"მის ჩინეთი 2015"-ის საკონკურსო შოუზე, ჩინეთში ქართველები იცეკვებენ

"მის ჩინეთი 2015"-ის საკონკურსო შოუზე, ჩინეთში ქართველები იცეკვებენ

17 ოქტომბერს ჩინეთში, კერძოდ, ზუჰაიში "მის ჩინეთის" კონკურსზე, მონაწილეობას აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი მიიღებს. ამ კონკურსის ნახევარფინალი საქართველოში გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას ჩინური სატელიტური ტელევიზია "Phoenix TV" მართავს, რომლის შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოში დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად სექტემბერში იმყოფებოდა.

მაია ღუღუნიშვილი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:

- ჩინურმა ტელევიზიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ აქ იმყოფებდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკურსანტების მონაწილეობით, დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს "მის ჩინეთის" მსვლელობისას იხილავს. ფილმის ავტორებს სურვილი ჰქონდათ, საქართველოს ღირსშესანიშნაობები მაქსიმალურად წარმოეჩინათ და მათ შორის, ეროვნული ფოლკლორიც. ამაში გადამღებ ჯგუფს დახმარებას აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (ხელმძღვანელი - დათო ცინცაძე) უწევდა, - ქართველმა მოცეკვავეებმა ჩინელ ლამაზმანებთან ერთად, ქართული ტრადიციული ცეკვების პოპური შეასრულეს.

ამიტომ, ახლა "მის ჩინეთის" ორგანიზატორების მიწვევით, ანსამბლი საკონკურსო ცერემონიაზე იცეკვებს. დასის 16-კაციანი ჯგუფი ჩინეთში 13 ოქტომბერს გაემგზავრება. როგორც გითხარით, ტელევიზიას, რომელიც ამ ყველაფერს მართავს, გააჩნია ექვსი არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

ასე რომ, ჩვენს მოცეკვავეებსა და ქართულ ხელოვნებას უამრავი ადამიანი იხილავს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება