ძალიან მართალი, მტკივნეული და საჭირო: გოდერძი ჩოხელი სცენაზე პირველად დაიდგა - ახმეტელის თეატრის წარმატება

ძალიან მართალი, მტკივნეული და საჭირო: გოდერძი ჩოხელი სცენაზე პირველად დაიდგა - ახმეტელის თეატრის წარმატება

ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი, ამ ქვეყნად მოსვლის მიზეზზე ჩაფიქრებული გოდერძი ჩოხელი ქართულ თეატრში პირველად დაიდგა. ეს ახმეტელის თეატრში მოხდა, რაც წარმატებულად შეძლო მთელმა დასმა და რა თქმა უნდა, მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგიამ, რომელიც თავადვეა წარმოდგენის - "ბედისწერის თეატრის" რეჟისორი.

მწერალი გუდამაყრიდან ხედავს სამყაროს და გვესაუბრება იმ ფასეულობებზე, რომელთა გარეშეც ადამიანის არსებობა ძნელია. ღირსება, სიკეთე, რწმენა, სიყვარული, ერთგულება, გულწრფელობა თან სდევს ბედისწერის ამ თეატრში მოფუსფუსე პერსონაჟთა ცხოვრებას. ეს სპექტაკლი ქართულ თეატრში პირველი მცდელობაა, მიუახლოვდეთ გოდერძი ჩოხელის სულიერ სამყაროს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დაბადებულ მშვენიერსა და ამაღლებულ მის შემოქმედებას.

ირაკლი გოგია:

- საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ. გოდერძის ნებისმიერი ნოველა შექმნილია კინოსთვის. საერთოდ, გენიალურ ფილმებს იღებდა, ოღონდ, საკუთარი ნამუშევრები არასდროს გაუსცენიურებია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შესთავაზეს კიდეც.

- ახლა ხომ არ გაბრაზდებოდა იმაზე, რომ ეს ნამუშევრები სცენაზე ენახა?

- მუშაობა და ინსცენირებაზე ფიქრი ოჯახის წევრებთან შეთანხმებით დავიწყეთ და საქმეში საბა მეტრეველიც ჩავრთეთ, რომელიც უკვე სპექტაკლის ინსცენირების ავტორი გახლავთ. გოდერძის, მეუღლეზე უკეთ და ახლოს არავინ იცნობდა, ამიტომ ჩვენთვის ყველაზე დიდი შეფასება ის იყო, რომ პირველ პრემიერაზე მან მადლობა გადაგვიხადა. დარბაზში მეუღლისა და შვილების გარდა, ყველა გოდერძის ახლობელი, მეგობარი, ნათესავი იჯდა, ვისგანაც ასევე დადებითი შეფასებები მოვისმინეთ.

როცა აკეთებ, მუშაობ, მაინც სუბიექტური ხარ, მაგრამ როდესაც მწერლის მეუღლე, შვილი, უახლოესი მეგობარი გეტყვის, რომ ეს ის არის, რისი თქმაც გოდერძის უნდოდა, ამ სპექტაკლით ის გაგვიცოცხლეთ, სცენიდან სწორედ გოდერძი გველაპარაკებოდაო, - ჩვენი შრომის შემდგომ ამაზე დიდი საჩუქარი რა შეიძლებოდა იყოს?

დიდი მწერალია, მაგრამ დაუფასებელი... კარგია, რომ დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ თეატრის სცენა მაინც დაეთმოს მის ნამუშევრებს, რადგანაც თეატრიც ხომ ქვეყნის შენებაში, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში გარკვეულ როლს თამაშობს? ანუ ვაგრძელებთ იმ ტრადიციებს, რაც ჩვენმა თეატრალურმა წინაპრებმა დაგვიტოვეს.

- რა ნიშნით გამოყავით მწერლის ნამუშევრები?

- გამოვარჩიეთ ის ნამუშევრები, რომლებიც კინოში არ არის ცნობილი, თუმცა რამდენიმეს ვერ გაექცევი, რადგანაც მისი შემოქმედების ღერძი და ცენტრია. ყველაფერი კი ისე შევკარით, რომ სანახაობაც ყოფილიყო. საერთოდ, როცა დიდ ლიტერატურას დგამ, რთულია, სტატიურობა და ლიტერატურა სულ გეჭიდავება... მოკლედ, ავიღე მკითხველისთვის შედარებით უცნობი ნაწარმოებები და "ბედისწერის თეატრი", რომლის მიხედივითაც ავაწყე.

- მუსიკა ძალიან უხდება, რაშიც დასის პოტენციალია მთლიანად გამოყენებული.

- გასაფორმებლად ქართული ხალხური მუსიკა გამოვიყენეთ და ის პოტენციალი, რაც ჩვენს დასს მართლაც აქვს, დასმა ბოლომდე შეძლო! მოკლედ, მაყურებელს დაანახვა, რომ ახმეტელის თეატრი დღეს ფეხზე დგას.

ბექნუ ქაფიანიძე, მსახიობი:

- სპექტაკლში მე მწერალი ვარ, რომელიც გოდერძის მოსაზრებას ატარებს. ზოგადად საპასუხისმგებლო სამუშაო იყო და ვნერვიულობდი. ჩემთვის ძალიან ახლობელია გოდერძი ჩოხელი, ასევე მისი ოჯახი, შვილები, - ერთად გარზდილები ვართ, არაჩეულებრივი ურთიერთობა მაქვს მათთან, ამიტომ ვღელავდი. არ ვიცოდი, როგორი ნამუშევარი გამოვიდოდა. მაგრამ ეს ნერვიულობა რაღაცნაირად გადავიტანე მას მერე, რაც ვნახე ადამიანების სახეები, რომლებსაც ნამუშევარი მოეწონათ. მუშაობა იმანაც გამიადვილა, რომ მისი ნაწარმოებები ჩემთვის ძალიან მშობლიური და ახლობელია. სასიამოვნოა, რომ მათი გაცოცხლება სწორედ ჩვენს სცენაზე მოხდა.

ირაკლი კაკბაძე, პუბლიცისტი:

- ჩემთვის დიდი და მნიშვნელოვანი დღეა. გოდერძი ჩოხელი გენიოსი იყო, რომელიც სიცოცხლეში სათანადოდ ვერ დავაფასეთ. ახლა ამ არტისტებმა და თეტრალურმა ჯგუფმა ირაკლი გოგიას თაოსნობით, მისმა არაჩვეულებრივმა დასმა მაყურებელი ისე "აგვიყვანა", რომ ეს ჩემთვის ნამდვილი საოცრება იყო. ფინალიც განსაკუთრებული იყო, ძალიან მართალი, ძალიან მტკივნეული და ძალიან საჭირო... აუცილებელია, რომ ეს გრძნობები გვქონდეს იმისთვის, რომ კათარზისი მოხდეს. ადამიანები მეტად ადამიანები გავხდეთ...

გია ჯაფარიძე, მსახიობი, ბათარეკას როლის შემსრულებელი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი:

- ძალიან საინტერესო და დიდი მწერალია გოდერძი ჩოხელი. მასთან ყველანაირი შეხება საინტერესოა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თეატრის სცენაზე პირველად გამოგაქვს მაყურელის სამსჯავროზე. მაყურებელმა არა მარტო კინოდან, წიგნიდან, პირდაპირ ცოცხალი შესრულებით, სცენაზე უნდა ნახოს მისი სამყარო. მოკლედ, ძალიან საინტერესო სამუშაო იყო.

ეს როლი, რაღაცნაირად ჩემთვის ისეა, როგორც ვაჟა-ფშაველას სული გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში.

- როგორ უთავსებდით რეპეტიციებს დეპუტატობას?

- ძნელია, მაგრამ თეატრმა მოინდომა და მეც მინდოდა, გოდერძის პირველ სცენიურ გათამაშებაში მონაწილეობა მიმეღო და რაღაცნაირად მოვახერხე... მგონი, სერიოზული სპექტაკლი გამოვიდა, ძალიან მომწონს, რაღაც გულიანია.

გვანცა კანდელაკი, მსახიობი, ანგელოზის როლის შემსრულებელი:

- ეს ნამუშევარი სისხლი, ხორცი, სული და გულია... თან, როცა პირველად ხდება იმ მწერლის გასცენიურება, რომელსაც ყველაფერი კინოკადრებად აქვს დაწერილი, სამუშაო რთულდება... მისი ფილმებიც იმდენად დიდია თავისი შინაარსით, ხედვით, რომ მათ შემდეგ ძნელია, დადგა სპექტაკლი ისე, რომ მსგავსება კინოსთან არ მოხდეს, მოკლედ, დიდი პასუხისმგებლობა იყო...

- მთავარი როლი გაქვთ, რომელსაც პერსონაჟები აიდიალებენ. რა არის ეს როლი თქვენთვის?

- გოდერძის ნაწარმოებებში, რატომღაც მგონია, რომ უბრალო და ჩვეულებრივ ადამიანებში ნაჩვენებია ყველაზე დიდი ჭეშმარიტება, რომ ეს ყველაფერი მარტივია. ამას არა მარტო პერსონაჟებს ათქმევინებს, მათ ამას აჩვენებს კიდეც. ჩემი პერსონაჟი სოფელში შემთხვევით მოხვედრილი გოგოა, რომელსაც ანგელოზობა მიაწერეს, დიდი ტვირთი ისე აჰკიდეს, რომ არაფერი ჰკითხეს. ჩვენთან ასეთი გაიდიალება ყოველთვის ხდებოდა და ხდება. ადამიანები ვიღაც ერთისგან მოელიან შვებას, დახმარებას. ჩემი სურვილი იყო, მეთქვა, გააკეთეთ თქვენით, ნუ დაელოდებით ღმერთს, ანგელოზს, მესიას, ადამიანს, რომელიც გიშველით. არავინ გიშველით, თავად უნდა შექმნათ, მოიპოვოთ იმედი, რომელიც არსებობს. დიახ, ღმერთის თითო მარცვალი ხომ ყველაშია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავად შევქმნათ. ნუ დაველოდებით სხვებს, ყველაფერი ჩვენით შევქმნათ. სწორედ ეს იყო ჩემი პერსონაჟის სათქმელიც და ალბათ, გოდერძისაც და საერთოდ, მთელი სპექტაკლისაც.

ლალი ფაცია

ამბები.გე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება