზუზუნოთ (იცინის). ეს ხუმრობით და რეალურად, ფილმში ზაზუნაც მონაწილეობს. საკმაოდ აჩქარებული ტემპი გვაქვს. ერთ კვირაში უნდა გადავიღოთ.

- სცენარის ავტორი ვინ არის?

- სცენარი ჩემია, ფილმსაც მე გადავიღებ და ვუდი ალენივით და ჩარლი ჩაპლინივით შეიძლება ერთი როლიც ვითამაშო. ვნახოთ, თუმცა ერთხელ იქნებ ვცადო და არ მოვხვდე კადრში. თუ დავიოკე ჩემი სურვილი, მაშინ კამერის მიღმა დავრჩები. მოკლედ, დაველოდოთ, ჩვენ ყველანაირად მოვინდომებთ და ენერგიას არ დავზოგავთ...

კიდევ ერთს ვიტყვი, ეს არის კრიმინალური კომედია. მეტს ვერაფერს დავამატებ. ამ ფილმის სცენარი დიდი ხანია მაქვს, უცებ არ გაჩენილა. სხვა სცენარიც მაქვს და ის მინდა, კინოცენტრში შევიტანო. ამჯერად კი მადლობა "პალიტრას", რომ შესაძლებლობას მაძლევს, მეხმარება იდეის განხორციელებაში. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ამ პროექტზე. აქამდე ყოველთვის მარტოს მიმუშავია, ახლა რადგანაც ერთობლივად უნდა შევქმნათ, ცოტას ვღელავ - გვერდით ამხელა კომპანია მიდგას და ეს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეა...

- ფილმი პერსონაჟებით დახუნძლული იქნება?

- კი, 20 პერსონაჟია. და როგორც უკვე გითხარით, მასში მონაწილეობა ზაზუნამაც უნდა მიიღოს. იქნებიან როგორც ქალბატონები, გოგონები, ასევე მამაკაცებიც. გენდერული თანასწორობა დაცულია. იმედი მაქვს ისეთი ადამიანები ითამაშებენ, რომლებიც სხვა სპეციალობისა და პროფესიისანი არიან და მათი ამ ფილმში გამოჩენა საინტერესო იქნება. თუნდაც თქვენით დაწყებული.

- დავალება, რომელიც მე კასტინგზე შევასრულე, მგონია, რომ კიდევ უკეთ შემეძლო, გამეკეთებინა.

- ჩათვალეთ, რომ თქვენ უკვე მოიწამლეთ (იღიმის)...

- ჰოდა, ამაში თქვენ ხართ დამნაშავე... ისე, რატომ კომედია, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში უამრავი პრობლემაა?

- სხვათა შორის, პრობლემებზე ფილმები უკვე გადაღებული მაქვს. ერთი მამათა და შვილთა დამოკიდებულებაზე იყო. თუმცა კომედია იმას არ ნიშნავს, რომ იქიდან დასკვნას ვერ გამოიტან... კომედიის ჟანრში უამრავი შედევრი შექმნილა.

- რა არის ამ ფილმის მთავრი გზავნილი?

- როგორ გადავარჩინოთ მეგობარი გოგო, საყვარელი ქალბატონი და შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, მაგრამ ფილმი არის ზაზუნაზე. რა კავშირშია საყვარელი გოგო და ზაზუნა ერთმანეთთან, ამას უკვე ფილმის გამოსვლის შედეგ შეიტყობს მაყურებელი.

მოკლედ, ამ შენობაში ცოტა ხანში (15 აგვისტოდან) ფილმის გადაღებას ვიწყებთ, ამისთვის გამოყენებული იქნება მისი სხვადასხვა ობიექტი, ვიწყებთ ვერანდიდან...

- სამუშაოს დაწყების წინ როგორი განწყობა გაქვს?

- ნებისმიერი რეჟისორი ამბობს, რომ მთავარია, საკუთარ თავში იყო დარწმუნებული, დარწმუნება მაქვს. ანდრეი კანჩალოვსკის ნათქვამის პერეფრაზს გავაკეთებ: პრემიერის წინ საკუთარ თავში საოცრად დარწმუნებული ხარ, მაგრამ პრემიერის დღეს მართლა ზაზუნასავით იმალები. როდესაც ხალხი შენს ფილმს უყურებს და ფიქრობ, რას იტყვიან. არადა, მანამდე გგონია, რომ ღრუბლებს მოწყვეტ. მოკლედ, მთავარია, რომ ხალხმა გაღიაროს, თორემ პრემიერამდე თავაწეული და ამაყი მეგრელა ვიქნები.

- მოკლედ, ველოდებით ზაზუნას...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება