ყველაზე საშიში რადიკალი დაჯგუფებები რუსეთში, რომლებიც ეთნიკურად არარუსებს ხოცავენ

ყველაზე საშიში რადიკალი დაჯგუფებები რუსეთში, რომლებიც ეთნიკურად არარუსებს ხოცავენ

რუსეთში წლის დასაწყისიდან დღემდე რასისტულ ნიადაგზე 4 ადამიანი მოკლეს, 37 კი დაჭრეს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციისა და ანალიზის ცენტრი" იტყობინება, რომელიც რუსეთის დიდ ქალაქებში მსგავს ინციდენტებს სწავლობს. ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ გასული თვის განმავლობაში ოთხი ადამიანი გახდა რასისტულ ნიადაგზე თავდასხმის ობიექტი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, თუმცა, ყველა მათგანი სიკვდილს გადაურჩა.

მკვლევარების თქმით, ივლისი შედარებით მშვიდი იყო ულტრამემარჯვენეების აქტიურობის კუთხით. ნაციონალისტების ე.წ "რეიდების" რიცხვიც მცირე იყო. მხოლოდ სანკტ-პეტერბუგში ორი "რუსული წმენდის" შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი 4 ივლისს, "ლესნაიას" მეტროს გაჩერებაზე მოხდა, მეორე კი 18 ივლისს "ვლადიმირსკაიას" მეტროს გაჩერებასთან. მსგავსი რამდენიმე ინციდენტი მოხდა მოსკოვშიც, რომელშიც მოძრაობა "პამიატის" წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. თავდასხმის ობიექტების ეროვნებას არასამთავრობო ორგანიზაცია არ ასახელებს.

VIDEO | სასტიკი თავდასხმის კადრები: რუსი ნაციონალისტები კავკასიური გარეგნობის პირებს გაუსწორდნენ

ნაციონალიზმისა და რადიკალიზმის პრობლემა რუსეთში უკვე დიდი ხანია არსებობს. თავდასხმები რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე მსოფლიოში სიდიდით პირველ ქვეყანაში ახალი არაა. როდის დაიწყო მსგავსი მოძრაობები და როდის ჩამოყალიბდა პირველი დაჯგუფება რუსეთში?

რუსეთში რადიკალური ნაციონალისტური მოძრაობები სათავეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს. მსგავსი პირველი დაჯგუფება "შავი ასეული" იყო, რომლის წევრები ექსტრემისტული ქმედებებით გამოირჩეოდნენ და ხშირად მოხსენიებული არიან ქსენოფობებად და ანტისემიტებად. საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ "შავი ასეულის" წევრები უკრაინული ერის არსებობას უარყოფდნენ და უკრაინელებს რუსებად მიიჩნევდნენ.

რუსეთში რადიკალური ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური მოძრაობები განსაკუთრებით 1990-იან წლებში მომრავლდა. დღეს კი ათობით მსგავსი დაჯგუფება არსებობს. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი მხოლოდ რუსებისთვისაა და აქტიურად ებრძვიან სხვა ეროვნების ადამიანებს ქვეყანაში. კვლევების მიხედვით, ყველაზე ხშირად მათი მხრიდან ძალადობის ობიექტები შუააზიელები და კავკასიელები ხდებიან.

ხშირია ქართველებზე თავდასხმის ფაქტებიც. არსებობს მსგავსი შემთხვევების ფოტო და ვიდეოსამხილებიც. ასე მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, სანკტ-პეტერბურგი-მინსკის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში ნაციონალისტური შეხედულების მქონე რუსი ქართველს თავს დაესხა. ქართველმა მობილურზე ქართულად დაიწყო საუბარი, რამაც რუსი გააღიზიანა და დაიწყო ყვირილი, რომ "რუსეთში ავტობუსში რუსულად უნდა ისაუბრო" და რომ "ყველა, ვინც რუსი არაა, ეზიზღება". ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მანამდე ყოფილა უფრო მასშტაბური შემთხვევებიც. რამდენიმე წლის წინ მოსკოვის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ მეტროსადგურში რუსი ნაციონალისტები ქვეყნის ეთნიკურად არარუსებისგან "გაწმენდის" მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კავკასიური გარეგნობის მამაკაცებს სასტიკად გაუსწორდნენ. "მოკალით", "წინ, რუსებო", "რუსეთი რუსებისთვის" - სკანდირებდნენ ისინი. მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ მათ შესაჩერებლად ვერაფერი გააკეთა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიძახა.

VIDEO| "რუსულად ილაპარაკე რუსულ ავტობუსში" - სანკტ-პეტერბურგში ქართველს რუსი ნაციონალისტი დაესხა

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკაა, მაინც და მაინც, ხელი არ შეუშალოს ნაციონალისტური იდეების მქონე მოძრაობების და აქტივისტების ქმედებებს. თუმცა, არის რადიკალების გასამართლების შემთხვევებიც. არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციისა და ანალიზის ცენტრის" მონაცემებით, 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, სასამართლომ სულ 97 განაჩენი გამოიტანა 105 ადამიანის წინააღმდეგ ქსენოფობიის მუხლით.

რა მომავალი აქვს რადიკალურ და ნაციონალისტურ მოძრაობებს რუსეთში? ამაზე პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე რთულია, ვინაიდან მათი ქმედებების აღკვეთა რუსეთის მთავრობის პრიორიტეტს ჯერჯერობით არ წარმოადგენს.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა