ბორის ნემცოვის მკვლელობის მოტივი ცნობილია - რუსი ოპოზიციონერის სიკვდილის მიზეზი ჟურნალ ”შარლი ებდოს” კარიკატურისტების მხარდაჭერის გამო შურისძიება გახდა. გამოძიების ვერსია ეყრდნობა დაკავებული ეჭვმიტანილების ზაურ დადაევისა და ანზორ გუბაშევის პირველად ჩვენებებს, რომლებმაც ნემცოვის მკვლელობა პირადი ზიზღით ახსნეს. შესაბამისად, საქმე გადაკვალიფიცირდება ”დაქირავებული მკვლელობიდან” ”მკვლელობად პოლიტიკური, იდეოლოგიური, რასობრივი, ნაციონალური ან რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე”. საქმესთან დაკავშირებით ხუთი ადამიანია დაკავებული.
გამოცემა ”კომერსანტის” ანონიმური წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავ ორგანოებში ფიქრობენ, რომ დაკავებულები შეიძლება იყვნენ როგორც შემკვეთები, ისე მკვლელობის აღმსრულებლები. ეჭვმიტანილების წინააღმდეგ საკმარისი ნივთმტკიცებები არსებობს, მათ შორისაა ექსპერტიზის შედეგები, ვიდეოჩანაწერი და ჯარიმები, რომლებიც ეჭვმიტანილებმა ნემცოვის სახლის სიახლოვეს უკანონო პარკირების გამო მიიღეს.
გამოძიება საქმის წლის ბოლომდე დასრულებას გეგმავს, რათა მისი განხილვა შემდეგი წლიდან მოსკოვის სამხედრო სასამართლომ დაიწყოს. დაკავებულების დანაშულის მტკიცებულებად ითვლება სავარაუდო მკვლელის, დადაევისა და მისი ადგილზე მიმყვანის, ანზორ გუბაშევის აღიარებითი ჩვენებები. მართალია, ეჭვმიტანილებმა უკვე უარყვეს თავიანთი ჩვენებები და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, მაგრამ ძალოვნები ფიქრობენ, რომ მათ დანაშულს სასამართლოში მარტივად დაამტკიცებენ.