"ჩემი ფოტო კინოაკადემიის სტენდზე ჰკიდია" - ქართველი, რომელსაც "ჰოლივუდში" მთავარი როლი ერგო

"ჩემი ფოტო კინოაკადემიის სტენდზე ჰკიდია" - ქართველი, რომელსაც "ჰოლივუდში" მთავარი როლი ერგო

ლელა ნინუა მოძრავი და აქტიური ადამიანია, პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ბევრი რამ გამოსდის. ბოლო დროს საკუთარი პოეზიით გააცნო საზოგადოებას თავი... შარშან, ზაფხულში "დისქავერის" გადამღებ ჯგუფს, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გიგანტური ადამიანის ნაკვალევზე გაჰყვა. ახლა თურმე ჰოლივუდის კინოაკადემიაში მისი ფოტო ჰოლივუდის მსახიობებთან ერთად გამოუკრავთ, რადგანაც ფილმში იღებენ.

ცხადია, ამ თემით ჩვენც დავინტერესდით.

- ჰოლივუდის ფილმში გიღებენ. ვინ არის რეჟისორი და როგორ მოხდა შენი მიწვევა?

- დაახლოებით ერთი წლის წინ, საფრანგეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერთან, ირაკლი ნასიძესთან ბექა სიხარულიძე გავიცანი (ჰოლივუდის 9 ფილმშია გადაღებული, ნიჭიერი და პოპულარული ადამიანია, ბევრი პროფესია აქვს)... არქეოლოგიაზე ვსაუბრობდით და გავიგე, რომ ნოველას - "ბაბუს მევალე" იღებდა. ჩემებურად როლზე წავიოცნებე, "გადაგიღებო", - მითხრა. მაშინ ეს ფრაზა, სიტყვის მასალა მეგონა, მაგრამ როცა გადაღებაზე დამირეკა, - მოდიო, - თბილისში არ ვიყავი. არ იდარდო, კარგ კინოში, კარგ როლზე მაინც დაგაკავებო. ასე დაიწყო ჩემი და კინოს ისტორია და ასევე, ჩემი და ბექას მეგობრობაც.

დიახ, კინოს ჰოლივუდის ჯგუფი იღებს, ტექნიკური მხარე მათია. ეს რეჟისორისთვის მეორე ფილმია, ხოლო ნოველამ - "ბაბუს მევალე" 7 ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი გახდა (სხვადასხვა ნომინაციაში). ბექა ამჟამად სრულმეტრაჟიან ფილმს იღებს.

- რა როლი გაქვს და გადაღებები როდის დაიწყება?

- თავიდან ექთანი ვიყავი, ახლა გაირკვა, რომ ექიმი ვარ, დამაწინაურეს (იღიმის). გადაღებები თებერვალში დაიწყება და 3 თვეში დასრულდება, როგორც რეჟისორმა მითხრა, მთელი ჯგუფი უკვე გაფრთხილებულია და ყველა მზადყოფნაშია. ოფიციალური მოწვევა მეც მომივიდა. ჩემი ფოტო, ჰოლივუდის ტრადიციის მიხედვით, კინოაკადემიის სტენდზე ჰკიდია, ფილმის სხვა ჰოლივუდის მსახიობებთან ერთად...

- რა მოლოდინი გაქვს?

- არ მაქვს უფლება, ფილმის ბიუჯეტი გავამხილო, თორემ თავადაც მიხვდებოდით, რომ საკმაოდ სერიოზულ კინოზეა ლაპარაკი. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც პროდუქტი ჰოლივუდს ეკუთვნის. "მთავარია ხალხს მოეწონოს, იყოს ისეთი ღირებული და ადამიანური სცენები, რომ როცა ახალგაზრდა ნახავს, მისთვის ადამიანური მორალი აღმატებით ხარისხში იყოს აღქმული, იდოს სული, რომელსაც ქართული ჰქვია, რაც მსოფლიოს ჩვენს ქვეყანას კიდევ სხვა კუთხით დაანახებს", - ასე ფიქრობს რეჟისორი.

იმის გამო, რომ ბექას პირველივე პროექტი წარმატებულია, ახალი ფილმის ყველა მონაწილე, ბუნებრივია, წარმატების მისაღწევად მზად ვართ. ამიტომ მხოლოდ წარმატების მოლოდინი არსებობს და შემდგომი უფრო გრანდიოზული გეგმები. ასეთი სტარტი კი იმედია, დიდი გზის კეთილი დასაწყისია... არ მინდა, დავაკონკრეტო, თუმცა მაქვს უფლება, გითხრათ, რომ არსებობს მონახაზი, ამის შემდგომ პროექტზეც, სადაც ასევე მოვიაზრები.

- მოკლედ, ეს შენი პირველი კინოროლი იქნება, ხომ?

- დიახ, პირველი კინოროლია. სწორად აღნიშნეთ, სწორედ კინოროლია და არა ეპიზოდური, ვნახოთ, საკუთარი თავის თამაში რამდენად გამიადვილდება და რატომ საკუთარი თავის: როცა რეჟისორს ვკითხე, გამიჭირდება თუ არა თამაში-მეთქი? მითხრა - "არა", რადგან გმირში შენი ხასიათია თავიდან ბოლომდეო. როლის გადათამაშების, ზედმეტობისა და არაბუნებრივი სახეების წინააღმდეგია, მარტივი და ბუნებრივი, რეალური სახეებია მისთვის მისაღები. ბექა წამზომით მუშაობს და გადასაღებ მოედანზეც საკმაოდ მომთხოვნია, შეცდომის დაშვების უფლებას, როგორც სხვებისგან ვიცი, საკუთარ თავსაც არ აძლევს.

- ასე გავიგე, რომ გადაღებამდე თითქოს ორი კვირის განმავლობაში მძიმე ავადმყოფებთან უნდა მოგიხდეს საავადმყოფოში ცხოვრება. ეს ფილმის მომავალი ეპიზოდია, თუ მანამდე, მისთვის საჭირო მოსამზადებელი პერიოდი?

- დეკემბრის დასაწყისში მოსამზადებელი სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდება და ფილმის გადაღებაც დაიწყება... გცოდნიათ დეტალები (იცინის), დიახ, "რამდენიმე კვირა უნდა ჩაგკეტო საავდმყოფოში", - მითხრა რეჟისორმა და რეალურად ავადმყოფებთან ცხოვრება მომიწევს.

- რეჟისორი ბექა სიხარულიძე გივი სიხარულიძის შვილია. მამასაც ხომ არ ათამაშებს ფილმში?

- ბექა ღირსეული, პროფესიონალი, გაკრიალებული სულის შემოქმედია. ამჩნევს სხვის ნიჭს და ამის აღიარება უხარია, საოცარი შვილია, ძმაა. მოულოდნელი და სასიამოვნო ისტორიები მის ირგვლივ ადამიანებს მუდმივად აქვთ, რაც თავად დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ახლახან მამა გახდა და პატარა გივი მოევლინა ქვეყანას. ახლა ორი გივი, ორი სიხარულიძე ახარებს მის გულს და ვულოცავ! ვულოცავ ასევე 7 ფესტივალის 8 ნომინაციაში გამარჯვებას. კინოაკადემიიდან ფესტივალების ჟიურის წევრადაც იყო მიწვეული და 2 ფესტივალი კიდევ წინ აქვს. ვუსურვებ გამარჯვებას და წარმატებას ყველგან და ყველაფერში. რაც შეეხება მის მამას, ეპატაჟურ - გივი სიხარულიძეს, რომელსაც მე "აწყვეტილ სიცოცხლეს" ვეძახი, ამას საიდულმოდ დავტოვებ, შვილისგან სიურპრიზებითაა განებივრებული...

- რა ერქმევა ფილმს?

- სახელწოდებაზე და ფინალზე არ საუბრობენ, მოქმედება საავადმყოფოში მიმდინარეობს, გადაღებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია დაგეგმილი, მათ შორის საქართველოშიც. რეჟისორი ფინალზე ამბობს, რომ ამას გადაღების დასრულებისას გაიგებთო.

