რუსეთის სირიული ვნებები: რა ფარული გეგმები ამოძრავებს პუტინს

რუსეთის სირიული ვნებები: რა ფარული გეგმები ამოძრავებს პუტინს

რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიაიერიში უკვე განახორციელა. მიუხედავად ოფიციალური მოსკოვის განცხადებისა, რომ ქვეყნის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა წერტილოვანი დარტყმები დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე მიიტანეს, დასავლური მედიის ცნობით, რუსეთი სირიაში საჰაერო შეტევებს ახორციელებს არა ISIS-ის, არამედ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ოპოზიციის წინააღმდეგ.

იგივე მოსაზრება აქვს კავკასიოლოგ ალეკო კვახაძესაც. AMBEBI.GE-სთან საუბარში კვახაძე ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვი სირიაში სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთვება, თუმცა განაგრძობს საჰერო ავიაიერიშებს ასადის რეჟიმის ოპოზიციის წინააღმდეგ იქამდე, სანამ ბაშარ ალ-ასადი სირიაში საკუთარ კონტროლს არ დაამყარებს.

- რუსეთის ავიაციამ საჰაერო დარტყმები ჰომსის პროვინციის ზოგიერთ დასახლებულ პუნქტზე განახორციელა, იქ, სადაც ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე მებრძოლები იყვნენ გამაგრებულნი. რუსული მხარის მიერ გავრცელებული ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს იყო "ხალიჩისებური" დაბომბვა, რომელსაც რუსეთი ხშირად იყენებდა ჯერ ავღანეთის, შემდეგ ჩეჩნეთის და ნაწილობრივ გამოიყენა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში. მართალია რუსეთი აცხადებს, რომ დარტყმები "ისლამურ სახელმწიფოს" მიაყენეს, მაგრამ რეალურად იმ მიდამოებში, რომელიც დაბომბეს, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები არ იმყოფებიან, იქ სხვადასხვა სირიული ოპოზიციური დაჯგუფების მებრძოლები არიან.

- როგორ ფიქრობთ, ჩაერთვება თუ არა რუსეთი სახმელეთო ოპერაციაში?

- არა, რადგან სახმელეთო ოპერაციაში ჩართვა ნიშნავს, ყოველ კვირას სულ ცოტა ათ გარდაცვლილ მებრძოლს, რაც რუსული საზოგადოებაზე ძალიან მტკივნეულად მოქმედებს, ამიტომაც რუსეთი ამ ეტაპზე სირიაში უშუალო კონტიგენტის გაგზავნას მოერიდება, ანუ არ დაიწყებს სახმელეთო ოპერაციებს, მაგრამ განახორციელებს საჰაერო ავიაიერიშებს, ხოლო სახმელეთო ოპერაციებს უშუალოდ ასადის მიერ კონტროლირებად შეიარაღებულ ძალებს მიანდობს.

- ამ ეტაპზე რუსეთს რა გეგმები აქვს?

- რუსეთისთვის ახლა პროგრამა მინიმუმი არის ასადის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის, ანუ ზღვისპირა ტერიტორიების - ლატაკიის და სხვა პროვინციების შენარჩუნება. ასევე გავრცელდა ასეთი ხმები, რომ ტარტუსში მდებარეობს რუსეთის საზღვაო ფლოტის მომსახურების ცენტრი, რომელიც არ არის სრულფასოვანი ბაზა და არის უბრალოდ რუსული სამხედრო გემებისთვის საწვავის გამოცვლის და სხვა ასეთი ფუნქციების მქონე ცენტრი. რუსეთი მიზნად ისახავს ამ ცენტრის უკვე სრულყოფილ საზღვაო-საჰაერო ბაზად გარდაქმნას, სირიაში ასეთი ბაზა მათ "ცივი ომის" დროსაც კი არ ჰქონიათ.

ამ ბაზის განთავსების შემთხვევაში, ნატო-ს წევრი ქვეყნისგან - თურქეთისგან, ასევე ხმელთაშუა ზღვის აკვატორიიდან რუსეთი უკვე ძალიან ახლოს იქნება და დიდი ტერიტორიების გაკონტროლება შეეძლება. მათი უახლოესი მიზანი სწორედ ეს არის, ხოლო შემდგომი მიზანი სირიის მთლიანად ასადის კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებაა. უკვე გაიჟღერა კიდეც ინფორმაციამ გარდამავლი მთავრობის შესახებ, სადაც მნიშვნელოვანი ასადის როლი უნდა იყოს - ასეთია ამ ეტაპზე რუსეთის პოზიცია.

- რუსეთის ქმედებების გამო უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონმაც, ვლადიმირ პუტინის ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, სადაც კონფლიქტის დარეგულირებაზე ისაუბრეს, რუსეთმა პირიქით, სირიაში ავიაიერიშები დაიწყო..

- რუსეთმა განახორციელა არა მარტო საჰაერო შეტევა, მას ამერიკული ავიაციისთვის სირიის საჰაერო სივრცის დახურვა სურს და რომ ყოფილიყო იმის მცირე რისკიც, რომ ნატო-ს ჯარები ბრძოლაში ჩაერთვებოდნენ, რუსეთი სირიის ქალაქებზე საავიაციო დარტყმებს არ მიიტანდა, ანუ მათ სრული გარანტია აქვთ, რომ იქ დასავლეთი არ ჩაერთვება.

რაც შეეხება ზოგადად რუსეთის სირიის მოვლენებში მონაწილეობას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსებს დაგეგმილი ნოვოროსიისკის პროექტი ჩაუვარდათ, რომელიც გულისხმობდა დონბასის მთლიანად გაკონტროლებას და ნიკოლაევის, ხერსონისა და ოდესის ოლქების ხელში აღებას, ეს რუსეთმა ვერ შეძლო, ამიტომ ახლა მოკლევადიანი და გამარჯვების მომტანი ომი შიდა პიარისთვის სჭირდება, ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი სირიის კონფლიქტია, სადაც რუსეთი შიდა ბაზარზე წარმოაჩენს, როგორც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას.

- არის თუ არა რუსეთის ქმედებები უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამხედრო?

- რა თქმა უნდა, პოლიტიკურიც არის. მას პირველ რიგში, მისი მოკავშირე ასადის თანამდებობაზე შენარჩუნება და გაძლიერება სურს, ამასთანავე მუშაობს შიდა აუდიტორიაზეც. რაც შეეხება სამხედრო ქმედებას, იმ ფონზე, როცა ოპოზიციის ძალები სულ უფრო უახლოვდებიან ლატაკიას და ზღვისპირა ტერიტორიებს, ბუნებრივია რუსეთი ავიადარტყმებით შეეცდება ასადის პოზიციის გაძლიერებას და შემდგომ მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გაფართოებას.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა