რუსეთმა სირიის ერთ-ერთ ავიაბაზაზე შვიდი ტანკი განათავსა. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, აშშ-ის მთავრობის წევრები იტყობინებიან. მათივე ცნობით, ჯერ უცნობია, თუ რა მიზნებს ემსახურება რუსეთის მიერ სამხედრო ტექნიკის განთავსების ბოლო შემთხვევა სირიაში.
"ჩვენ ადამიანების და ტექნიკის გადაადგილება შევნიშნეთ. როგორც მივხვდით ისინი ქალაქ ლატაკიას სამხრეთით მდებარე ბაზის გამოყენებას გეგმავენ", - განაცხადეს პენტაგონში. ბოლო პერიოდში მოსკოვის მიერ სირიაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნის შესახებ არაერთი ცნობა გავრცელდა. დასავლეთი მოსკოვს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერისგან, ვინაიდან ამით ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
რუსეთის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ისინი უკანონოს არაფერს აკეთებენ და მათ მიერ სირიაში გაგზავნილი სამხედრო აღჭურვილობა ამ დრომდე გაფორმებული კონტრაქტების და საერთაშორისო შეთანხმებების პირობების შესაბამისია.