- ახლა უშუალოდ შენ რომ დაგიბრუნდეთ. პოეტი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, მსახიობი, - რამდენი პროფესია შეიძლება შეითავსო?

- როცა მზემ ამოსვლა იჩქარა,/ რუსაც ოდნავ რომ აერია რელსი,/ მარტო დავრჩი და მაშინ,/ დაიწერა ლექსი... ის, რაც ვერ ვთქვი პროფესიაში, მათქმევინეს ლექსში, რაღაც პიკანტური, პირადული... მერე მომეწონა, ისტორია შეეხო სხვასაც და ამიტომაც დამექვა პოეტი... ლექსი ვის არ დაუწერია, მაგრამ როცა მითხრეს, ფილიგრანული პოეზია გაქვსო, გამიხარდა და წერას ვაგრძელებ. ჟურნალისტობა ჩემი ბავშვობის ახირებაა, მასთან შეამხანაგებულ წლებზე ახლა და აქ, საუბარს არ ვაპირებ; ტელეწამყვანობა კი სულ სხვაა, ზღვაა, სარკეა, გადაწეული ფარდაა; მსახიობობის კი, რა გითხრათ, - ეს უკვე გამოწვევაა.

ამ ჩამოთვლილთაგან პროფესია ერთია, თუმცა ისიც ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა, ასეა ლექსიც. ყველაფერი რასაც ვაკეთებ, ალბათ ის არის, რომ გზას ვაძლევ იმ ყველა უნარს, რაც კი შეიძლება ჩემში იყოს. საქრთველოში ჟურნალისტები კი არა, მეფეებიც კი იყვნენ პოეტები. პოეტები იყვნენ მეფეებიც და უპოვარი მდაბიონიც. ეს უკანასკნელნი კი უფრო მეტ სიმდიდრეს ტოვებდნენ, გააჩნია ღვთისგან ვის როგორი ნიჭი დაჰყვება, მე ჩემსას ვამზეურებ, თუ აქედან რამე დარჩება, ჩავთვლი, რომ ღმერთმა დამაჯილდოვა. პროფესია კი ცხოვრების წესია, ერთგვარი რეჟიმია, საქმეა, რითაც ვარ დაკავებული. მსახიობობაში ერთად ვნახავთ, რა გამოვა, სურვილები, იდეები, მოლოდინები არსებობს, მაგრამ შედეგს ვერავის დავუმალავ, შემფასებელი ქვეყანაა, ამიტომ ბუნებრივია, ვღელავ, თუ ლექსზე ვიტყვი - ასე ვხედავ და ასე ვწერ, ჩემს შესრულებულ როლზე იქნება დამოკიდებული ამ მიმართულებით ვივარგებ თუ არა. ეს ხომ პირველია, დაველოდოთ, ჯერ ვერ დავირქმევ მსახიობს.

- რას ნიშნავს პარალელურად ამდენი საქმის კეთება შენთვის?

- კარგი კითხვაა, დაღლასა და აზარტს. ეს მოკლედ, ისე, არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგრამ ვგრძნობ, რომ დინამიკაში პულსის აჩქარებაა, დროსთან ერთად, ჩემთვის უფრო საინტერესოა, მუხტია. დიდი პაუზები კალაპოტიდან მაგდებს, მანარცხებს. მივხვდი, რომ ბევრი ვარ, თუმცა ამავე დროს ერთიც. ცეზარი ვერ ვიქნები, მაგრამ ჯერჯერობით ვახერხებ და ყველაფერს ვასწრებ. დღე ეკრანზე, ღამე ლექსებთან, კვირის ბოლოს გადასაღებ მოედანზე, რეჟისორთან და რა თქმა უნდა, ჩემ როლთან, ჩემი გმირით ცხოვრებას უნდა მივეჩვიო, როლს ვხვეწავ. ერთი როლისთვის, ექიმის თვისებებს ვიმუშავებ, აქაც არის ურთიერთგამომირიცხავი სივრცე, - ერთი ადამიანის გაწირვისა და მეორე ადამიანის გადარჩენის...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება